მე - მოჭადრაკე
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
Margarita Tandashvili
ნინო დარბაისელი
მე - მოჭადრაკე
აღარ მახსოვს, ეს ამბავი თქვენთვის მომიყოლია თუ არა. ახლო მეგობრებისთვის კი, ცხადია, მილიონჯერ მექნება ნათქვამი.
მოწაფეობისას ჭადრაკს ვთამაშობდი. სიმართლე რომ ვთქვა, სპორტის სხვა სახეობებში მე დიდად ვერ გამოვდგებოდი, ზანტი და მოუქნელი ბავშვი ვიყავი, ჩემი ტყუპისცალი დისგან ანასგან სრულიად საპირისპიროდ და რაკი ასარჩევი იყო, პირველ სექტემბერს ფიზკულტურის მასწავლებელმა რომ გვკითხა სათითაოდ, სპორტის რა სახეობა გირჩევნიაო, ჭადრაკის მეტს რას ავირჩევდი!
თან ოჯახში ჭადრაკის ნამდვილი კულტი გვქონდა. რამდენიმე ჭადრაკის დაფა, დიდი, საშუალო და პატარა - მაგიდებიდან აუღებლად. დღე და ღამე იყო გახურებული თამაშები და პარტიების გარჩევები, როგორც მაშინდელი თბილისური ოჯახების უმრავლესობაში; ჰა და ჰა, ხანდახან ნარდით თუ ჩაანაცვლებდნენ კაცები, ჭადრაკის არმცოდნე ვინმე სტუმრის ხათრით.
ნარდს რა უნდა, გააგორე, დასვი და ეგ არის!
არა, რა! გენეტიკას რომ მაინც დიდი როლი აქვს ჩვენს პიროვნულ გადაწყვეტილებებში, ცოცხალი მაგალითიც აქაა!
ბებიაჩემ ნინა ჟორჟოლაძეს, (აი, იმას, დედაჩემის მხრიდან რომ იყო, ტკბილზე ტკბილი და მეორე - ანიკო ბებიისაგან განსხვავებით, უწესრიგოზე უწესრიგო, ანუ უსაყვარლესი), ექიმმა ურჩია, სპორტის რამე სახეობით დაკავდით, ბუნებაში მეტი დრო გაატარეთო და ნინამაც იფიქრა, იფიქრა, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა და აირჩია … თევზაობა.
კარგია თევზაობა!
ზიხარ დილაუთენიიდან მთელი დღე კოხტად, ბუნებაში, ლისის ან ლაგოდეხის ტბის, ან ოკრიბაში - მდინარის პირად, ანკესზე წამოცმული ჭიაყელით და “პამპლაუქს” მიჩერებული მოთმინებით ელი, როდის ჩაკრავს თევზი, რომ იმარჯვო და ამოაგდო!
აბა, ოჯახს ფოსფორი ხომ სჭირდება, თევზით ხომ უნდა მოამარაგო!
თან კარგი ჯინსის შარვალიც გაცვია, პოლონეთიდან შვილის დაქალის - ცისანა მინდიაშვილის მიერ საჩუქრად ჩამოტანილი, თან რომ დააყოლა, შენს შარვალს ნახევარი ჩემოდანი არ ეყოო…
თან ფიქრობ შენთვის, აღმოჩენებიც რომ მალ-მალე გამოგდის!
კარგია, თუ გვერდით ზოგჯერ შვილიშვილი გიზის და შეგიძლია გაუზიარო.
აღმოჩენა არ დაიკარგება!
მაგალითად ასეთი:
- ბებია, აღმოჩენა მაქ თლათ ახალი. ერთ ღერ პაპიროსს რომ მოწევ, ბიჩოკამდე მანამ ჩახვალ, იმაზე მეორე კი აღარ უნდა მოუკიდო! უნდა ჩააქრო, გეიხედ - გამეიხედო, ამეისუნთქო, თუ ვინცხაა ახლო მახლოში, დეელაპარაკო პაწახანს და მერე უნდა მოუკიდო მეორეს. გუშინ მთელი დღე ვქენი ასე და ორ პაჩკა პრიმამდე ჩამევედი!”
ნინა ბაბო ნათელში იყოს და ჩვენ ისევ ჩემს სახელგანთქმულ მოჭადრაკეობას დავუბრუნდეთ!
არცერთ გაკვეთილს არ ვაცდენდი, იმდენი ვიმეცადინე, იმდენი, რომ სკოლა რაიონის პირველობაზე რომ გავიდა, მეც გამიყვანეს.
სულ თორმეტნი ვიყავით.
დავიწყე თამაში - წავაგე,
კიდევ დავიწყე - კიდევ წავაგე.
ჩემზე უარესი კიდევ იყო იქ ერთი. ბოლოს ორივეს თითო მეფეღა გვყავდა დარჩენილი, მაგრამ დავდიოდით დაფაზე არცერთი არ ვნებდებოდით. ბოლოს ვიღაც მადლიან უფროსს შევეცოდეთ, თქვენ ორივენი, როგორი შემტევი სტილისანი შეხვდით ერთმანეთს, დაუმარცხებლები! გეყოფათ ახლა, ყაიმზე შეთანხმდითო და როგორც წესი და რიგია, თამაშის ბოლოს ერთმანეთს ხელიც ჩამოვართვით.
ტურნირი სამ დღეს გრძელდებოდა სადღაც, საბურთალოს ბაზართან სკოლაში და ბედი არ გინდა, მესამე დასკვნითი თამაშების წინა ღამეს სიცხე მომცა.
ეტყობა გავცივდი. მაგრამ საქმეს ხომ არ ეღალატება..
ჰო, არ დამავიწყდეს, ეს ის დროა, ჩიბურდანიძე უკვე პარტიას პარტიაზე რომ იგებს.
გამოვაცხადე ოჯახში. რომ მოვკვდე, უნდა წავიდე-მეთქი.
შემომიგზავნეს საძინებელში ნდობით აღჭურვილი პირი - პაპაჩემი გოგია და კახურად, დინჯად მეუბნება:
- შვილო, აბა, დაფიქრდი, სად უნდა წახვიდე ეგეთი სიცხიანი, სულ თორმეტნი ხართ, ბოლო დღეა. ზემოთ შენ ეხლა ვერ ახვალ და ცხრილში კიდე შენ ქვემოთ აღარავინაა. დარჩი შინ , მოშუშდი და აქ არა ვართ?! უკეთეს დროს დაველოდოთ.
მის სიტყვებზე თითქოს ქუფრი ცა გამეხსნა და შუქი შემოიჭრა:
- ხო იცი, პაპი, როგორც მიყვარხარ და თბილად ჩავიცმევ და ზუსტად შენ წამიყვან ტაქსით ტურნირზე.
წავედით და კიდევ კარგი, ლოგიკას თუ არ დაემორჩილები, რაღაც როცა ძალიან გინდა, ცოტა წარმატება იმ საქმეში არ აგცდება.
ტურნირის ბოლოს ცნობილი მოჭადრაკეები გვყავდა სტუმრად, დამჯილდოვებლებად.
მეც მომცეს ჯილდო, როგორც მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილზე გასულს - ჟურნალ “64 -ის” ბოლო ნომერი. სამახსოვრო წარწერით, ბეჭდით, სტუმრების ავტოგრაფებით!
დიდხანს ვუფრთხილდებოდი,
მერე სადღაც მიმეკარგა!
ჭადრაკისადმი სიყვარული კი არასოდეს გამნელებია.
ერთხელ ერთმა მეგობარმა მითხრა:
შენნაირი უნიკალური ვინმე არ შემხვედრია, ჭადრაკზე - ამდენი იცოდეს და თამაში - არაო.
პრინციპში, ყველაფერში ეგრე არა ვარ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი