გიტარა, თანაც ბანტიანი


#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნინო დარბაისელი

გიტარა, თანაც ბანტიანი

დღეს ქალი პაპიროსით და ჯინსით - ვის უკვირს და მაშინ -   ასეთი - ბებიაჩემი   ნინა მგონი,  ერთადერთი იყო. 
    უი, რა გამახსენდა.  ერთ-ერთ ჟორჟოლაძესთან, მგონი გოგისთან  სუფრაზე მივდივართ, ჩვენ ხომ გადამყიდველებში დავრბივართ, რომ რამე განსაკუთრებული ვიშოვოთ ჩვენთვის და ნინას სასწრაფოდ  შევუკერეთ სპეციალური, ლურჯყვავილებიანი, “სერცეგულიანი” კაბა, დავუქუჩქუჩეთ ახლად შეღებილი თმები,  გავუკეთეთ მანიკურ-პედიკური, პუდრა და წითელი ღაჟღაჟა პომადაც წავუსვით,  თხელი ჩულქები და ახალი ,ფრანცუსკებიც” ჩავაცვით.   
მოკლედ, მთელი ოჯახი ვართ ჩართული მის გალამაზებაში.
  ჰო, ფრანგული დუხიც  დავასხით  და პირობაც დავადებინეთ, რომ იქ  თავს არ მოგვჭრიდა და  რაღაც სამი საათი პაპიროსს არ მოწევდა.  
   ქვეყანა ჩვენ შემოგვჩერებია, დასათხოვრები ვართ უკვე!
 (ეს - აქ წარმოითქმის  ნინას ხმით, იმერულად!)
    თამადობა კი უყვარდა ცხონებულს და ხშირადაც გაუწევია. მაგრამ  ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, იმ დროს თამადაც თვითონაა თუ არა.  
    სამაგიეროდ,  ამას რა დამავიწყებს რამდენიმე სადღეგრძელოს მერე რომ გადმოაწოდეს თანწაღებული თავისი გიტარა, თანაც ბანტიანი,
ნინიკო,  იქნებ  შენებურად რამე გვიმღეროო.
    გამოართვა, ასაწყობად ზედ თავისი პუტკუნა, წითელმანიკურიანი  თითები აათამაშა, ჩაიდო ირიბად კალთაში და … ვაიმეე, რას ვხედავთ!
    რა დრო მოიხელთა, არ ვიცი, გვერდიდან  მართლა არ მოვშორებივართ და კაბის ქვეშიდან აკეცილი შარვლის ტოტები  არ გამოუჩნდა?!
   დედაჩემმა  ზედა ტუჩი კბილებით დაიჭირა, ძალით გაიღიმასავით და თვალები გადაატრიალა. 
   ნინაც მიხვდა, რომ შარვალი  მაინც გამოუჩნდა, ერთი-ორი  იმერული ასე, გადაბმით გაუშვა და მერე იმ შარვლის ჯიბიდან ,, ბელამორკაც” დააძრო თავისი ასანთიანად. ვიდრე ვინმე  ცოტა არ იტყოს, შეჩქვიფებული, თავისი ადგილიდან გადმოეწვდებოდა, რომ  გალანტურად მისთვის მოეკიდებინა,  თვითონვე გაჰკრა, მოუკიდა, სასწრაფოდ გადმოწვდილ ,, პეპელნიცაში” პირველი ჩაფერფლება  ჩააფერფლა და:
- რა ვქნა, ჩემო ბატონო, ეს რა  ოხრობა მოსკუპული კაბა ჩამაცვეს, არ შემიძლია მე უშარვლოდ და უპაპიროსოდო.

    ის კაბა წელამდე ხომ აუვიდა,  ჩამოწევაზე არც უფიქრია.  
    ნინას  უხუნარი ხუმრობები და ანეკდოტი ხომ ანეკდოტს მოსდევდა!
    იყო ერთი  მხიარულება, გიტარა და ჩქარი ტაში!
      რაღაც,  ყველასგან განსხვავებული, მართლა  სხვანაირი არსება იყო,   
შთამომავლობიდან  -
 არცერთი არ დავმსგავსებივართ!
    სიმღერის ნიჭი -  უკვე სხვა ამბავია.
მაგას მერე მოგიყვებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი