მე - ჩქოლნარა (მცირე მოგონება თამაზ ბაძაღუაზე)
ნინო დარბაისელი
მე - ჩქოლნარა
- - -
(მცირე მოგონება თამაზ ბაძაღუაზე)
ნინო რომ საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელია, რად უნდა თქმა!
რომ მოვიზარდე, მშობლებს ვეხუმრებოდი, დაფიქრებულიყავით ცოტათი, იქნებ რამე სახელი თქვენც მოგეფიქრებინათ და თუ მაინცა და მაინც ბებიის სახელი უნდა მრქმეოდა, ჩემი დისთვის ნინო დაგერქმიათ, ჩემთვის კი - ანა-მეთქი.
კლასში - შვიდი ნინო გვყავდა. მე მარტივად - პატარას მეძახდნენ და გასაგები იყო.
სკოლის მერე რა ზედმეტსახელს არ მიგონებდნენ ახლო მეგობრები, რომ ნინოთა ოკეანეში გამოვერჩიე.
ყველა აღარც მახსოვს.
ჩუბჩიკა - “მაწვნიჭამიას” მეძახდა, რადგან მაწონი ძალიან მიყვარს. ხანაც “კიტაია ნინოს ”- რადგან ჩინეთში ხშირად მიწევდა მოგზაურობა.
თამაზ ბაძაღუა, რომელიც მერვეკლასელმა ერთ კონფერენციაზე გავიცანი და მას მერე ჯერ სამეგრელოდან ლექსებს მიგზავნიდა, მერე კი ჩემზე ერთი წლით ადრე გასტუდენტებული, მუდამ ჩემი გზამკვლევი იყო...
(უნივერსიტეტსა და საჯარო ბიბლიოთეკაში - საუკეთესო, ხოლო პირად ცხოვრებაში - ... აბა, რა გითხრათ! სულ მაგას ვაბრალებდი ჩემს უტვინობებს და იტანდა, სხვა რა გზა ჰქონდა!)
.... ჰო, თამაზ ბაძაღუა ,,ჩქოლნარას” მეძახდა.
იცით, რა არის ,,ჩქოლნარი”?
ვინც იცით - გილოცავთ!
ვინც - არა, გაგიმარჯოთ, არც მე ვიცოდი!
“ბაძამ” პირველ კურსზე, პირველ სექტემბერს მითხრა, ზუსტად პირველზე ჩქოლნართან დაგხვდებიო.
დავდივარ აბდაუბდად, ვეკითხები ყველას, ხომ არ იცით, აქ ჩქოლნარი სად არის-მეთქი, ზოგმა უნივერსიტეტის ბაღში, ზოგმაც მთლად “ნათლიას მოედნისკენ” გამგზავნა...
ყოველგვარი იმედი გადამიწყდა და მოწყენილი უკვე ავტობუსის გაჩერებისკენ მივდივარ,... უცებ ვხედავ თამაზის გავარვარებულ, წითელლოყებიან, ყურებამდე გაცინებულ სახეზე ანთებული ლურჯი თვალები ჩემკენ რომ მოანათებს.
ჩავეხუტეთ.
მეკითხება, რატომ არ მოხვედი ჩქოლნართანო.
ვერ ვიპოვე- მეთქი.
ამაპორწიალა პირველი კორპუსის მეორე სართულზე, 93-ე აუდიტორიისა და საპროფესოროს შუა, ჭერიდან ჩამოშვებული თეთრი, განიერი ბლოკისკენ ამახედა.
ზედ მთელ სიგანეზე გაკრული იყო წითელი გრძელი ნაჭერი, ზედ თეთრი ლოზუნგით:
“როგორც ტყე არ არსებობს უჩქოლნაროდ, ისე მეცნიერება - ახალგაზრდობის გარეშე” - ლ. ბრეჟნევი”
იმის მერე ბრეჟნევიც მოკვდა, ჩერნენკოც, ანდროპოვიც, ათასნაირი ახალი ლოზუნგი ეკიდა იმ ადგილას, მე კი
შემრჩა და შემრჩა “ჩქოლნარას” მეტსახელი. სუფრაზე როგორც კი რამე, ჩემი ფიქრით, აზრიანის თქმას და მსჯელობის გაშლას დავაპირებდი, ჭიქას ასწევდა ღიმილით - გვეყოფა ახლა ჩვენ ეს ჩქოლნარობები და მოდით, ამას და ამას გაუმარჯოსო!
- მისი ხსოვნისა იყოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი