ქართლის მამის მოლოდინში


#მემორია

ნინო დარბაისელი

ქართლის მამის მოლოდინში

(მადლობა ქეთი ქურდოვანიძეს - ციალა ამაშუკელის დისშვილს - რეალიების დაზუსტებისთვის)

     მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი იყო უწყნარესი და უტკბილესი ადამიანი. გიტარაზე მასთან ქეიფს მართლა არაფერი სჯობდა. რეპერტუარიც ისეთი ჰქონდა, იმერულად ალერსიანი…ჩიტივით იკენკებოდა სუფრაზე. იუმორი -  უდახვეწილესი, თამადა,  იცით,  როგორი იყო?! თბილად და ხათრიანად მოეფერებოდა, ვისაც ადღეგრძელებდა. არც ბევრს რამეს იტყოდა. რასაც იტყოდა, მოსმენად ღირდა.
   როგორ მომნატრებია!
   ერთხელ, ოთხმოციანი წლების დასაწყისია, თვითონ  იმ დროს მხატვართა კავშირის თავმჯდომარეა და ყვება.  ქალაქგარეთ რაღაც …ობაზე (რუსთავობაზე- ნდ?) წასვლა გვთხოვა შევარდნაძემ, მთელი ნომენკლატურა იქ იყო, უკანა გზაზე რეზო ამაშუკელი გადაგვეკიდა მე და ციალა ამაშუკელს, ამაშუკლები ცოტანი ვართ და ერთად უნდა ვიყოთ, გაუშვი შენი მძღოლი და  აქ ახლოს ერთი კარგი რესტორანი ვიცი,  სამივე ერთად  ასე კიდევ როდის შევხვდებით ერთმანეთს! იქ დავსხდეთ, მე გეპატიჟებითო 
   გავუშვი მძღოლი, შევედით, შემოგვეგებნენ, მოგვართვეს მენიუ. რეზო ეუბნება, მენიუ არ გვინდა, რაც კარგი და საუკეთესო გაქვთ, ის მოგვიტანეთო.
   მართლაც მოგვიტანეს და მოგვიტანეს, გიტარაც გაჩნდა.  ხმები ავაწყვეთ. ვისიამოვნეთ. დიდხანს მაინც არ  დავრჩენილვართ. ოფიციანტმა რომ შეგვატყო, წასასვლელად ავწრიალდით, ანგარიში მოგვიტანა და მაგიდაზე დაგვიდო. 
    დახედა რეზომ და უცებ ხასიათი ეცვალა! რა არის ესო, ახლავე დირექტორს დაუძახეო.  უფროსობას ვეღარ ცნობთ? არ უნდა იცოდეთ, ვის როგორ უნდა მოექცეთო? არაფერს არ გადავიხდითო!      
   ოფიციანტმა უკან არ დაიხია. დირექტორი აქ არ არის და აბა,   ვინ უნდა გადაიხადოსო. რეზო ჩემზე ანიშნებს, ეს კაცი,  იცით,  ვინ არისო?  - ქართლის დედა რომ დაგვიდგაო. 
მე ვიწვი სირცხვილით. 
     ოფიციანტი პასუხობს, მამა რომ დაედგა, კიდევ ჰოო. 
   რეზო არ იხევს, მამაც ამან დაგიდგათ, თბილისი ხომ არის  საქართველოს გული და ვახტანგ გორგასალიც რომ დგას მტკვარზე, თბილისის მამა - საქართველოს მამაა,  აბა რაო!
    ჯიბეში კაპიკი არ მიდევს. ციალა  მეუბნება, მე ხელფასის და შვებულების ფული მაქვს, ორივე ერთად ავიღე და მე გადავიხდიო. 
    ამას არ ვიზამდი. ჩემი მძღოლი მაინც არ გამეშვა! 
  გავიყვანე ოფიციანტი რაღაცნაირად გვერდზე და ვუთხარი,  სხვა არაფერი მიდევს ჯიბეში, მხატვართა კავშირის თავმჯდომარის მოწმობაა, ეგ ქვითარი მე მომეცით და ხვალ გათენდება თუ არა, ჩემი მძღოლი მოგიტანთ ფულს-მეთქი.             
   არაფრით არ დაიტოვა, გენდობითო.   
     გამოვაღწიეთ იქიდან. 
    დილას მძღოლი  რესტორნიდან რომ დაბრუნდა, მეუბნება, იმ ოფიციანტმა დამაბარა, შენს უფროსს ასე გადაეცი, ქართლის მამას მართლა რომ დადგამს, ათკაციან სუფრას მე ვკისრულობ, როცა გაუხარდებაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი