ამბავი პოლბარშავიკისა


ცოტა გაგამხიარულოთ:

ნინო დარბაისელი

ამბავი “პოლბარშავიძისა”
- - 

  ლიტერატურის ინსტიტუტში ერთი უსაყვარლესი, ხანდაზმული მეგობარი მყავდა,  ცოცხალი მემატიანე.
იმას უყვარდა ამ ამბის მოყოლა:

  ინსტიტუტის წინ - იყო და არის მეტრო “რუსთაველი”. იმის მარცხნივ, ცოტა ზემოთ  ადრე “კინოს სახლი” იყო, თავისი რესტორნით ან უფრო სასადილოთი. 
   როდის ყოფილა, რომ პატიოსან ლიტერატორს ულხინდა საქართველოში, მაგრამ სამ-ოთხკაციან   ჯგუფს ერთი  დამპატიჟებლის ახლადაღებული ხელფასი  - ერთ პატარა, კარგ  პურისჭამად  ნამდვილად ჰყოფნიდა.
   (თუ ახლაც ასეა, ღმერთმა მეტი მისცეთ!)
    მოკლედ,  შევიდნენ “დომ კინოში”, დასხდნენ,  თეთრხალათიანი რუსი, კეკლუცი მიმტანი შეკვეთებს ინიშნავს. უთხრა ერთმა, მეორემ, მესამემ და მეოთხის ჯერიც დადგა.
(სახელი - მართლა არ მახსოვს). 
 “მნე - პოლ-ბარშჩაო”(ანუ ნახევარი ულუფა ბორში მინდაო, რუსულად ეუბნება).
     მიმტანმა, რუსულადვე, ნახევარი -  არ იყიდება, მთელი უნდა აიღოთო.
     ჩაიჯინა ამ კაცმა “პოლბარშა” და “პოლბარშა”. შეწუხდნენ დანარჩენები,  გეყოფა, ნუღა აწვალებ ამ ადამიანს, აიღე მთლიანი ბორში და მარტო ნახევარი შეჭამეო.
   ეს როგორ მითხარით, ნახევარ ბორშს როგორ დავტოვებო, შეიცხადა შემკვეთმა.
ამოუვიდა ერთ (იმერელ) კოლეგას ყელში  და ეუბნება:
- შე კაცო, აქამდე სამი პირი ცოლშვილი დატოვე და ეს ნახევარი მათლაფა ბორში რა  გაგიხდაო!
    ის დღე იყო და ის, შერჩა  იმ კაცს  სახელად “პოლბარშავიძე”. ბოლომდე ასე ეძახოდნენ და მოიხსენიებდნენ ინსტიტუტის მოქეიფე კაცები!
   ვისზეა?
    თუა დარჩენილი ძველი მოქეიფეებიდან ვინმე,  დიდხანს მხნედ, ჯანმრთელად ეცოცხლოს და უცებ მიხვდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი