ლილის კარაბადინი


#პროზა
#ლილის_კარაბადინი

ეკლისა და მრგვლად მოხარშული დედლისა

    რაღა ჩემთან მოუნდებათ ხოლმე, რა ამ პატიოსანი და გულუბრყვილო, უგულოდ და უსამართლოს მიტოვებული ქალის თამაში!
    ლელო არ იყო, ამ ხუთი წლის წინ მაგ ცოლშვილიან კაცს რო გადაეკიდა და აეკიდა? სამშვილიანს! აქ არ გვეჯდა და ტიროდა, მიყვარს და რა ვქნაო?!
    ფულიანი კაცის სიყვარულს რა უნდა! კაცისაც და ქალისაც.  რაც მეტი ფული აქვს უფრო საყვარელია.
     ფული  ისეთი რამეა, ისე რა  შესახედავი - მზეთუნახავი და მზეჭაბუკი გგონია,  მახინჯი - სიმპატიური ხდება,    სუ ფულისთვის არ არის, რაც ხდება?
   ეგ არ იყო, თავზე რო დაიყენა იმისი ცოლი? თვითონ არ გააგებინა,  ჩერეზ დაქალი,  არ დაარეკინა თქვენი კეთილის მსურველი ვარ და ამა და ამ დროს აქა და აქ იქნებიან ერთადო?
    კარგი, რა! 
    ვინ არ იცის,  ცოლშვილიანთან თუ დადიხარ, თავზე თუ   იმის ცოლს დაიყენებ, სახლში    ასიანი დაკა-დაკა მოუვა, ცოლი გამოაგდებს  ს ვეშჩამი და თუ წასასვლელი არა აქვს, შენ მოგადგება, მერე შეგეჩვევა, მერე  ვითომ გამოგეპარა, ერთ ბავშვს  გააჩენ  და  ოჯახს ააწყობ, რა! მეტი რა გვინახია!
     შენ რას დაგიჯდა აქ,  კაცი გამექცა, ოჯახი მენგრევა, ლილიმ მიშველოს, როდის მოვაო?!
 როგორც თვითონ დაიყენა თავზე იმისი ცოლი, ისე ახალმა ქალმა დაიყენა თავზე ეგ. მარტო მაგან კი არ იცის, ცოლიანი კაცი შენკენ როგორ უნდა გადმოქაჩო. 
     არ უნდა ამხტარიყო. უნდა  მოეტვინა და ჩაეყლაპა.
     მეტსაც გეტყვი, უფრო უნდა ჩამტკბარიყო, ეთქვა, შენ როგორც გაგიხარდება და როგორც გინდაო.
    კაცს ძალის დატანებით ვერ მოერევი. უნდა ეგონოს რომ თავისუფლად, თვითონ ირჩევს რაც უნდა.  კაცი კია რაღაცამდე შტერი, მაგრამ მთლად შტერი არავინ არ არის, თუ შენთან უკეთესად გრძნობს თავს, შენთან დარჩება, წასულიც რომ იყოს, შენთან დაბრუნდება.
   კაცისთვის ქალის ჩხუბი, გინდა ცოლი იყოს, გინდა საყვარელი, ეკლებივითაა.
   აბა, შენ წარმოიდგინე,  ორი წასასვლელი გქონდეს,  იდგე და  შენი ნება იყოს  - ერთ მხარეს  სულ ეკლები ეყაროს და ჯახაჯუხი ისმოდეს,   მეორე მხარეს   - ყველაფერი გაკრიალებული,  წყნარი მუსიკა, 
მრგვლად მოხარშული დედალი, კარგი მოვლილი,  გაფითქინებული ქალი ბუმბულის ბალიშზე… საით წახვიდოდი?     ხარჯი  ხომ იქითაც გექნება და აქეთაც. 
  სულ  ეგაა კაცი, რა!
  იმ სამშვილიანმა ცოლმა თავიდან მოიწყვიტა და აღარ შეირიგა,  თორემ იმასაც მიადგა.
  იმისმა მეზობელმა მითხრა, ამბობს მომადგა და არ შემოვუშვიო.  მთავარი გადასატანი უკვე გადატანილი მაქვს, წლები გავიდა და უმაგისობას მივეჩვიე, ბავშვებიც დაიზარდნენ, რასაც მაძლევდა  ყოველთვიურად, ხომ ისეც მაძლევს, როცა აქვს, მანამდეც მეტს არ მახარჯებდა, 
აი, უკან რაღაზე  შემოვიტენო, ვურეცხო,  ვუუთაო, ნაირ- ნაირები ვუკეთო, ვუარო, ახლიდან ავიტანოო. 
დიდ ბიჭს ელაპარაკა, გამიგე, ერთხელ შემეშალა,  კაცურად დამიდექი და პრავას რომ აიღებ, ახალს ჯერ არა და ერთი წლის მანქანას გიყიდი დასაწყისისთვისო. ჰოდა,  ბიჭი მაწვებოდა, უნივერსიტეტის მაღლივში ყველა მანქანით დადის,  მე  სამი წელია - მეტროთი და ფეხითო.  მაგისი ჯიშია მაინც და ვერ გამტეხესო…
    თვითონ უკვრია ხელი, ამბავი რომ აუტეხა და მე რა ვქნა! წავიდე, კისერზე თოკი მოვაბა, შევუძახო ,,ნწოუ- ნწოუ!”, წკეპლა ვუცხუნო  და ბოჩოლასავით კარზე მოვაყენო?
    ამდენი წელი თვითონ ჰყავდა?!
ვერ შეინარჩუნა?!
      გაუშვი, ეხლა სხვამ გაიხაროს!
       კაცს მანამ ფული აქვს,  კოჭლი და ბრუციანიც რომ იყოს, ქალი არ დაელევა, ფული რომ გაუთავდეს, თუ დედა კიდე ჰყავს, იმის მეტი ალალად  არავინ ჩაიხუტებს გულში.  ჰო, კიდე მამიდა, მაგრამ მაგის ქმარს   თავიდანვე ერთი კარგი გულით ჩამხუტებელი მამიდა რომ ჰყოლოდა, მაგას მოადგებოდა?
  ბავშვი მყავს გასაზრდელი,  ისეთ ასაკშია, ეხლა უნდა ყველაფერიო!   დადგეს და ზარდოს! გეგონება,  ბავშვი მაგის მეტს არავის ჰყოლია და აღარავის გაუზრდია.
კარგი იყო, იმ ქალს სამი ეგეთი რომ შეატოვა თვითონ? 
   თუ ის ქალი არ იყო!
   როგორ უყვარს, რა, ამ ხალხს თავისი პრობლემის სხვისთვის შეტენვა!
 კაცი - კაცია!
  სადამდე და როგორც  გასდის  - გასდის!
    ისე რა, ქალიც ეგრე არ არის?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი