ეგნატე ფიფია და ხახვის ბოლქვი


ნინო დარბაისელი

ეგნატე ფიფია და ხახვის ბოლქვი

ერთხელ, მოწაფეობისას, იქნებოდა გასული საუკუნის შუა სამოცდაათიანები, არ ვიცი,  რატომ და როგორ, კისრიდან ასე, ოთხი თითის დადებაზე, მარცხნივ  ზურგი გამისივდა.  უბრალოდ კი არ გამისივდა, ხელიც კი   გამიკავა. საწოლში  იმ მხარეს ვეღარ ვბრუნდებოდი. 
ატყდა სანათესაოში ერთი პანიკა. ერთმა ნათესავმა ექიმმა გამოაცხადა, ეს ნამდვილად  კიბოა და  ვიდრე ონკოლოგიურში დავაწვენთ, ჯერ  ბატონ ეგნატე ფიფიას პირადად ვიცნობ და იმას  უნდა ვაჩვენოთო.  
 მეორე დღისათვის, პარასკევი იყო, რა დამავიწყებს! - ვიზიტის დროც შეათანხმეს. 
    ჩემი რომანტიკული ბუნების პატრონმა ღამე თეთრად გავათენე, ვწერე და ვწერე გამოსათხოვარი წერილები,  ზოგი პროზად, ზოგი ლექსად, ზოგი ლექსური ჩანართებით - მშობლების, დედმამიშვილების,   მეზობლებისა და პირადი მეგობრებისთვის გადასაცემად, არც  უცნობი მკითხველები დამვიწყებია, მახსოვს, ვამბობდი, ბოდიში, ჩემო მკითხველო, რომ ასე ადრე მიგატოვე, მე ხომ წინასწარვე ისე მიყვარდი, იმდენი მქონდა შენთვის სათქმელი, მაგრამ ვერაგმა სიკვდილმა არ დამაცადა… და ასე შემდეგ. 
    დილას მიმიყვანეს. 
 ჯერ უფროსებს ესაუბრებოდა, რაღაცაზე გაიღიმეს და გაიცინეს კიდეც,  მათი სიცილი აი, სამართებლის დასმასავით იყო ჩემთვის. გამიელვა:- მე -  აქ სიცოცხლეს ვეთხოვები და ამათ სულ არ ვენაღვლები-მეთქი, მერე ზერელედ გამსინჯა, უფრო  სწორედ, დამხედა და ჩაილაპარაკა: 
-გასაგებია!
 და მეტი არაფერი.  ველით განაჩენს.
პაუზა გაუსასრულოვდა. 
  უცებ ჩემებს  უწყნარესად ეუბნება:
- არაა ეს ბავშვი ჩემი ავადმყოფი…
  მე აქ,  შუა წინადადებაზე ვიგრძენი, სისხლი ცივად როგორ წამივიდა ფეხებში.
   მერე მე  მომმართავს:
- შვილო, სახლში ხახვი გაქვთ? 
 - აჰა,  - გავიფიქრე-  ესეც სიკვდილისწინა ჰალუცინაციები! აგონია, არა?!
ისევ დედაჩემს მიმართა:
-   მწერის ნაკბენია. ხახვი წამოაცვით ჩანგალზე, გაზქურაზე მოწვით ისე, გარედან რომ გაშავდეს. შავი ფენა შემოხსენით, იმისი მომდევნოები, რამდენიც დაგჭირდეთ დაადეთ,  იმ ტემპერატურისა, რასაც გაუძლებს,  თბილად, მაგრამ მსუბუქად შეუხვიეთ, რომ ადგილზე გაჩერდეს.  დღეს დილა- საღამოს,  ხვალა და ზეგ დილა- საღამოსაც,   და ორშაბათს მომიყვანეთო.
  ორი დადება მეყო,   ყველაფერი დამიცხრა. (აქ გამოვტოვებ  მოსასმენადა და წარმოსადგენად   მკითხველისთვის არცთუ სასიამოვნო დეტალებს)
ორშაბათს  მისვლაც არ მჭირდებოდა, მაგრამ დასახედად მაინც მიმიყვანეს.
მას შემდეგ ეს ვისაც ვასწავლე, ყველას გამოადგა, ზოგს   მწერის ნაკბენზე, ზოგს - ფრჩხილზე,  ზოგს ძირმაგარაზე, ზოგს - სად და  ზოგს - სად!
ნათელში იყოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი