კონი


ნ. დ. სტრონი

კონი

(სტარბაქსულებიდან)
 - - - - - - - - - - - - -- - 

 ეს „კოფი შოფი - სტარბაქსი“  ნეშვილის ცენტრშია. საქმიანი ხალხი  აქ  უფრო იშვიათად შემოდის, გარედანვე, სარკმლიდან  უკვეთენ და იღებენ ყავას. მთელი დღე ხელმოკლე  სტუდენტები, უსახლკაროები და ჩემისთანა  ხალხი ზის  ზამთრობით - სითბოში, ზაფხულობით სიგრილეში  რაიმე გაჯეტით და უფასო ინტერნეტი - მის ხელშია.
      მე როგორი ვარ და აქ რა მინდა? აი, მდიდარ, მაგრამ საქმეებით დაკავებულ  ნათესავს რომ სამშობლოდან ჩამოუხვალ და  რომ არ იცის, რა გიყოს,  რით გაგართოს, როცა თვითონ საქმიანი შეხვედრა  აქვს. მუდმივად შინ  ჩასაკეტადაც არ ემეტები, გაძლევს კარგა გვარიან ფულს, ნაღდს, იმდენს, რამდენსაც ალბათ,  მთელი ეს კაფე  ივაჭრებს დღის განმავლობაში; ერთი დიდი  ჭიქა ყველაზე მაგარი ყავა რომ გაქვს აღებული, დანარჩენს -  არც იცი, რა უყო, რადგან, გამოცდილი გაქვს, თანხას  უკან არავინ მოგთხოვს. ქუჩის გადაღმა კი ხედავ რაღაც  ბრენდულ შოფებს, მაგრამ  მტკიცედ  გაფრთხილებული ხარ,  არავითარ შემთხვევაში უცნობებს ხმა არ გასცე, არც გარეთ გაჰყვე, თუნდაც ვინმემ გითხრას, შენმა ნათესავმა გამომგზავნაო, არც დამოუკიდებლად გახვიდე. საპირფარეშოც შიგნითაა. თუ სულ ქვეყანა დაინგრა და მასპინძელმა დააგვიანა,  სელფონიც დაგიჯდა,   რას აკეთებ?! სტარბაქსი არ იკეტება და თუ  რაღაც მოხდა და შემთხვევით დაკეტეს, კართან დგები ფეხმოუცვლელად და ხმას არავის სცემ. 
        ცოტა შეძლებულ  ადამიანებს აქ წესად აქვთ,  სარკმელთან კარგი „თიფიც’... ანუ  ჩაევოი... არც ესაა ქართული.... მოკლედ, ხომ მიხვდით, რაც... დატოვონ და ასევე,  ერთი-ორი უსახლკაროს ლანჩის ფულიც, ან  სულაც , ორიოდე ზედმეტი  ლანჩი პარკით აიღონ და ვინმე გარეთ, ტროტუარზე მსხდომებს უთქმელად წინ  დაუდონ. ეს- სამხრეთია და გულკეთილი ხალხითაა სახელგანთქმული, ამბობენ, ჩრდილოეთში და მით უმეტეს,  ნიუ-იორკში სულ სხვანაირადააო.
        ქალაქის ცენტრი, ანუ როგორც აქ ეძახიან, დაუნთაუნი - დღისით ხომ  ისედაც უსახლკაროებისაა, ღამე -  მთლად მათ სამეფოდ იქცევა. პირდაპირ ქუჩაში სძინავთ, რაღაც ხარახურას დაიფარებენ და სძინავთ! ზამთრობით ისეთ ადგილებს უფრო ეტანებიან, საიდანაც  შენობის გათბობის სისტემის ორთქლი გამოდის. თავშესაფრები როგორ არ არსებობს ახლომახლო, რამდენიც გინდა, საჭმელიც კარგი აქვთ,  მაგრამ  ახლოებში - დროზე უნდა ჩადგე რიგში, რომ ადგილი შეგხვდეს, შორს კიდევ ან ფეხით უნდა იარო... ან კიდევ... ფეხით უნდა იარო, რადგან „შატლები“ ანუ წრიული, უფასო ავტობუსები ხუთის მერე აღარ მოძრაობენ,  თუ მიზნობრივად რაიმე ღონისძიების ხალხს არ ემსახურებიან, სხვა ტრანსპორტით კი  უბრალო მოკვდავებისთვის  დაუნთაუნში არ შეიძლება შემოსვლა და კიდეც რომ შეიძლებოდეს, შენ ვინ ჩაგსვამს მანქანაში!      
       საიდან ვიცი ეს ყველაფერი?
      ყურები მაქვს და ვისმენ. ვითომ კომპში რაღაცას ვეძებ, სინამდვილეში დიალოგებს ვეხარბები. ზურგით ვზივარ და ხმის მიხედვით ვცდილობ,  გამოვიცნო, რომ მივიხედავ, რანაირ ადამიანს დავინახავ.
      ჩემებურად ვერთობი, რა!
      როგორ აცვიათ?! - ქართული სტანდარტებით -  საუკეთესოდ, ამერიკულად კი   - ეს სტილი უსახლკაროებისა და პროსტიტუტებისაა.
      საქართველოში ...  როგორ ეძახიან სელებრითებს?  ჰო, ცნობად სახეებს  ....აცვიათ ასე და კიდევ იმათ, ვინც მათი ბაძვითაა  გატაცებული.
 ახლა გაზაფხულის პირია. ხან ცხელა, ხან - ისევ ზამთარია და  ცივა. სტარბაქსში მუდმივი ტემპერატურაა, ფარენჰეიტით 72 გრადუსი. ალბათ ცელსიუსით 20-22 გრადუსს ნიშნავს. მე  დილიდან აქ ვზივარ, ერთი-ორჯერ წამთვლიმა კიდეც, ამასობაში  მოსაღამოვდა.  
    უსახლკარონი  გადიან რაღაც ხნით და ისევ უკან ბრუნდებიან. კაციშვილი არ არის მათთვის  უბატონოდ ხმის გამცემი. სტარბაქსში მომუშავენი თვალებში შესციცინებენ. არ მოიქცევიან ასე და  -  ამათი მოიგებს. ეგრევე დაკარგავენ სამსახურს.  სამუშაოს მეტი რა არის ირგვლივ, მით უმეტეს კაფე-რესტორნებში და ბარებში, მაგრამ აქაურობას უფრო იმიტომ ეტანებიან, რომ მანქანების მრავალსართულიან გარაჟში აქ მომუშავეებს  ძალიან კარგ ადგილას   მუდმივი, უფასო საშვი აქვთ და იმ საშვს  ხან ახლობლებს ათხოვებენ ხოლმე, ხანაც აქირავებენ რამდენიმე საათით,  შაბათ-კვირას, როცა ან რაიმე შეჯიბრია ჰოკეიში ან რაიმე კონცერტი, ანუ მუდმივად. ეს -  მათი ნებაა. 
      რადგან ამდენი ვთქვი, ბარემ დავაზუსტებ, რომ  სტარბაქსელები „ვალეიში“  (VALET) აკეთებენ ფულს. ანუ მანქანას ჩამოართმევენ მძღოლს, შატლთან რომ მიდის,  წაიყვანენ, დააყენებენ გარაჟში თავის ადგილას  და დათქმულ დროზე,  შატლი ისევ  რომ მოიყვანს კლიენტს, უკვე იქ  დაახვედრებენ. საშუალოდ,  ორმოცდაათი დოლარია ეს სერვისი,  კარგი „თიფიც“- ზედ. ხანდახან - ასიც,  კონცერტს გააჩნია და  კლიენტსაც. ჰოკეის ფანები  - ნაკლებს იხდიან, სიმფონიური მუსიკის კონცერტზე  - ძირითადად მდიდრები დადიან, ძველი ოჯახები,  სელებრითები, ანუ ცნობილი ხალხი, ძვირფასი მანქანებით, საერთო სიმრავლეში დგომა და ლოდინი არ აწყობთ   და კარგადაც იხდიან. 
        ჩემს უკან რომ მაგიდაა,  ახლა ერთი ლაპარაკობს, ორი - დრო და დრო ერთვება. ვიტრინაში ვხედავ სილუეტებს.  ვიცი,  ჩვეულებრივი უსახლკაროები არიან, თუმცა არც მთლად ჩვეულებრივი. ერთს ეტყობა, რაღაც უფროსივითაა.  რაზე? ხმაზე ეტყობა  და ინტონაციაზე.  ეს  თითქმის მთელი დღე აქ ზის და ვიღაცეები მოდიან, მიდიან და თითქოს ანგარიშს აბარებენ. დილას რომ მოვედი, უკვე აქ იჯდა, მერე წავიდა და ამ შეღმებულზე დაბრუნდა. ეს ლაპარაკობს, ისინი -  ორნი  უსმენენ.
-  ვერა ვარ რაღაც,  დღეს იღბლიანად.  დილას ორი კაცი მოვიდა, შავი შევროლე პირდაპირ  კარზე მოაყენეს. შემოვიდნენ.  ვიფიქრე, ვინ არიან  ასეთი,  რომ შტატის გუბერნატორის ოფისიდან გამოსულებს ჰგვანან. ორივე კარგი ნავარჯიშევი ჩანდა, მაგრამ ახალგაზრდა. ზედ რომ აწერიათ, რომ   გარეგნობაშიც უხდიან. ერთი  პირდაპირ ჩემთან მოვიდა. მეუბნება,  შეიძლება დავილაპარაკოთ,  გცალიათო?  მე ვუპასუხე, გააჩნია, რაზე  და რისთვის- მეთქი. კარგ ფულზეო. მაგ თემაზე ლაპარაკი სულ შეიძლება და რაც მეტი ფულია, მით უფრო შეიძლება-მეთქი.  ხომ არ გირჩევნიათ გავიდეთო. პრობლემა არ არის -მეთქი. ჩამსვეს შავ შევროლეში და მეუბნებიან, გინდა, ასი დოლარი  ნახევარ საათში გააკეთოო. ეგ ყველას უნდა მეთქი. სროლა იციო?   ჰო, მაგრამ მაგ ფასად საღებავით სავსე ბოთლს შემიძლია დავუმიზნო-მეთქი. არა, ცხენსო. დაბერდა. საბუთი და ოფისის  ნებართვა ხელში გვიჭირავს, საფლავიც გათხრილია. შუბლში ერთი ტყვია უნდა დააჭედო და სულ  ესაა. ისევ აქ მოგიყვანთო..  აუ, ცხენს ვერა და ერთი მაგდენი დამიმატეთ და კარგი მსროლელი ვიცი-მეთქი.  ბევრიაო. ბევრი არ არის, ვისაც გაჩვენებთ, იმას მეც ხომ  უნდა წამოვყვე და ბებიათქვენი ხომ არა ვარ, სიყვარულის გულისთვის მთელი დღე თქვენი უფასო  ბებისითერი ვიყო-მეთქი. გადახედეს ერთმანეთს და   კარგიო.  მაიკი სადაც გდია, იქ მივიყვანე, ორ წუთში დავითანხმე და წავედით.  
-     მივედით ქალაქის სასაფლაოზე. ზუსტად ნახევარ საათში ცხენის სპეცმანქანით ცხოველიც მოიყვანეს, გადმოიყვანეს,  ნებართვის საბუთი გვაჩვენეს, წავიკითხე, ყველაფერი რიგზე ჩანდა. ....  ცხენი იყო შავი, შავი, პრიალა, როგორც ფეხსაცმლის ვაქსი.  დამენანა, ეს როგორ უნდა მოვკლათ-მეთქი. რა ვქნათ, პატრონმა ეგრე მოინდომაო. რომ მომყიდოთ არ გირჩევნიათ? წავიყვან, მოვუვლი-მეთქი, თან მინდა და თან ვფიქრობ, რომ მითხრან, კარგიო, რა ვქნა, სად წავიყვანო, მე თვითონ ჭერი არას მაქვს თავზე. არ შეიძლებაო. ვუყურებ, შუბლზე თეთრი თოვლივით აქვს ლაქა თვალებშუა, თვალები - ცრემლიანივით აქვს, ძალაობს,  მივედით ამოთხრილ საფლავთან,  მაიკს თოფი მისცეს და ესროლეო. ასი დოლარი, არაო? მაინც დააზუსტა. ჰო, ასი. ისვრი თუ არა, შენიაო. მისცეს უზარმაზარლულიანი თოფი.  ცხენი ისევ ძალაობს,  მძღოლს და მის მეწყვილეს ძლივს უჭირავთ., დროზე ქენი, გვეჩქარებაო.  დაუმიზნა და ესროლა თვალებშუა,   ცოტა ზემოთ, ცხენმა ერთი  ისეთი დაიჭიხვინა, გეგონებოდა ცა გახიაო, უკან გადახტა რაღაცნაირად  და დავარდა. ჰო,  დავარდა,  გამზადებულ თხრილში კი არ ჩავარდა. ის ორი  ახალგაზრდა კაცი გვიყურებს და გვეუბნება. ახლა  მოკიდეთ  ხელი და ორმომდე მიათრიეთ და ჩააგდეთო. მე ვუთხარი, მკვდარ ცხენს ხელს ვერ მოვკიდებ-მეთქი. კიდევ ას დოლარს დაგიმატებთო,  ანუ ჩემს წილად უკვე ასოცდახუთი გამომდიოდა. მაიკს ვუთხარი, სულ სხვებისას ჭამ, ახლა შენი ჯერია, ცოტა ფული იშოვო და  სხვებს დაეხმარო-მეთქი, ვცდილობდი, მკვდარი ცხოველისთვის ზედ არ შემეხედა. მივაწექთ, მივაწექით, ცოტა გადავაგორეთ და  და  ორმოში რაღაცნაირად ჩავარდა.  ხომ იცით, ნიჩბებით მიწის მიყრაც მაგ ფულში შედისო. კი ჩავარდა ორმოში, მაგრამ ფეხები, თანაც  ოთხივე  - ორმოს ზემოთ დარჩა, არ იყო საკმარისი სიღრმის ორმო, ჩვენ რა შუაში ვიყავით. ფეხები უნდა მოაჭრათ, ნაჯახს მოგიტანთ და თან კიდევ  ას დოლარსაც  დაგიმატებთო.  ანუ 175 გამომდიოდა უკვე ჩემს წილად.  მაიკი ამბობს, სროლა სხვა ამბავია, კარგი, მიწოლა და ორმოში ჩადგებაც, მაგრამ მე მკვდარ ცხენს ფეხებს ვერ მოვაჭრიო. ცოტა მაფიქრეთ-მეთქი. მაიკ, მოდი აქ, დავილაპარაკოთ...-  გავიყვანე  იმ ადგილიდან ორ ნაბიჯზე და რას ვხედავ, ჩვენკენ ასე,  ათი წლის ბიჭი  ღრიალით მორბის და უკან ქალი, ალბათ დედამისი მოსდევს. ქალი კივის.  ესო სხვა ცხენიაო,  სულ ახალგაზრდაო, ეს ჩვენ საწოვარიანი ბოთლით გვყავდა გაზრდილი, როდეოსთვის ვამზადებდითო,  ის  - სხვაა,  თავლაში, მოხუცი რომაა ბოლო ბოქსში, დიმენციიანი...  ეს რა ჩაიდინეთ!  ეს რა გვიყავითო, ჩვენ - გენდობოდითო,  ყველას ციხეში გაგიშვებთო...
           რა ფული! მე და  მაიკი ისე გამოვიქეცით, თავდაღმართში  ფეხის ქუსლებს ზურგში ვირტყამდით. 
-          მორჩა!  მეტი აღარ! ახლა ორი კაპიკი მაქვს მოგროვილი.   უსახლკარობას თავს ვანებებ, წავალ ჩემს სახლში,  ჩემი ოჯახი მელოდება! თვითმფრინავის ბილეთის საყიდლად სულ ორმოცდაათი დოლარი მაკლია, დანარჩენი მაქვს... იცით რა, მომეცით ორმოცდაათი დოლარი და რომ ჩავალ, გამოგიგზავნით.
      ეს ორი ადამიანი ეუბნება, არა გვაქვს და არც ვიცით,  ასე უცებ სად გიშოვოთო. 
     ტონი პასუხობს, (ასე ერქვა, როგორც მათი ლაპარაკიდან გავიგე) ორმოცდაათი დოლარი რა ისეთი ფულია, აქვე, სტარბაქსში ესესხეთ ვინმეს და ხვალ  გადაუხადეთო. ვის ვესესხოთო?  აი თუნდაც აქ რომ მიმზიდველი ქალი ზის, უკვე ჩვენიანია.  რამდენი დღეა აქ ზის და ხვალაც აქ იქნება, მანამდე იშოვით და მისცემთო.
    მომადგნენ მე.  ცრემლები უკვე მოწმენდილი მქონდა. ვფიქრობ, რად მინდა ეს ფული, მაინც ვერაფერში ვხარჯავ და აგერ, ადამიანი, წესიერ გზაზე დადგომას აპირებს.  დამიბრუნებენ - ხომ კარგი, ვერა და - ამ სიკეთეს ღმერთი ერთი ასად გადამიხდის-მეთქი. ამოვიღე წიგნში ჩაკეცილი ორმოცდაათიანი და მივეცი.
      წავიდნენ.  რაღაცნაირი კმაყოფილების განცდა დამეუფლა.
        გამახსენდა სადღაც წაკითხული თუ გაგონილი: ვიდრე ამქვეყნად შენზე გაჭირვებული ადამიანის  პოვნა და დახმარება შეგიძლია, არაფერზე დაიწუწუნოო. ჰოდა,  არც ვაპირებდი დაწუწუნებას. ვიჯექი და ვნეტარებდი.
         ნახევარი საათიც გავიდა მათი წასვლიდან.  დამლაგებელი  ქალი მაგიდის თავებს წმენდდა,  სამხრეთულად, შინაურულად  ორიოდე ტრივიალური ხუმრობა გავცვალეთ და მეუბნება: 
-  რაო, ცხენის ამბავი მოგასმენინეს  თუ დედამისი ბრმა რომ არის თუ სახლ-კარი რომ დაეწვა, თვითონ  რომ ძაღლმა გადაარჩინა და ახლა იმ ძაღლის სამკურნალო ფულს რომ  აგროვებს, თუ  ხუთი წლის ბიჭუნა რომ დაეკარგა და ეძებს?  
-      ეგენი უსახლკარონი არ არიან,  სამივენი კონ არტისტები (ჩვენებურად აფერისტები -ნ.დ.ს.)  არიან.  უფლება არა გვაქვს,  ან ვინმე გავაფრთხილოთ, ან აქ შემოსვლა ავუკრძალოთ, ან სხვა რაიმე ზომას მივმართოთ მათ წინააღმდეგ. რამე ხიფათს შეგვამთხვევენ. 
- ესე იგი, ფეხსაცმლის ვაქსივით შავი ცხენი ცოცხალია! - წამოვიძახე.
  -წარმოსახულად ცოცხალი! - ჩაილაპარაკა ქალმა და  მოღუღუნე  ელექტრო ცოცხი იმათი  მაგიდის ქვეშ გამოუსვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი