ომი და … ომი


#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს

ომი და …ომი
 
პირველად რომ მეორე მსოფლიო ომის შესახებ ინგლისურენოვანი წიგნების კითხვა დავიწყე, პირდაფჩენილი დავდიოდი.  მეგონა,  რაღაც, სულ სხვა ომის ამბავს ვკითხულობდი. საბჭოთა კავშირი და დიდი სამამულო ომი, მის მიმდინარეობას კარგად რომ ვიცნობდით სასკოლო სახელმძღვანელოებით - ძალზე მოკრძალებულად გამოიყურებოდა. 
   სამაგიეროდ,  ძალზე შთამბეჭდავად იყო გადმოცემული “პერლ ჰარბერის” ამბები. მერე  ჰავაიში ის ადგილები ვინახულე კიდეც, იმ ფიცარნაგზეც ვმდგარვარ, ხელი რომ მოეწერა ომის დამთავრების დოკუმენტს. 
  მემუარები საქართველოშივე  ცოტა როდი მქონდა ნაკითხი,  უზარმაზარი, ნაცრისფერყდიანი მარშალ ჟუკოვისა,   (“იასნაია პალიანაში” მისი ადგილებიც მქონდა დათვალიერებული, მის ძელსკამზეც კი ვმჯდარვარ), იაკოვლევისა, (იური ერქვა, არა?)  ცოტა გვიან - ერმიტაჟელი ნიკალაი ნიკულინის “მოგონებანი ომზე (გირჩევთ!), დიალოგებიც  დაზეპირებული  მქონდა -  პაპაჩემი გოგიას წყალობით, თითო თქმა შინაურობაში -  ხუთი მანეთი ღირდა, აი, სტუმრების წინ   -  წითელი, ტკიცინა თუმნიანი  იყო. ალაგ-ალაგ ახლაც მახსოვს. 
 საერთო აზრი ასეთი მაქვს:
   დასავლეთისთვის ორივე მტერი იყო - ფაშიზმიც და კომუნიზმიც, 
 როგორც  ნიკოლო მაკიაველი გვასწავლის, არ არის გაუმართლებელი ტაქტიკა, რომ დაინტერესებული იყო  - შენთვის არასასურველ  ორ ძალას შორის  ომი დაიწყოს და  იმდენხანს გაგრძელდეს, რომ წაგებული - წაგებულად, მოგებული მხარე კი   - ძალზე დაუძლურებული   დარჩეს.  
  რაკი ფაშისტურ  რეჟიმს პრაქტიკულად,  უკვე დაპყრობილი ჰქონდა  მთელი ევროპა, ლოგიკურად, ევროპა   საბჭოთა კავშირის ძალით უნდა განთავისუფლებულიყო, ანუ
კომუნისტები - მხსნელები   კი გამოვიდოდნენ, ოღონდ   გამარჯვებით დასუსტებულები.
    საბჭოთა კავშირისთვის ყველაზე იაფი ბრძოლის იარაღი - იყო  ცოცხალი ადამიანი. 
    მას  არ სჭირდებოდა   - წიაღისეულივით მოპოვება,  გადადნობა, რაიმე მოდელის მიხედვით  დამზადება,  ძვირი ტრანსპორტირება და აშ. …  დედა გააჩენდა, რამენაირად გაზრდიდა  და  საკმარისი იყო   ერთი სავალდებულო მობილიზაცია და გმირობის მაგალითებით საინფორმაციო შეგულიანება. 
      თან, “სამი -ს” წესი მას ძალზე  იაფ შესანახად ხდიდა.  
   მოგეხსენებათ, ადამიანი ცოცხალი არსებაა და დღეში სამჯერ თუ არა, ერთხელ მაინც აუცილებლად სჭირდება ჭამა, ასევე სითხე, სმა, არადა მოკვდება!
    მაინც, რა იყო ის, რამაც  ჯარისკაცებს ომში   ცოცხლად გააძლებინა?
   აქ არ მიპასუხოთ, პატრიოტიზმიო, გამეცინება.
   გერმანელებს - ეცვათ, ეხურათ,  მენიუში შესქელებული რძე და შოკოლადიც კი ჰქონიათ.
და აი, გენშტაბის წინაშე დაისვა მწვავე კითხვა: 
 - რა უნდა ეჭამათ საბჭოთა ჯარისკაცებს 
ისეთი, რომ  ზამთარ-ზაფხულ არც დაძველებულიყო, არც გაყინულიყო, არც  გათბობა-მომზადება დასჭირვებოდა და  არც დიდი ჯამ-ჭურჭელი, თან  საარსებოდ საჭირო კალორიებიც ჰქონოდა, თან მოცულობაც - მინიმალური,  გასანაწილებლადაც, გადასაცემადაც  ფრონტზე, ყველა სიტუაციაში ადვილი ყოფილიყო…
    ერთგან წამიკითხავს,  ეს - სტალინის იდეა იყოო, სხვაგან შემხვდა, გენშტაბის სხდომის დროს ბიბლიოთეკარმა ქალმა წიგნი შემოიტანა და რომ მოჰკრა ყური, რაზე ლაპარაკობდნენ, მან მიაწოდა ეს აზრიო. 
    ახლა ბოდიში, რუსულად მომიწევს თქმა
 “სამი ს “ ნიშნავს სამ სიტყვას,  რომელიც ს- თი იწყება - “სუხარი”, “სალო” “სპირტ”
აი, ამით იკვებებოდნენ საბჭოელი ჯარისკაცები ყოველდღიურად, მთელი ომის განმავლობაში. 
     აქ ისიც წარმოვიდგინოთ, რა უჯდებოდა მტერს ერთი ერთეული ჯავშანტექნიკა - ტანკი და რამხელა მოგება იყო, საბჭოეთისთვის,  თუ ერთი მებრძოლი ერთ ტანკს შეეწირებოდა მატროსოვივით!
       ჩემი პასუხი კითხვაზე, რატომ არ ხსნიდნენ მოკავშირეები მეორე ფრონტს? - 
    ასეთია: 
   - ისინი ელოდნენ ორივე მხარის   მაქსიმალურად კარგად დაუძლურებას. 

    ეს-  უკვე ჩემი ვარაუდის სფეროა:
 როგორც სტალინით აღტაცებულები ყვებიან, მან ერთი,   ერთადერთი სიტყვა გადაულაპარაკა რუზველტსა თუ ჩერჩილს და მეორე ფრონტიც გაიხსნა. (1943 წელია, არა?!)
 ეს თუ სინამდვილეა, რა შეიძლება ყოფილიყო  ის ერთი სიტყვა?
  -  “ვნებდები!” ან “წავაგე”
    მათ დაასკვნეს, რომ ეს -  ზუსტად  ის უკიდურესი დრო იყო, როცა  მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო და გახსნეს კიდეც.
  რატომ ვფიქრობ ახლა ყოველივე ამაზე?
 მიმდინარე მესამე მსოფლიო ომმა გამახსენა. 
    არ მითხრათ, აბა, სადაო?
არც პირველ და არც მეორე მსოფლიო ომს დასაწყისიდან ეს სახელი არ ერქვა. ამას - ისტორიკოსები, მოგვიანებით არქმევენ!
ღმერთო შენ გვიშველე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი