ქვის სროლა თუ ჩაქოლვა?


#რუსთველიანა

ნდს

ქვის სროლა თუ ჩაქოლვა?

ბიბლიიდან ვიცით:
მეფეთ-მეფე დავითმა ყრმობისას შურდულით ერთი ქვა - მოზრდილი კენჭი ესროლა უძლეველ გოლიათს, კეფაში ჩაარჭო და მოკლა.
ამასთანავე, ვიცით, რომ იქაც და ჩვენშიაც გავრცელებული იყო ჩაქოლვის წესიც, - როცა ვინმეს ადამიანთა ჯგუფი საჯაროდ ქვებს დაუშენდა.
არსებობს მისი “შერბილებული” , უფრო ჰუმანური, სიცოცხლისათვის ნაკლებად საშიში ვარიანტიც - ტალახის სროლა (როგორც “ნატვრის ხეშია”).
აქ, ძნელია, არ დაგებადოს კითხვა:
- რა საჭირო იყო ამდენი ქვა, ამდენი ადამიანის მონაწილეობა, როცა მიზანში ზუსტად გარტყმულ ერთ ქვასაც შეუძლია, შედეგი მოიტანოს.
პასუხი ასეთია:
ამ შემთხვევაში მონაწილე (!), საერთო გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გამზიარებელი ხდება. (გავიხსენოთ ტრადიციული სიტყვები სამძიმრისას - “ვიზიარებ თქვენს მწუხარებას” ან “მონაწილე ვარ თქვენი მწუხარებისა”)
თანაც თეატრალური ხელოვნება არსით ხომ სინთეზურია. მრავალი სხვადასხვა პლანის, საგნის, ადამიანური საქმიანობის ერთობლივად მუშაობას, შერწყმას მოითხოვს.
(ამ მხრივ ვაგნერისეული “გეზამქუნსთვერქი” - მწვერვალია. მას არ ვეხები)
***
სამწუხაროდ, ჩემი საყვარელი მეგობარი, ვის გამოც ყოველივე ამას ვწერ, ვერ წაიკითხავს ნაწერს, რადგან დამბლოკა გუშინ, არადა სწორედ მას ვგულისხმობ.
რა ვიცი, იქნებ, უკეთესიცაა.

სტურუას სპექტაკლი - ჩანაფიქრშივე(!!!) არის ვეფხისტყაოსნის, მისი ავტორის, ჩვენი მთავარი ეროვნული ღირებულების ჩაქოლვა!

მასში მონაწილეობს არა მხოლოდ რეჟისორი, არამედ მთელი დასი(!!!) . მუსიკალური გაფორმება, მაგალითად,
ჩემი გუშინდლამდე მეგობრის - სვიმონ ჯანგულაშვილისაა.
მენდეთ, იგი, როგორც თითქმის ყველა გენიოსი, მართლა ბავშვივით გულუბრყვილო და ადვილად მანიპულირებადია, მეტადრე ისეთი რეჟისორის ხელში, როგორიც სტურუაა.
აი, ფაქტიც რომ დაუდო წინ (და დავუდე კიდეც!), ვერაფრით დაიჯერებს, რომ სტურუას სახით - კეთილ გენიოსთან ვფხისტყაოსნის დიდ მოყვარესთან არა აქვს საქმე, შეუძლია, ამის გამო, უმწეოდ წამოიძახოს კიდეც:
“იტყუებით!”
სამწუხარო რეალობა ასეთია, - შედეგად, ჩემი მეგობარყოფილი უკვე მონაწილეა რუსთველის ჩაქოლვისა და რაკი მისი ქმნილების ამგვარი ხელყოფა - ჩვენი მთავარი ეროვნული ღირებულების ხელყოფაა, ჩემი ლოგიკით, მისი დანაშაული კიდევ უფრო უმძიმდება.
(ის, რომ უნიჭიერესად იქნება ყველაფერი გაკეთებული - ჩემს ეჭვს არ იწვევს, ნახვაც არაა საჭირო, მაგრამ ეს კიდევ უარესია-მეთქი, ამ დღეებში დავუწერე. ხომ აქსიომაა, რომ ნიჭიერი კაცის ნაკეთები ბოროტი საქმე - კიდევ უფრო საზიანოა და საერთოდაც, კაცობრიობის მთავარი უბედურების სათავე მუდამ ისაა, რომ რაიმე უნარს, ნიჭს თუ თავისივე შესაბამისი დონის ზნეობაც არ ახლავს, საბოლოოდ, დამღუპველია!

აწი, სპექტაკლს, ვიცი, არავინ გააუქმებს, თუნდაც იმიტომ, რომ კულტურის სამინისტოს ბიუჯეტის თანხები აქვს უკვე გაღებული. (და ამ თანხის რაოდენობა ჩვენს დემოკრატიულ, ტურფა საქართველოში - მკაცრად გასაიდუმლებულია!)
ისღა დარჩენიათ, ვინმე რამენაირად გააჩუმონ. ,,შეიმიზმის” - შერცხვენის მეთოდს მოუხმონ, სადაც გაუვათ, იმათ წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმება (გრცხვენოდეთ, სირცხვილია, უსირცხვილო ყოფილხართ, გაუნათლებელი, სპექტაკლის უნახავად ლაპარაკობთ და მისთ.)
კი დავუწერე, რომ იმდენი ეპიზოდი დევს ფეისზე, წარმოდგენა უკვე მაქვს და მთლიანად ნახვა არაა საჭირო, როგორც მთელი ზღვის დალევა არაა საჭირო, მისი გემოს გასაგებად ერთი პეშვიც კმარა მეთქი და აშ

აბა, რა აზრი აქვს ამ ყოველივეს წერას?
ჩემთვის - აქვს.
როცა 2003 წელს (24 საათი 15 თებერვალი) ანუ ოცი წელზე მეტის წინ, სტურუას აზრი გამოქვეყნდა ვეფხისტყაოსანი - იდიოტიზმიაო (დევს ბევრგან, მათ შორის - ფრაგმენტი - ჩვენს კედელზეც), მაშინ ვეფხისტყაოსანს ისეთი დიდი წონის მქონე პიროვნებანი ეროვნული მოღვაწენი გამოექომაგნენ, როგორიც გურამ შარაძე, ნოდარ ნათაძე და სხვები არიან. მაშინ პატარა ბავშვი ნამდვილად არ ვიყავი, (42 წლისა), მაგრამ მათ ნათქვამის ფონზე კიდევ რამის თქმა წერილობით, ჩემი მხრით გამოვიდოდა ,,კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო”.
დრო გავიდა და ისინი რახანია, უკეთეს ქვეყნად სუფევენ. ხმის ამომღები - როგორც ვატყობ, ბევრი აღარავინ დარჩა.
ინტერნეტმა გააჩინა საშუალება ოკეანის გაღმიდან პრობლემის პუბლიცირებისა - ანუ საერთო საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანისა….
მე ვალდებულად ვთვლი თავს, როგორც ამქვეყნად მყოფი, რომ რამდენადაც შემიძლია, დავიცვა ვეფხისტყაოსანი.
სხვა რა უნდა მრჯიდეს!
(მე - ჩემდა თავად, ისე დავბერდი, არასოდეს არავისი ლუკმა პირში არ ჩამიდია).
ეს დაცვა კი, როგორც ჩანს, მსხვერპლად ცოტას როდი მოითხოვს.
სამწუხაროდ, მეგობრობაც - ამ მსხვერპლის ნაწილი გამოდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი