ჯიგთახათუნი თუ ჯიქთახათუნი


ნინო დარბაისელი
ჯიგთახათუნი თუ ჯიქთახათუნი
   (ერთი ლექსის არეალი)
 
 
 
       გრიგოლ აბაშიძის ლექსი “ჯიგთახათუნი” - ჟანრობრივად ლიტერატურული მადრიგალია პირველად 1945 წელს გამოცემულ კრებულში დასტამბული ეს ლექსი   ამავე სახელწოდების   მცირე ციკლიდან - ერთ- ერთი საუკეთესოა და იმთავითვე  უაღრესად  პოპულარული, იმთავითვე გახალხურებული ქმნილებაა.
       ცოტა რამ ჟანრის ისტორიიდან:
        მადრიგალი - თავდაპირველად როგორც სატრფიალო , მცირე მოცულობის ტექსტის მქონე, ბუკოლიკური - მწყემსური, ხალხურ ენაზე შექმნილი სიმღერა, იტალიაში რენესანსულ პერიოდში წარმოიშვა და ადრეულ ბაროკომდე ვითარდებოდა, როგორც ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრი. შედარებით   გვიან იგი ორად გაიყო: მუსიკალური პლანი საფუძვლად დაედო მუსიკალურ კლასიკას, (შედარებით ახლო პერიოდიდან გავიხსენოთ სტრავინსკის, პროკოფიევისა და შნიტკეს მუსიკალური მადრიგალები) ხოლო მისმა ლირიკულმა - სიტყვადმა ნაწილმა - ლიტერატურაში გადმოინაცვლა.
      რაკი მადრიგალის ჟანრი თავიდან სიმღერასთან იყო დაკავშირებული, სასიმღერო სტრუქტურა,  ლიტერატურაში -  მეტწილად , ციკლურ-რეფრენულობაც და ა.შ.  გაიყოლა. ბუნებრივია, მან მან  სხვადასხვა ევროპულ ეროვნულ ლიტერატურაში სხვადასხვაგვარი, დამატებითი  ფორმობრივი ნიშნებიც შეიძინა, იმ ერის პოეტური ტრადიციის კვალობაზე.  თუმცა   ქართულში - იგი არ შემოსულა რაიმე,  მყარი ფორმობრივი ნიშნებით, ჩვენში იგი  დამკვიდრდა, როგორც მცირეზომიანი, დახვეწილი, სატრფიალო ლირიკული ლექსი.
        შეიძლებოდა მარტივად გვეთქვა, რომ ევროპული მადრიგალი რუსული პოეზიიდან გადმოვიდა ჩვენში და მოგვცა ისეთი ბრწყინვალე ნიმუშები, როგორიცაა ნიკოლოზ ბარათაშვილის ‘’საყურე’ ან  ხალხური მოტივების  შემომტანი ‘მადლი შენს გამჩენს ქალაო’ და დაგვემატებინა, რომ მისი ნიმუშები დასტურდება ალ. ჭავჭავაძის ლექსებშიც ‘’ეჰა, ჩემო ოცნებავ”, ‘მშვენიერთა ხელმწიფავ’ ;  დაგვესახელებინა გრ-ორბელიანის ‘’ ეკატერინა ჭა(ვჭავაძ)ისას”, ან ‘’ნ…სადმი’ , ასევე, მეტნაკლებად “ვინცა გნახოს’ , მაგრამ   მისი ნიშნები - მცირე ზომის, სატრფიალო, ლირიკიკული ლექსი,(თუმცა არა ევროპულ, არამედ აღმოსავლურ ინსტრუმენტთა ჟღერადობაზე მორგებული,   ჩვენი პოეზიოისთვის უცხო არ ყოფილა არც მის წინარე საუკუნეში, მაგ. ბესარიონ გაბაშვილთან ,,მშვენიერთა ხელმწიფევ’, რომელიც შემდგომ ალ. ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების ლექსის ინსპირაციის წყარო გამხდარა.
    მეოცე საუკუნის  ქართული მადრიგალებიდან საყურდღებოა ტიციან ტაბიძის “გაჭიანურებული მადრიგალი  დაუსახელებლად მიძღვნილი ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფლის - მარიამისადმი - ‘’ხარ ალეწილი, როგორც ვეფხვი ტაშისკარისა’. ასევე საყურადღებოა გალაკტიონის “იდუმალი ნათესავობა”, როგორც თავად უწოდა ‘’პანთეისტური მადრიგალი”. არ მინდა, ნათქვამი ისე გამომივიდეს, თითქოს მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიას ამ ჟანრის ნაწარმოებთა სიმცირე სჭირდეს. უფრო პირიქით, მარტო პეტრე გრუზინსკისა და მორის ფოცხიშვილის შემოქმედების გახსენება რად ღირს , მაგრამ  ჩვენი  კვლევის საგანი - მათ შორის მაინც საუკეთესოთა რიცხვს მიეკუთვნება.
      აი, ოცდამეერთე საუკუნეში კი   ამ ჟანრს ხანგრძლივი  კრიზისის ფაზა უდგება და სხვა მრავალი ჟანრივითა, თემასა თუ მოტივივით, ისიც ნარატიულ, თავისუფალ ლექსს უთმობს ასპარეზს. რაოდენობრივად -- ძველი ასაკის ავტორთა შემოქმედებაში იქნებ კვლავ მნიშვნელოვან ადგილსაც იკავებდეს, მაგრამ თვისებრივად - ნაჩვევ დონეს უკვე ჩამორჩება. რამდენჯერმე ახალი თაობის ავტორთა კარგი მადრიგალიც შემხვედრია.  ვშიშობ, საკუთარი მეხსიერებისადმი ზედმეტი ნდობის გამო, რამე არ შემეშალოს და ამიტომ არ კონკრეტულად არ ვასახელებ.
     მე მაინც ოპტიმისტურად ვთვლი, რომ ამჟამად ეს ჟანრი ხანგრძლივად ისვენებს და  დასვენებულზე უთუოდ თავის ახალ ადგილს მოძებნის.
 
  ვიდრე სხვა საკითხებზე მსჯელობას შევუდგებოდეთ, ჯერ გავიხსენოთ ლექსი; 
 
გრ. აბაშიძე
ჯიგთახათუნი
 
და შედგა ჩემი ბედის ბორბალი,
შეჩერდა შენი თმით დახლართული,
შენ ერთადერთი ხარ დედოფალი,
ჩემი ოცნების ჯიგთახათუნი.

მე ერთადერთი მხიბლავს ოცნება,
წვრილი წარბები, წყვილად გართხმული.
რაღაც გულწრფელი, ვით გაოცება,
და რაღაც კიდევ უფრო ქართული.

სად წავალ? შენსკენ მომაფრენს ქარი,
ფრთად მექცა შენი ყრმობის უღელი.
ყველგან თანა გდევ ფიქრივით ჩქარი,
ჩრდილივით ჩუმი და განუყრელი.

დე, ჩემს ეტლს ქარმა ქროლვა უცვალოს,
შეჩერდეს შენი თმით დახლართული,
ვეფხვზე უწყალოვ, ჯიქზე უწყალოვ,
შენა ხარ ჩემი ჯიგთახათუნი.
 
    ***
 
       იმისათვის,  რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა კონტექსტში იქმნებოდა ჯიგთახათუნის ციკლი,  რომელიც  გრ. აბაშიძის სხვა - პატრიოტული  თემატიკის ლექსებთან ერთად გამოქვეყნდა, უნდა შევეხოთ სამამულო ომის თემატიკის ასახვასაც გრიგოლ აბაშიძის ომისდროინდელ შემოქმედებაში.
       სავსებით ლოგიკურია, რომ პატრიოტულ თემატიკას -  წამყვანი ადგილი უჭირავს ომისდროინდელ ქართულ ლიტერატურაში.
      მისთვის იდეოლოგიური მიმართულების  მიცემას  ცენტრი მწერალთა კავშირის პლენუმებისა  და დისკუსიების  მეშვეობით  ახორციელებდა.
        რასაკვირველია, იმ დროს განსაკუთრებით მკაფიოდ, მნიშვნელოვნად გაისმოდა კლასიკოსთა  - გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის ალ. მირცხულავას და სხვათა ხმები.
     თუმცა  ეს იყო ერთი მიმართულება.
         კლასიკოსებს ასაკის, არასამხედროვალდებულების  გამო,  ფაშისტების წინააღმდეგ მიმდინარე  ნამდვილი ომი  - გამოცდილებაში არ ჰქონიათ. მათი თეზაურუსი ამ მხრივ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით -   რადიო-გაზეთის  ზოგადად გავრცელებული ინფორმაციითა და    სამშობლოს ისტორიით იყო  შემოწერილი,  რაც შესაბამისად აისახებოდა   სხვა მხრივ იდეოლოგიურად გამართულ და ფხიზლადკონტროლირებად  მათს ქმნილებებში.
       ამის საპირისპიროდ გამოიკვეთა  მეორე მიმართულება -  ოსტატობის ნაკლებობითა და  სამაგიეროდ, ნიჭიერებით  გამორჩეული,   გაუწაფავკალამიანი,  ომის, პრაქტიკული საბრძოლო გამოცდილების მქონე   მწერალთა(პოეტთა) ახალგაზრდა თაობა, გამოსული სამწერლო ასპარეზზე.
        ეს რასაკვირველია, იმთავითვე დაფიქსირდა და  იმთავითვე გაისმა ხმები ამ ორი თაობის დაპირისპირების შესახებაც.
        (ომის დამთავრების შემდგომ, ცხადია,  დადგა ტრანზიციული ანუ გარდამავალი ფაზა - ომის თემატიკამ  -   ლიტერატურაში  პოზიციები დათმო, კლასიკოსები  - საერთოდ  გაჩუმდნენ,  თვით  აქტუალობადაკარგული ომის თემატიკა კი  პატრიოტული   ლიტერატურის   საერთო  ქოლგის ქვეშ   იმკვიდრებდა ადგილს.
   მოგეხსენებათ,  საბჭოთა კავშირი იდეოლოგიურად მართვადი ქვეყანა იყო. მაშინდელ   იდეოლოგიურ ცენტრს  - მოსკოვს  უნდა განესაზღვრა, თუ რა მიმართულებით უნდა  განვითარებულიყო ლიტერატურა, რომ საბჭოთა ადამიანი   მაღალი იდეებითა და იდეალებით აღეზარდა.    
      გასული საუკუნის ორმოციანი წლების ლიტერატურის ისტორია მკვლევართა მიერ  ოთხ ეტაპადაა დაყოფილი    მეოთხე- ომის დასასრულისა  და ომისშემდგომ  პერიოდს მიეკუთვნება გრიგოლ აბაშიძის  ლექსების ციკლი” ჯიგთახათუნი” = სატრფიალო თემატიკის ლექსთა გაერთიანება, რომელიც  ბესარიონ ჟღენტმა 1945 წელს მწერალთა კავშირში გამართულ დისკუსიაზე  ‘’სინამდვილისგან განაპირების ცდად” მიუჩნევია.
       მაშინ ოცდაათი წლის მიდამოებში მყოფი  გრიგოლ აბაშიძე -    რაღაცნაირად, შუალედურ მდგომარეობში აღმოჩნდა:  ომის თემატიკის ასახვის მხრივ ასევე ოსტატობით,  იგი  არა ახალგაზრდათა, არამედ  კლასიკოსთა -  ხანდაზმულთა მიმართულებაშაში ექცეოდა,  (ტაბიძე,  ლეონიძე, მირცხულავა და ა.შ.) ანუ ქართულ ისტორიულ თემაიკას  უტრიალებდა, მეორე მხრივ კი  ქმნიდა  ახალგაზრდულ,  უმაღლესი  რეგისტრის სატრფიალო ლირიკას.
         ლოგიკურია, რომ იმ გარდამავალ დროს “ჯიგთახათუნით’ მაშინდელი  ოფიციოზი,   კრიტიკა დიდად  აღფრთოვანებული  ვერ იქნებოდა.
        მაგალითად,  ცნობილია, რომ ბესარიონ ჟღენტი, რომლის  მიერ   მწერლის მიმართ  უბრალო  შენიშვნასაც კი   ვერდიქტის  მნიშვნელობა ჰქონდა, აღტაცებით  არ შეხვედრია   ამ ციკლს.   მან აღნიშნა, რომ ახალი საბჭოთა ადამიანის აღზრდის დიდი ამოცანის გადაჭრის ნაცვლად, ქართველი პოეტები უსაგნო ლექსების წერას გაუტაცებია. მწერალთა კავშირში  გამართულ იმ დისკუსიაზე  ახალგაზრდა თაობას, რომელსაც  თუმცა  ნაწილობრივ,  მაგრამ თემატურად თანდათან მეტად მიეკუთვნებოდა გრ. აბაშიძე,  საჯაროდ გამოექომაგა იოსებ ნონეშვილი და   პრაქტიკულად,   დაუპირისპირდა  იმ  წამყვან იდეოლოგიურ ძალას, რომელსაც   იმ დროს სსრკ იდეოლოგიური ცენტრიდან მხარდაჭერილი, თავისთავად  უნიჭიერესი  ბესო ჟღენტი წარმოადგენდა.
 
***  
   
  რა შეიძლება ითქვას მისი ფორმის შესახებ? დავიწყოთ რიტმიკით: ერთი შეხედვით, ეს - ჩვეულებრივი, დიდად გავრცელებული რიტმის მქონე ლექსია, დიდი ცეზურით ტოლად გაყოფილი; ლოგაედური ათმარცვლედია, (5//5). მასზე გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას,  რომ რახანია, კატრენული სტროფის ყველაზე გავრცელებული   სახეობაა, განსაკუთრებით - მეოცე საუკუნის პოეზიაში, ჯვარედინად გარითმული ან მხოლოდ ლუწტაეპებგარითმული ეს საზომი მკვეთრად პრევალირებს რითმიან ლექსში, მეტადრე - ოთარ ჭილაძის წყალობით. 
      ო. ჭილაძემ ამ, წინამორბედთა მიერ კარგად გაცვეთილ, ‘გადარეცხილ’ საზომში ნაირფეროვანი ინტონაციური მიმოხვრანი შეიტანა, გაამდიდრა სინტაქსურ-ინტონაციური პარალელებით, ასევე, არა-პარალელური სინტაქსურ-კონცეპტუალური ნოვაციებით და ამის გამო, მისი ტვიფრი არც არასოდეს იმალება, უცებ საცნობია, თუნდაც მრავალრიცხოვან, წარმატებულ ეპიგონთა ნაწერებში.
    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოთარ ჭილაძის ათმარცვლედი რითმათა ორიგინალობას დიდად არ დაგიდევთ, შეიძლება ითქვას, რომ იგი საგანგებოდაც კი ‘’აჩუმებს’’ თავის ასონანსურ რითმას, რათა ინტონაციას მეტი გასაქანი მისცეს.  ნათქვამს ისე ნუ გავიგებთ, თითქოს მას საერთოდ არ ჰქონდეს ორიგინალური რითმებიც, განსაკუთრებით - შემოქმედების საწყის პერიოდში, მაგრამ რაც მეტად გამოკვეთს საკუთარ ხმას, მით ნაკლებად ცდილობს იგი, ლექსის წამკითხველის ყურადღება რითმის ორიგინალობისკენ მიმართოს,
უფრო - პირიქით.
     მეფიქრება, რომ მისი პოეზიის ეს თვისება, შესაძლოა, რეაქციაც ყოფილიყო გაფეტიშებული რითმის წინააღმდეგ. თუმცა მჯერა, რომ ქართულ რითმას გამრავალფეროვნების პერსპექტივა ჯერ კიდევ აქვს, მოძალებული თავისუფალი ლექსის პირობებში, თუნდაც თემატიკური გამრავალფეროვნებისა და ენის ლექსიკურ ბაზაში მიმდინარე, ინტენსიური გამდიდრებითი  პროცესების გამო.
      რას აკეთებს გრიგოლ აბაშიძე საკუთარ ათმარცვლედში განსხვავებულსა და საყურადღებოს?
        შეგვეძლო, ამ ლექსის სტროფთა კენტი ტაეპების რითმა მარტივად, დაქტილურადად მიგვეჩნია, რომ არა ძლიერად გამჭოლი ასონანსური რითმულ-რიტმული იმპულსი, აქცენტირებული სათაურიდანვე და ამ მხრივ მასთან დაკავშირებულ ლუწ სტრიქონებში, რომელთა ექოც მეორდება კენტებში და საბოლოოდ, რითმულ-რიტმულ   ერთიანობას ქმნის. 
    ანუ ავტორს თავის რითმიან, ათმარცვლედ ლექსში - თავიდანვე  შემოაქვს არა უბრალოდ, უცნობი სიტყვა, არამედ ეგზოტიკური საკუთარი სახელი, ძლიერი ოკაზიონური რითმით, - მრავალმარცვლიანი (5) საკუთარი სახელი - ჯიგთახათუნი  - რომელიც  ტაეპის უძლიერეს ადგილას, ბოლოკიდურშია ანუ სარითმო პოზიციაშია დაყენებული,
    ეს  სახელი ქართული ლოგაედური ათმარცვლიანი ლექსის  ბუნებისამებრ,  ქორე-დაქტილს გვაძლევს (ჯიგთა// ხათუნი - 2/3). და ირითმება სინტაგმასთან -  “ თმით და - ხლართული”.
     ამრიგად შექმნილი რიტმული ინერცია მოიცავს ლექსს ბოლომდე და ე.წ. სარითმო წყვილები, სადაც არა მხოლოდ რითმის , არამედ მთლიანად ლექსის ასონანსურობიის წყალობით უკვე ბგერობრივ ვარიაციებს უხსნიან გზას, ამავე დროს ინარჩუნებენ რა ძლიერ კავშირს  ეგზოტიკურობით აღბეჭდილ პირველ, ფინალში განმეორებულ მკვეთრ სარითმო წყვილთან  (თმით დახლართული/ჯიგთა ხათუნი).
    ასეთ რთულ ფორმობრივ ამოცანებთან გამკლავება - “”მღერად რომ  გიჩნდეს’, საკმარისი არ არის ოდენ დახვეწილი პოეტური  სმენა და ოსტატობა,   მართლა უთავბოლოდ უნდა იყო შეყვარებული, თანაც მართლა ულამაზეს ქალზე.
   ვერ ვიტყოდი, რომ დედოფალთან შედარება საყვარელი ქალისა - ზოგადად ქართულ სატრფიალო პოეზიაში დიდი სიახლის მატარებელია. განა ყველა შეყვარებული კაცისთვის საკუთარი ტრფობის საგანი სხვა ქალთა შორის ისედაც დედოფალი არაა? - ( “შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა” “მაშ თვალები თამარ მეფის რისთვის გამოგყოლია” და ა.შ) თუმცა ეს კიდევ ცოტაა, თვით ღვთისმშობლამდე აღზევებული სატრფოც ხატებაც არ გვაკლია,  ქართულ “ხალხურ” პოეზიაში. ( ხომალდში ჩავჯექ, ზღვას გაველ… ანთებულ სანთელს გამსგავსე, ცისკრის ლოცვაზე გნახეო, ხელში გეჭირა ყმაწვილი…  გავიხსენოთ, აქ გამოსახულ ქალს უკვე საუკუნის წინ გ. ლეონიძემ’ ‘”ქართული მადონა’ უწოდა.  ( ბახტრიონი”)   სატრფოს ღვთისმშობლის ხარისხამდე აღყვანება -  არც ქართულ ლიტერატურულ პოეზიაში გვეუცხოება. გავიხსენოთ თუნდაც  ე.წ. “ქართული მერიანა’- გალაკტიონთან, გვიან და გვიან, უკვე საბჭოთა პერიოდში - მარინა / მარინეს მოდუსებით. ‘’მარინა, მაგრამ როგორ გამიგებ” (ო.ჭილაძე) ‘ჩემს სახეს ყვითელ ფოთოლზე დახატულს, შენი ალერსი უნდა, მარინე   ( ბ,ხარანაული, “თებერვალი, ივრის ჭალები”.)
   მაგრამ თუკი დასახელებულ მაგალითებში საქმე მაინც უცნობის საყოველთაოდ ნაცნობთან მიმსგავსებით ახსნასთან გვაქვს, გრიგოლ  აბაშიძეს საკუთარი ამაღლებულად რომანტიკული, ლირიკული განცდის გადმოსაცემად,  მეტაფორის გამოყენებით,  (“ შენა ხარ”) შემოაქვს არა ნაცნობი, არამედ  ადამიანის საკუთარი სახელით -  ეგზოტკურად მარკირებული, უცნობი ინსტანცია და ისიც სხვადქმნილი… ამაზე მოგვიანებით კიდევ ვაპირებთ ორიოდე სიტყვის თქმას, აქ კი ის ვიკმაროთ, რომ უცნობის მასზე კიდევ უცნობთან შედარების მეშვეობით, ავტორი ახდენს მიმართვის ობიექტის პოეტურ გამითებას_ მითოსური საბურველით შემოსვას და  თავისთავად მომხიბლავი რეალობიდან - თავისებურ დისტანცირებას, ზრდის რა  პოეტურ არეალს კონკრეტული ქალიდან - მანამდე არარსებულ, უფრო ზუსტად, თითქმის არარსებულ ინსტანციამდე. (ამაზეც- მოგვიანებით). 
 
 
***
      არსებობს ამგვარი მოვლენა ლექსის თხზვის პრაქტიკაში - ავტორი მოკლე საზომით განიზრახავს ლექსის  ფორმის შექმნას, დასაწყისიდან რაღაც მანძილს ასეც გაივლის, მაგრამ დგება  მომენტი როცა იგი თითქოს  რითმულ ფონს დაჰკარგავს, “შესჭირდება’’ და არჩეულ  ვრცელ საზომს კვლავ ’’აღადგენს’.  შედეგად -  მოკლე საზომისათვის მორგებული ბოლოკიდური რითმები - შიდა რითმებად გარდაიქმნება, რბილდება და  უფრო ბგერწერულ ხასიათს, ფუნქციას იძენს. აქ ახალი მაგალითებით არ გადაგღლით, გავიხსენოთ თუნდაც  ყველასათვის ნაცნობი -გალაკტიონის ‘’ლურჯა ცხენები’. შემხვედრია ლექსები,   თავიდან ბოლომდე გარითმული, მაგრამ გამომცემელთა მიერ, ადგილის ეკონომიის მიზნით გავრცელტაეპებული. ეს ამბავი უფრო ოქტომბრის რევოლუციამდელ პერიოდში იყო მიღებული.
      ლექსმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია იცნობს ამისი საპირისპირო მოვლენასაც - არსებობდა საკმაოდ გავრცელებული აზრი, რომ მაიაკოვსკი სტრიქონებზე ტაეპის დატეხვით მიღებული ლექსით კი რევოლუციამდეც წერდა, მაგრამ მერე, საბჭოთა პერიოდში ამ მხატვრულმა ხერხმა მისთვის უკვე ფინანსური - ანაზღაურებითი მოტივი შეიძინა. მას კომუნისტები გამოქვეყნებული ექსის სტრიქონთა რაოდენობის მიხედვით უხდიდნენ უმაღლეს ჰონორარს - ‘’რუბლს’ ,( ჰონორარი მაშინ რაოდენობრივად სამსაფეხურიანი ყოფილა) პოეტიც- ცდილობდა, მეტი სტრიქონი ჰქონოდა, ამას მის შესახებ არსებული მემუარული ლიტერატურა გვამცნობს.  
   გრიგოლ აბაშიძის ეს ლექსი, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ათმარცვლედია.   აქვე დავაზუსტოთ, რომ ეს არაა ქართულ პოეზიაში ათმარცვლედი ლექსის ისტორიულადაც ერთადერთი სახეობა  (იხ . თ. ბარბაქაძის  ნაშრ. ათმარცვლიანი საზომი ( 4/4/2 )  ქართულ პოეზიაში” ჟ. სჯანი 2006),  მაგრამ  აქ  ტრადიციული ათმარცვლედი ქორე-დაქტილურია და დიდი ცეზურით ორ ტოლ მუხლად გაყოფილი. ახლა მივმართოთ ლექსმცოდნეობით კვლევებში ცნობილ ასეთ სამუშაო ხერხს  -  ლექსი დიდ ცეზურასთან გავკვეთოთ და ვნახოთ  ლექსის  ტაეპთა მეორე მუხლები. მე ვთვლი, რომ ამგვარი ოპერირება - სრულ  ნახევარ-ლექსს იძლევა და ამ მოვლენას ხელს სწორედ ასონანსური რითმის თავისებურება განაპირობებს, მისი კომპოზიციური სტრუქტურა,  რაც დასაწყისშივე გაკვრით აღვნიშნე... 
 
 
ბედის ბორბალი,
თმით დახლართული,
ხარ დედოფალი,
ჯიგთახათუნი.
 
 
მხიბლავს ოცნება,
წყვილად გართხმული.
ვით გაოცება, 
უფრო ქართული.

მომაფრენს ქარი,
ყრმობის უღელი.
ფიქრივით ჩქარი, 
და განუყრელი. 

ქროლვა უცვალოს,
თმით დახლართული, 
ჯიქზე უწყალოვ, 
ჯიგთახათუნი.
 
ეს ლექსმცოდნეობითი ექსპერიმენტი უფრო იმისთვის დამჭირდა, , რომ მეჩვენებინა, თუ მთელი ქორე-დაქტილური ლოგაედის მომცველი, ჰიპერდაქტილური ასონანსური რითმის მეშვეობით, (ჯიგთახათუნი - თმით დახლართული) აქ როგორაა ჩამალული შიდა ლექსი,  
       ტექსტში არაფერი შემიცვლია., პუნქტუაციისათვისაც არ მიხლია ხელი, თორემ უკეთესადაც შეიძლებოდა, თუმცა   ასე ტექსტზე მკვლევარის მეტისმეტი ძალმომრეობა კი გამომივიდოდა.
   იგივე ნაწილი ლექსისა -  იმითაც არის საყურადღებო, რომ  თვალნათლივად გვიჩვენებს მეორადი მარიტმიზებელი საშუალებების ხასიათს.
    კერძოდ . დავუკვირდეთ:
   სინტაგმათა უმრავლესობა, არსებითი ან ზედსართავი სახელები (გამონაკლისია  ა. -ხმოვანზე დაბოლოებული ოცნება/ გაოცება, .ასევე, ო= უცვალოს/ უწყალოვ )სახელობით ბრუნვაშია წარმოდგენილი, ხოლო პოეტური ლექსიკის სელექცია, არსებითი იქნება თუ ზედსართავი, ძირითადად სახელობითში დაყენებულ, ‘”ლასზე’ დაბოლოებულ სიტყვებს მოიცავს.
      უხეში სტატისტიკა რომ მოვიხმოთ, სახელობითი ბრუნვის ფორმები რაოდენობრივად ისე შეეფარდება არა-სახელობითებს , როგორც  ათი - ორს. მათთან უნისონშია ტაეპთა პირველი ნაწილებიც, სადაც   დიდი ცეზურის დასაწყისები ბგერერულად, “ ინით” დაკავშირებულია  მეორე ნაწილთან.  ზოგადად, ადვილი შესამჩნევია, რომ ხმოვან ‘ინს’ უჭირავს უნისონურად უჭირავს ლექსის ჟღერადი პლანი. რასაკვირველია, ამ ეფექტის გაძლიერებას რითმაც უწყობს ხელს.
         
***
      აქვე გარეგნულ კომპოზიციაზეც ვთქვათ : ეს მცირე ლექსი რკალური რითმული რეფრენითაა შეკრული, რაც ჩვენს შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ   ფინალში განმეორებულია ჰიპერდაქტილური რითმა პი -რველი  სტროფის წყვილი ტაეპებისა, (დახლართული/ ჯიგთა ხათუნი), თუმცა  არარითმული ნაწილი - ცვალებადია.
      ერთიც და აქ - მორჩა!
      კლიშე პოეტიზმებში, ურომლისოდაც უბრალოდ, პოეზია არც არსებობს,: ბედის ბორბალი, ქარი, ოცნება და აშ. შემოდის მოულოდნელი, კონკრეტიკა ,,წვრილი წარბები, წყვილად გართხმული”  და მე ვიტყოდი,  ლექსის კონკრეტულ-სახეობრივი პლანის ფოკუსი სწორედ ამ სახეს უჭირავს.
  გავიხსენოთ, ქართულ პოეზიაში გვაქვს: წარბთა ტევრი, გიშერი, მშვილდი , წარბები გადაწოლილი, კალმით ნახატი და ა.შ, მოკლედ, აღმ. პოეზიისა და ესთეტიკის  დარად, წარბის აზიდულობა, სიშავე და სიხშირე -   თამარის ფრესკაზე გამოსახული წარბებივით, არაა რაიმე სიახლის შემცველი, აი, სიწვრილე კი - მოულოდნელია, ესთეტიკურად დაუფუძნებელი, მაგრამ ვიზუალურ რეალობას ასახავს.
    იქნებ ეს ნიშანი იყო ახალ ესთეტიკაზე გადასვლისა?
ოთხმოც წელზე მეტი დროა გასული ლექსის შექმნიდან და ვფიქრობ, რომ სწორედ დრომ გვიჩვენა  რომ - არა! … 
    თუმცა ზოგადად, ვინმესადმი გრძნობათა გამოხატვის მხრივ, გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან თანდათანობით დაძლეულია   ჩვენს პოეზიაში  ზოგადესთეტიკური, კლიშე- იდეალი ქალისა და და ამ მხრივ ქართული პოეზია მეტი და მეტი კონკრეტიკის გზას ადგება.
 
 
***
როგორც უკვე მრავალგზის აღვნიშნე, საკუთარი სახელ  ” ჯიგთახათუნი” სამჯერ მეორდება ამ მცირე ლექსში. ორჯერ დასაწყის და დასასრულ სტროფში ბოლოკიდურ, შემკრავ რითმად და ერთხელაც- სათაურში.
      ეს - ყველაფერთან ერთად, დამატებით მარიტმიზებელ საშუალებას ქმნის. გავიხსენოთ, ლექსმცოდნეობის კლასიკიდან:  ლექსში რაიმე გამეორების რიტმულ ფუნქციაზე იმ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობა, თუ გვიფიქსირდება მინიმუმ, სამი თანაზომიერი ან პოტენციურად თანაზომიერი რაიმე ერთეული: სიტყვა, ერთგვაროვანი წევრი წინადადებისა ერთგვაროვან პოზიციაში და ასე შემდეგ.
    ალბათ უმჯობესი იქნებოდა, ამ ლექსზე მსჯელობა არა სათაურის ,,ჯიგთახათუნის” ხსენებით, არამედ  უშუალოდ სათაურით დაგვეწყო.   ლექსს ავტორის მიერ ეწოდება “ჯიგთახათუნი”.  
   საქმე ისაა, რომ ამ სახელის მქონე პიროვნებას არ იცნობს არც ქართული ლიტერატურა და არც ისტორია, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მეფე დავით ულუს ანუ მეშვიდეს- (ლაშას ძეს) ცოლად ჰყავდა ზოგი გადმოცემით მონღოლი ნოინის, ხოლო ზოგით - სელჯუკი მეფის ასული  “ ჯიგდა ხათუნი”. (დონ-ით და არა თან-ით, ანუ აქ ჩანაცვლებულია ქართულ თანხმოვანთა სამეულებიდან ერთის (დტთ) - წევრი.
      ვისაც ლექსი შეუთხზავს, მოეხსენება, რომ ჩვეულებრივ, რითმასა თუ ბგერწერულ პლანში სამეულთა წევრები  ერთმანეთს ადვილად ენაცვლებიან, როგორც ამ ლექსში.
     
      სახელი “ჯიგდა-ხათუნი” ორნაწილიანია. ხათუნი  - ზოგადად ქალბატონს ნიშნავს, წარჩინებულ ქალს - ეს ცნობილია, მაგრამ რას ნიშნავს “ჯიგდა”?
 არსებული ვერსიებიდან  (პატარა- უმცროსი, მარდი-ყოჩაღი, კარგი მოჯირითე - ჯიგიტის ქალური ვარიანტი, ქალთა უფროსი) უფრო სარწმუნო ჩანს ტავტოლოგიური” ქალბატონი” ანუ ჯიგდა- ხათუნი გამოდის  ქალბატონი-ქალბატონი.
    წყაროთა მიხედვით ულუ დავითს მასზე 1247 წელს უქორწინია და რაკი ქრისტიანული ჯვრისწერა მოითხოვს, რომ წყვილი ქრისტიანი უნდა იყოს, მოუნათლავთ და დავით ულუს ბებიის - დიდი თამარის სახელი უწოდებიათ, ანუ იგი თამარ-ხათუნი გამხდარა.
          ისტორიულ წყაროთა ცნობები ჯიგდა ხათუნის შესახებ ძალზე მწირი გვაქვს.
         ვიცით რომ იგი კონსორტი იყო, რაც ნიშნავს დაქორწინებულობას ტახტის მფლობელზე, მის მეუღლეობას, და არა ტახტის ფლობას.
           ეს ორი სხვადასხვა რამაა. მაგალითად, თამარ მეფე იყო ტახტის მფლობელი, ხოლო ჯერ გიორგი რუსი, შემდგომ კი დავით სოსლანი მისი ქმარი კი იყო, მაგრამ ტახტის მფლობელი არ ყოფილა, ჯიგდა ხათუნს ჭკვიან ქალად ახასიათებენ. მას დავით ულუ იმდენად ენდობოდა, რომ იგი_ კონსორტი , რეგენტად ანუ მეფის მოვალეობის შემსრულებლად დაუნიშნავს, როცა ბათო ყაენთან გამგზავრებულა. ხოლო დამხმარედ  მესტუმრე ჯიქური მიუჩენია.  ხელმწიფის კარის წესით, ეს ფუნქცია მას კი არა, უნდა დაკისრებოდა მწიგნობართუხუცესს.
  ხალხურ სიტყვიერებაში შემორჩენილია რამდენიმე ამბავი ჯიგდა//ჯიგა დედოფლის შესახებ.  
     ერთგან მოთხრობილია თორღვა პანკისელთან  მისი დაპირისპირებისა და მოკვდინების ამბავი, ასევე, დიდებულ ხელქვეითთა შეთხზული ამურული ამბავი, დაკავშირებული მესტუმრე ჯიქურთან, რომლის გამოც, დავით ულუმ მეტეხის ციხიდან მტკვარში გადააგდო ჯიქური და ასე მოკლა. ჯიგდა, იგივე თამარ ხათუნი - ნათლობით, 1252 წელს უნდა გარდაცვლილიყო, ხოლო რაკი უშვილო გამოდგა, ბიბლიური წესისამებრ, თავის ქმარს დავითს დროებით თავისივე ოსი ხასა ალთუნი შერთო და გაჩენილი ქალ-ვაჟი ოფიციალურად იშვილა, (ვაჟი - მომავალში დემეტრე  თავდადებული) თუმცა ადრე დააობლა. ეს დედოფალი  ისტორიასა და ხალხურ ცნობიერებას შემორჩა როგორც ჭკვიანი, ლამაზი, თუმცა ტრაგიკული პერსონა.
    - არა მხოლოდ ამ, არამედ გრიგოლ აბაშიძის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი თხუთმეტამდე ლირიკული ლექსის ადრესატის - პოეტის ცოლისა და მუზის სახელი - ლამარა და სახელი თამარი,  (ჯიგდა ხათუნის ნათლობითი სახელი) ჩემი ფიქრით, სხვა, დამატებით კავშირსაც ავლენს.
      ორსავე  სახელში  (ლამარა და თამარი)   სონორულად  ‘ჟღერადი ბირთვი-  ამარ  -  იგივეობრივია (თ-ამარ-ი და ლ- ამარ-ა) , თუმცა ეს უკვე არა  საკუთრივ ტექსტუალური, არამედ  ჩვენთვის საინტერესო ლექსის ტექსტგარეთა ამბავია.
     აქვე დავამატებდი კიდევ ერთ სვანურ ისტორიულ თქმულებას.  უშგულის  ლა-მარია  - სვანურად წმინდა მარიამის სალოცავია,  სადაც   დღემდე შემორჩენილი სვანური გადმოცემით, მეფე თამარი ყოველწლიურად  სალოცავად დადიოდა,  და იგი   წარმართული პანთეონის  წევრის -   მითოლოგიური ნაყოფიერების ქალღმერთის ლამარია-ლამარას   ‘გაქრისტიანებულ’ ვერსიადაა ქცეული.
 
   
***
    საკითხის ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევისას მუდამ არსებობს ერთი ასეთი საცდური, ზოგ მკვლევარს  თავისი თეზაურუსი შეაქვს საკვლევ მასალაში, ანუ იმგვარ ცოდნას მიაწერს ტექსტის ავტორს ‘’უკანა რიცხვით’, რაც მას თავისი დროისა და პირობების გათვალისწინებით, არაფრით შეიძლება სცოდნოდა.  
          პირობითად დავუშვათ, დღეს რომ აღმოჩნდეს გალაკტიონის  ხელნაწერი ლექსი, სადაც კომპიუტერსა და ხელოვნურ ინტელექტზეა საუბარი, ის კი არ უნდა დავასკვნათ, რომ პოეტმა გენიალური ინტუიციის წყალობით მომავალში” შეირბინა”, არამედ ის, რომ ხელნაწერი არის კარგი ყალბისმქმნელის ოსტატობის ნაყოფი.
     ამ, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი  მაგალითის მოხმობა იმისთვის დამჭირდა, რომ ვთქვა:  გრიგოლ აბაშიძე იყო სწორედ ის ავტორი, რომელსაც გულმოდგინედ ჰქონდა შესწავლილი თავისი დროისთვის ხელმისაწვდომი , სწორედ ჩვენთვის საინტერესო ეპოქის შესახებ არსებული ისტორიული თუ სხვა ხასიათის წყაროები, რომელიც საყოველთაოდ ცნობილ საკუთარ პროზაულ ქმნილებებს დაუდო საფუძვლად.
      ეს  განმიმტკიცებს აზრს, რომ ‘ლაშარელასა’ ავტორმა შესანიშნავად იცოდა , თუ რა ერქვა ლაშა გიორგის ძის ულუ (უმცროსი) დავითის ანუ დავით მეშვიდის ცოლს - ‘ჯიგდა - ხათუნი’, მაგრამ მან საკუთარ ქმნილებაში  ეს ავტენტური სახელი კი არ გამოიყენა, ლექსს  ‘ჯიგთახათუნი ‘უწოდა, ეს მისი მხრით, უკვე პოეტური მითისქმნადობა იყო.  ავტორის ინდივიდუალობით აღბეჭდილი.
      პოეზიის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი ამბავია, რომ  ლექსი შექმნისთანავე  ზეპირად გავრცელდა, გავრცელების მხრივ ალბათ გრიგოლ აბაშიძის სატრფიალო ლირიკიდან, (არა - თარგმანებიდან - ვგულისხმობ  შ. პეტეფს) უთუოდ პირველ ადგილზეა, მაგრამ  რაკი ბოლო სტროფში პირდაპირი ალუზია გვაქვს ვეფხისტყაოსნის პროლოგისეულ ტაეპზე ’’იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო, ვითა ჯიქიაო’.:
 
ვეფხვზე უწყალოვ, ჯიქზე უწყალოვ,
შენა ხარ ჩემი ჯიგთახათუნი.
 
ხოლო ლექსი უკვე, იმთავითვე, ყოველ შემთხვევაში ჩემს  ყმაწვილობაში ზეპირსიტყვიერად ფართოდ იყო ზეპირსიტყვიერად გავრცელებული და გრ. აბაშიძისეული ჯიგთახათუნი -   უკვე “ჯიქთახათუნად” იყო ქცეული. 
       ეს არის ინდივიდუალური შემოქმედების ნაყოფის ახლებური, ხალხური  სემანტიზაცია:
      ხალხურ “ჯიქთახათუნ- ში” ამ მცირე ფონეტიკური ცვლილების შედეგად ჩნდება  ნართანიანი მრავლობითის ფორმა, შედეგად, ორნაწილიან საკუთარ სახელს პირველი ნაწილის კერძობა- საკუთრიობა  ეკარგება, - უკვე იგულისხმება არა ერთი, არამედ მრავალი ჯიქი ანუ მრავალი უწყალო სატრფო. ხოლო რაკი იგი დედოფლად მოიაზრება,  ხათუნი კი თავის მხრით, უფროს ქალს, ქალბატონს ნიშნავს, ამრიგად, სახე მითისქმნადობის შედეგად მიღებული სახე = ზოგადდება - ქალი გამოდის მწვერვალთ-მწვერვალი დედოფალთა-დედოფალი!
შედეგად ადრესატი გამოდის არა ერთი, გამოთებული, თუნდაც ულამაზესი, კონკრეტული ქალი -  პოეტის ცოლი ულამაზესი ლამარა აბაშიძე, არამედ ნებისმიერი ქალი, ვინც ლექსის ამ   ვერსიის მცოდნემ   ულამაზესთა შორის ულამაზესად შეიძლება მიიჩნიოს.
 
 
ანუ ჩვენთვის საინტერესო ორნაწილიანმა,  კომპოზიტურმა საკუთარმა სახელმა ასეთი საფეხურებრივი გზა განვლო;
1. დედოფალი - ჯიგდა-ხათუნი - ისტორიული რეალია.
2. ინდივიდუალური პოეტური მითქმნადობა- ჯიგთახათუნი - გრ. აბაშიძის ლექსში;
3. კოლექტიური ‘’  - ფოლკლორული წაკითხვა -გავრცელება - ჯიგთახათუნი -დედოფალთა დედოფალი.
თუმცა ამ ისტორია აქ არ მთავრდება. 
 
***
  კომპიუტერული ტექნოლოგიების შემოსვლა- დანერგვას საქართველოში დასაწყისიდან, თუმცა რატომ მხოლოდ დასაწყისიდან, აქამომდე ძირითადად არაორგანიზებული, მე ვიტყოდი, სტიქიური ხასიათი აქვს,
      ეს შეეხება განსაკუთრებით გაციფრების სფეროს, თუმცა ბოლო ხანებში ამ მხრივ რაღაც პოზიტიური სიახლეები შეინიშნება.      
      მოხალისე- ხშირად პოეზიისმოყვარულ არაპროფესიონალთა ხელით აკრეფილი ლიტერატურული ტექსტები, თუკი თავიდან რაიმე შეცდომას, უზუსტობას შეიცავდა, და ნამდვილად შეიცავდა კიდეც, ვრცელდებოდა და ვრცელდება  იმ თავდაპირველი შეცდომებით  და აქ აღარაფრის შველა არ შეიძლება.
      ფოლკლორი - ხომ ადამიანის ზეპირსიტყვიერებითი მოღვაწეობის სფეროს მოიცავს, მისი ჩაწერით. შემდგომში  ტირაჟირებით ჩვენ პრაქტიკულად ვახდენთ მის ლიტერატურიზაციას (ლიტერა). ცივილიზირებულ კულტურებში, კაცმა რომ თქვას, ფოლკლორისტული თვალსაზრისით, მოსაპოვებელ-მოსაძიებელი არც არაფერია დარჩენილი.  რახანია, ყველაფერი შესწავლილი, მეცნიერულად დამუშავებული და კლასიფიცირებულია. ინტერნეტმა, სიცქსელებმა ათასგვარი  ავტომატური მთარგმნელის გამოყენებით შექმნა ერთიანი, მულტიეროვნული კულტურული სივრცე.
      და აი, დანერგილმა კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა გააჩინა ფოლკლორის ახალი სახეობა - ლიტერატურული ფოლკლორი: მასობრივად, უკონტროლოდ მიმდინარეობს არათუ სათუო, დაუსაბუთებელი  ცოდნის, შენათხზავის, ვინმეს ფანტაზიის ნაყოფის რეალურად გასაღება და მყისიერი გავრცელება, არამედ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პოეზიის, მუსიკისა და ზოგადად, ხელოვნების ყალბი ნიმუშების შექმნაც.   შეიქმნა და გავრცელდა ელექტრონული  9სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტით შერქმნილი სიმღერებიც “ჯიქთახათუნად” დამკვიდრებულ ამ ლექსზე.  
        იქნებ თავდაპირველმა ანონიმმა, მოხალისე ინტერნეტ-მომხმარებელმა, რომლის ვინაობის დადგენაც ახლა შეუძლებელია და არც რაიმე ნაყოფის მომცემი, ისე დაწერა ლექსი, როგორც თავად ახსოვდა ზეპირად, მერე კი ეს  ინტერპრეტაციული შეცდომა გავრცელდა და
    ჩემი წარმოდგენით კი ასე მოხდა. თავდაპირველად სწორად აკრეფილ-შეყვანილმა ტექსტმა, მასში დაფიქსირებულმა საკუთარმა სახელმა ,,ჯიგთახათუნი’ ინტერნეტშიც იგივე გზა გაიარა, რაც იმთავითვე რეალობაში ერგუნა, ანუ  მისთვის ეს უკვე მეორე, პირველის ანალოგიური, ამჯერად   საბოლოო ინტერნეტ-სემანტიზაციაა .
    რამდენადაც ეს არ არის ჩემთვის პირველი შემთხვევა, როცა ინტერნეტით გავრცელებულ  მცდარ ინფორმაციას აღარაფერი შველის.
        და ამას   საკუთარი მწარე გამოცდილება მათქმევინებს: კერძოდ , არაერთწლიანი გუნდური ბრძოლა პაოლო იაშვილის   “დარიანული დღიურების ‘’  სხვისთვის მიკუთვნების გამო და წინააღმდეგ, დასასრულ  დასკვნის სახით ვიტყოდი:
      გვინდა თუ არა, მოგვიწევს შეგუება იმ გარემოებასთან , რომ ჯიგთახათუნი ინტერნეტში უკვე საბოლოოდ იქცა - ჯიქთა ხათუნად თუ ჯიგთახათუნად (გვხვდება ორივე დაწერილობით) ანუ დედოფალთა დედოფლად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი