გათხოვება და ქანქარა
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნინო დარბაისელი
გათხოვება და ქანქარა
საქართველოში რომ გათხოვება, თანაც კარგად გათხოვება ქალურ პრობლემათა მთავარ რიგს მიეკუთვნება, ეს აშკარა, სახელდარქმეული ფაქტია.
როგორი მოდიფიკაციაც არ უნდა განიცადოს მიდგომამ, გამოხატულმა ფრაზით ,, პატრონს ჩაბარდა”, როგორ დასავლურადაც არ უნდა მიაჩნდეს თავი თვითონ ქალს, საბოლოოდ კარგი შემნახავის პოვნაზე, კარგად გათხოვებაზეა ორიენტირებული.
რაც ჩემი ფიქრით, ცუდი სულაც არაა. პირიქით, ძალიანაც კარგია.
(თქვა დარბაისელმა ციციკორემ😁… აქ მე არაფერ შუაში ვარ, გ. ლეონიძემ უწოდა)
ბოლო წლების მანძილზე მთელს ცივილიზირებულ მსოფლიოში გაშლილი იყო აქტიური პროპაგანდა აზიური ქვეყნებისთვის ტიპობრივი, ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ, რაც ჩემი ფიქრით, ასევე ძალიან კარგია.
პარალელურად, მიმდინარეობდა მუშაობაც ახალგაზრდა თაობისათვის იმ ქალთა მაგალითად დასახვისა, რომელთაც ძალადობრივ გარემოს თავი დააღწიეს, შეძლეს მამაკაცთაგან დამოუკიდებელი ფინანსური მდგომარეობის მოპოვება, ისინი თავად ამბობდნენ უარს გათხოვებაზე და ოჯახშეუქმნელი ყოფა ირჩიეს და ამის გამო სულაც არ გრძნობდნენ თავს ნაკლულოვნად და ვინმეზე ნაკლებად, უფრო - პირიქით!
საქართველო რის საქართველოა, საერთო ფეხის ხმას ამ მხრივაც რომ არ აჰყოლოდა!
მეც შემხვდა საერთო კედელზე ინტერვიუები ასეთ ქალებთან, საკუთარი უშვილობა - უბედურებად კი არა, ლამის დანარჩენ, შვილებზე მზრუნავ ქალებზე უპირატესობად რომ დაუსახეს ერს.
ფეისზე შემხვედრია სხვებზე მზრუნავი ქალებისადმი, მათი იერისადმი ერთგვარად ირონიული გამონათქვამებიც, - ამ მხრივ საკუთარ უპირატესობაში დაჯერებული, გაუთხოვარი ან განათხოვარი ქალების მხრიდან.
რა დიდი გამოცნობა უნდა, რომ ქალი რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს და სხვებზე არ იხარჯება რაიმე მხრით - უკეთად გამოიყურება, ვიდრე ის, ვისაც შვილები ჰყავს მისახედი.
არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს წყვილთა მიერ წინგაუხედავ, დაუგეგმავ, ჩვენში ტიპობრივ, შემდგომ ნაბიჯზე დაუფიქრებელ ნაბიჯს ვამართლებდე, ბავშვი რომ გაჩნდება, ასე ვთქვათ, ალალბედზე და მერე არკვევენ, თუ ვინ უნდა იკისროს მასზე მზრუნველობა, პასუხისმგებლობა -
მშობლებმა, საზოგადოებამ თუ სახელმწიფომ.
გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემში მწარეღიმილიან განცდას იწვევს ეკრანის წინ ზოგიერთი მრავალშვილიანი (ორზე მეტი - უკვე - მრავალია) მშობელი, რომელიც, როცა დასჭირდება, სხვას - საზოგადოებას, ქვეყანას აყვედრის საკუთარ წინდაუხედაობას,
მაგ., ასე “სამ ვაჟკაცს ვუზრდი სამშობლოს”, ,, ხუთ შვილს ვუზრდი სამშობლოს”., “რვა შვილს ვუზრდი საქართველოს”!
საქართველოში ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობა, სისასტიკე, ე.წ. ოჯახური კრიმინალი, მიზოგე… ღია თუ ფარული დაკნინება, სიძულვილი - (ვცდილობ, ნაკლები უცხოური ტერმინი გამოვიყენო, თავსმოხვეულ კლიშეებს რომ ავცდე შეძლებისდაგვარად) - საშინელებაა!
რაღაც თითქოს კეთდება ამ ბოლო დროს, თუმცა არაა საკმარისი!
ქალებს ნამდვილად სჭირდებათ მეტი მხარში დგომა სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან, ბევრი, კომპლექსური სამუშაოა, მაგრამ…
იმედია, ქანქარის პრინციპის შესახებ გსმენიათ.
მოკლედ ასე შეიძლება ითქვას: რამდენადაც ძლიერად გადაიხრება საათის ქანქარა ერთ მხარეს, თავისუფალი მოძრაობის შემთხვევაში, მეორე მხარეს გადახრისასაც, შესაბამისად - იმავე სიძლიერეს ავლენს (თუმცა თვალისათვის ძირითადად, შეუმჩნევლად - განლევადს).
***
გუშინ გადაცემა იყო ამერიკული ტელევიზიის ამჟამად სამთავრობო არხ ,, ფოქს ნიუსზე”. შეისწავლეს პრობლემა და აღმოჩნდა, რომ ,,ჰაისქულ”- დამთავრებულ ვაჟებს სურვილი აქვთ პერსპექტივაში ოჯახის შექმნისა (პრიორიტეტებში - ზემოთ), აი, ქალებს- არა! მათი პრიორიტეტები სულ სხვაგვარად ლაგდება, ძირითადად, დამოუკიდებელ კარიერაზე, საკუთარი ცხოვრების ფინანსურ უზრუნველყოფაზე, სოციალურ მოწყობაზე არიან ორიენტირებულნი.
ეს გოგონები როდესმე ოჯახის შექმნაზე თუ იფიქრებდენ, ეს იქნებოდა ბოლო, რასაც ხორცს შეასხამდნენ საკუთარი პრიორიტეტული გეგმების მერე.
სრულწლოვანობის მიღწევიდან ხომ ქალს, სურვილის შემთხვევაში, იმდენი მრავალჯერადი თუ ერთჯერადი პარტნიორის ყოლის ნება და საშუალება აქვს, რამდენიც გაუხარდება და აქ ეს მისი პირადი უფლებაა. არავისი, არც შორებლის, არც ახლობლის საქმე არაა, რამენაირად ჩაერიოს მის უფლებებში და არც არავინ არავის უზღუდავს არანაირი ფორმით. (გამონაკლისები- ყველგანაა. კრიმინალისგანაც - არავინაა დაზღვეული)
ასევე - მარტოხელა დედების მიერ , სურვილის შემთხვევაში, ინვიტრო და სხვა საშუალებებით ბავშვის გაჩენას მთელი სამედიცინო ინდუსტრია ემსახურება.
ე. წ მეორე თუ მესამე სამყაროს, დაბალგანვითარებადი ქვეყნებიდან ბავშვის შვილებას, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის დამტკიცების შემთხვევაში, უმამაკაცო ოჯახის შესაქმნელად - (მოდელი დედა- შვილი/ შვილები) - საგანგებო სააგენტოები მიესალმებიან, ცოტანი როდი მუშაობენ ამაზე …
და დიქტორმა ამას სრული კატასტროფა უწოდა.
პრობლემის მეცნიერული შესწავლის შედეგად გამოიკვეთა მკვიდრი ამერიკელების შობადობის მკვეთრი დაცემა.
ცხადია, ამ მხრივ გაცილებით მაღალი მაჩვენებელია ემიგრანტული ოჯახების პირველ თაობაში. ასიმილაციასთან, ამერიკულ საზოგადოებაში ინტეგრაციასთან ერთად - შემდგომ თაობებში - ეს მაჩვენებელი - მკვეთრად კლებულობს.
საერთო, დიდი სურათი ასეთია, შტატებში ქალებს - დროებითი ან მუდმივი პარტნიორი, რომელსაც საკუთარი სურვილით მართავენ - კი, ბატონო, მაგრამ აი, თავისი უფლებების, სოციალური მდგომარეობის, ფინანსური შესაძლებლობების და აშ. შეზღუდვა რამენაირად - გათხოვება - არ უნდათ,
არადა, უოჯახოდ რჩებიან მამრი მოქალაქეები!
ამ მხრივაც ისე განსხვავდება საქართველო ამერიკისგან, როგორც დღე და ღამე.
ეჰ, ჩემო ქართველო, ყოველმხრივ შემკობილო მეგობარო ქალებო,
მაშ, თქვენ მანდ ეგრე უნდა ცდებოდეთ, წლები გემატებოდეთ?! კიდევ უნდა გჯეროდეთ მამა-პაპათა სიბრძნისა ,,ქალი იჯდა და ბედს ელოდაო”?!
გამოსავალი?!…
სამწუხაროდ, არც მე ვიცი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი