გამოუქვეყნებელი (2013 ?)პასუხები დათო ჩიხლაძის კითხვებზე
დათო ჩიხლაძე: კითხვარი (დიახ და არა პასუხების გარეშე) რა არის პოეტური ხელოვნება? -ვფიქრობ, ეს კითხვა ან თავად წარმოადგენს პასუხს ფუნდამენტურ კითხვაზე: კონკრეტული, პასუხი ასეთია: “პოეზია - ეს სიტყვიერი ხელოვნების დარგია“. ამას ალბათ ლოგიკურად მოჰყვება შემდეგი კითხვა,” რა არ არის პოეზია?”… ან იქნებ, მთლად მართებულადაც არ არის დასმული ეს კითხვა, რადგან მისი შედეგი ანუ უშედეგობა წინასწარ ცნობილია, თან იმდენი ასპექტის შეხება მოგვიწევს, იმხელა მსჯელობა გამოგვივა თითო მიმართულებით, რომ როგორც ილია იტყოდა, მთქმელიც ამაოდ მოცდება და მსმენელიცაო. - რა არის ფუტურისტული ლექსების, ანუ ე. წ. ექსპერიმენტული ლექსების დანიშნულება, შესაძლებელია რომელიმე კონკრეტულ მაგალითზეც. - არა მხოლოდ ფუტურისტული, არამედ ნებისმიერი ,,-ისტური’ თუ ,,არა-ისტური’ ლექსების მთავარი დანიშნულებაა, მიეკუთვნებოდეს პოეტურ ხელოვნებას, ან თავსდებოდეს მის საზღვრებში, ან იყოს- ,,ანტი- ხელოვნება’ ანუ ... ხომ არის მარქსიზმი ისევ მოდაში?! ,,დაპირისპირებულთა ერთიანობის’ პირობებში წარმოადგენდეს მხარეს, სხვაგვარად, იყოს ,,მინუს-პოეზია’’. -რით განსხვავდება პოეზია ჩვეულებრივი მეტყველებისგან? - ალბათ, გინდოდათ გეკითხათ არა ,,პოეზია“, არამედ ,,პოეტური მეტყველება’. ,,პოეტური მეტყველება“ მიიჩნევა ფართოდ გაგებული ,,პოეტური ენის’ ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად. იგი არ არის ჩაკეტილი სისტემა, იგი, განსაკუთრებით აწმყოში, სხვა უამრავ წყაროსთან ერთად, უხვად სარგებლობს იმით, რასაც თქვენ ,,ჩვეულებრივ მეტყველებას“ უწოდებთ, მაგრამ დე-ფორმაციის გარკვეული, თუნდაც მინიმალურთან მიახლოებული დონე მაინც საჭიროა, რომ ეს,, ჩვეულებრივი მეტყველება’ პოეზიის ველში შევიდეს. ძალიან მოკლედ, შეიძლება დავიყვანოთ ასეთ თეორიულად უკიდურეს ზღვრამდე: პოეტურ მეტყველებას ,,ჩვეულებრივისაგან“ განასხვავებს გამეორებათა და შესაბამისად, მათ შორის პაუზათა მკვეთრი სიჭარბე. - როგორ ემსახურება პოეზია საზოგადოებას? შეიძლება იყოს შესაძლებელი, რომ ის აღარ ემსახურებოდეს მას? - აქ ალბათ გულისხმობთ ლექსს, რადგან პოეზია - მისი არამატერიალური მხარე, მისი სულია. ლექსს ანტიკური ხანიდანვე უტილიტარული ფუნქციითაც იყენებდნენ და იყენებენ დღესაც, რადგან ახასიათებს ლაკონიზმი, ხოლო სხვადასხვა დონეზე გამოვლენილი რიტმულობა (აქ იგულისხმეთ გაცილებით გვიან გაჩენილი რითმის რიტმული გაგებაც) აადვილებს ინფორმაციის დახსომებადობას (ნეოლოგიზმია? დასახსომებლობა სჯობია? მოკლედ, მჯერა, მიხვდით, რასაც ვგულისხმობ) პლატონის ‘’სახელმწიფოს’ ქრესტომათიული მაგალითით თავს არ შეგაწყენთ, გაგახსენებთ , რომ ჩვენ მოვესწარით დროს, როცა საბჭოეთში ამ (საზოგადოებისადმი მსახურების) იდეის რეინკარნაცია პატრიოტული თემატიკის პრევალირებით მოხდა… არ მინდა გამიტაცოს მსჯელობამ, მაგრამ ვერ ვუმკლავდები საცდურს, აღვნიშნო, რომ კომპარტიის იდეოლოგია, შიდა კულტურული პოლიტიკა ავალებდა არა მხოლოდ პოეზიას, არამედ ნებისმიერ დარგს სიტყვიერი, სახვითი თუ სინკრეტული ხელოვნებისა, მასობრივად დაემკვიდრებინა აზრი, რომ საბჭოეთის ყველა ერი საუკუნეთა მანძილზე იტანჯებოდა, იბრძოდა ბედნიერი მომავლისათვის, მჩაგვრელთა თუ მომხვდურთა წინააღმდეგ და ამ ხანგრძლივი ბრძოლით მათ დაიმსახურა გამარჯვება, რომელიც საბჭოეთმა მოუტანა, მან დაიმსახურა ქცეული ბედნიერი საბჭოთა აწმყო და კიდევ . უფრო ბედნიერი კომუნისტური მომავალი. უშუალოდ კითხვას დავუბრუნდეთ: ლექსი შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ინდივიდის და ინდივიდთა, ასევე საზოგადოების ინტერესებს მრავალმხრივ. ადრე თვით პოეზიაც- ჩვენში მუდამ წარმატებით გამოიყენებოდა ადამიანთა მასაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფუნქციით, დღეს, როცა ტელევიზია და მასმედია არსებობს, ვერც ლექსსა და ვერც პოეზიას ამხელა ფუნქციას უკვე ვეღარ წამოჰკიდებ. (თუმცა ინტერნეტი, სოც.ქსელები სავსეა ლექსებით, რომლითაც ავტორები თვითგამოხატვას ცდილობენ, მე ეს მაინც პოზიტიური მოვლენა მგონია, რადგან ავტორებსა და მკითხველებს მშობლიურ ენასთან ცოცხალ კონტაქტს მაინც უნარჩუნებს, აფართოებს მისი ფუნქციონირების მიწყივ შევიწროვებად არეალს) - ყოფიერება, ცხოვრება განსაზღვრავს შენს პოეტურ ენას, თუ შენი ცნობიერება, პირიქით, ცდილობს, რომ თვითონვე, ასე თუ ისე, ჩამოაყალიბოს ან შეცვალოს ყოფიერება, გარემო? - იქნებ ეს უფრო ჩემი ძველი თეორიული სკოლის ბრალია, რომ მეჩვენება, თითქოს ამ კითხვის ორი ნაწილი ერთმანეთთან მაპირისპირებელ კავშირს ვერ ავლენს. მე ორივე ნაწილზე ცალკე პასუხს შევეცდები: განსაზღვრავს თუ არა ცხოვრება, ყოფიერება ჩემს პოეტურ ენას? ჩემი .,,პოეტური ენა“- ნამეტანია. უფრო შეიძლებოდა საუბარი ჩემს პოეტურ იდიოლექტზე, ისიც პირობითად, შეღავათიანად. საკუთარი პოეტური ენა ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძეს, მეოცე საუკუნის პოეტებიდან. დიდი პოეტები არასოდეს გვაკლდა, მაგრამ ყველა როდი ქმნის საკუთარ ენას, ჩემი პოეტური იდიოლექტი, რომელიც დიალექტიკურად განვითარებადია (რაც მაინცა და მაინც პოზიტიურ შედეგს არ ნიშნავს) ცხოვრებით ძალზე ნასაზრდოებია, სხვა ასპექტებთან ერთად, მასში არის შრეები გარე-კახურიდან დაწყებული, ცხადია, სალიტერატურო ქართულის ღერძზე გავლით, ამერიკული ენის სამხრეთულ დიალექტებამდე. თუმცა, ამ საკითხის შესწავლა-გაშუქებას მომავლის ქართველ ლექსმცოდნეებს ვუტოვებ (აქ - რაღაც, თვითირონიულად გაღიმების ,,სმაილიკი“, თუ ასეთი რამ არსებობს.- ნ.დ.ს.) კითხვის მეორე ნაწილზე ჩემი პასუხი ასეთია: ცდილობს თუ არა ჩემი ცნობიერება, შეცვლოს ყოფიერება, გარემო?!- ახალგაზრდობაში ამ კითხვაზე ალბათ ვუპასუხებდი, რომ. ,, ძალიან!“... მე ხომ მჯეროდა, რომ ჩემი ყოველი ახალი ლექსის გაჩენის მერე ყოფიერებას, სამყაროს, უბრალოდ, აღარ შეეძლო, ყოფილიყო იგივე (აქ - იგივე თვითირონიული ,,სმაილიკი, ორჯერ) - როგორც პოეტი, გრძნობ თუ არა, რომ ემსახურები რომელიმე იდეოლოგიას (ფართო გაგებით, პარტიულობა არ იგულისხმება)? - მქონია ფაზები, როცა რომელიმე მოდურ თუ არამოდურ იდეოლოგიას ვემსახურებოდი, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობდი. ამ ფაზებში საბჭოურ-კომუნისტური ნამდვილად არასოდეს ყოფილა. ყოფითად - კამათი არ მიყვარს, მაგრამ ლიტერატურულ პოლემიკებში, რომ იტყვიან, მუდამ თავით ვეშვები. ყოფილა შემთხვევები, რომ ოპონენტები ცდილან, რაიმე საბჭოური წარსულის კვალი აღმოეჩინათ ჩემს ლიტერატურულ ტექსტებში, მაგრამ ამაოდ. ეს არ ნიშნავს, რომ სხვაზე უკეთესი ან უარესი პოეტი ვიყავი და ვარ. ან, რომ არავის გავლენიანს არასდროს შემოუთავაზებია ჩემთვის, ისევე , როგორც სხვებისთვის, კომკავშირზე, ბამზე, გეორგიევსკის ტრაქტატზე და ა.შ. ზემოდან დაგეგმილი წარმატების მომტანი პოემა დამეწერა. უბრალოდ, ასე მოხდა: ვთანხმდებოდი, ვპირდებოდი, დროსაც დავთქვამდით, მაგრამ ვერ ვაკეთებდი და ალბათ ეს ჩემი მხსნელი კახური სიზარმაცის ,,ბრალია’’. -უნდა იყოს თუ არა პოეზია ფართო მასებისთვის გასაგები და მისაღები? - მისი უდიდებულესობა პოეზია თავად განსაზღვრავს, როდის როგორი უნდა იყო., უნდა? - გასაგები იქნება, უნდა? - გაუგებარი. და სულ არ ადარდებს, მისაღებია მასებისთვის თუ არა. ავტორსაც კი არ ეკითხება ზოგჯერ არაფერს. რესპექტაბელურ ,,ფართიზეც“ კი წამოავლებს ქეჩოში ხელს და გააქანებს ქაღალდის ნაგლეჯისა და ფანქრის საძებნელად.... მუზაო?... იქნებ კიდეც არსებობს, დანამდვილებით ვინ იცის! მაგრამ ერთში კი დარწმუნებული ვარ: პოეზია მუზამდე ვერ დაიყვანება. როდესაც ახალგაზრდა (მოზარდი) იყავი, ხომ არ მოგწონდა მხოლოდ ისეთი პოეზია, რომელიც გასაგები იყო ყველასთვის ზოგადად? გსმენოდა თუ არა მაშინ ექსპერიმენტული ლექსების შესახებ რამე? - როდესაც ახლაგაზრდა ვიყავი, მე ვწერდი ექსპერიმენტულ ლექსებს, დავბერდი და ისევ ექსპერიმენტებში ვარ გახლართული, და საერთოდ, უექსპერიმენტოდ რა აზრი აქვს ჩემთვის წერას? მერე რა, თუ ზოგჯერ ლექსი ხელში მაფეთქდება და მკითხველამდე ჭურვის ნატეხი-ღა აღწევს. - უნდა ჰქონდეს თუ არა მწერალს კავშირი თავის ქვეყანასთან, მის ხალხთან, შემდეგ კი ზოგადად, ადამიანთან? თუ მხოლოდ ადამიანთან? შეიძლება, რომ მწერალს მხოლოდ ერთ რომელიმე ჯგუფთან ჰქონდეს ასეთი კავშირი და არა საერთოდ ხალხთან და ზოგადად ადამიანთან? - მწერალს უნდა ჰქონდეს, რაც შეიძლება ფართო ქსელი სხვადასხვა დონის კავშირებისა, ოღონდ ერთი პირობით, ყველა კავშირი უნდა იყოს ორმხრივ ნებაყოფლობითი და არ უნდა სჭირდებოდეს შეგონება ,,მოდუნდი და მიიღე სიამოვნებაო“, მაგრამ განა ასევე არ უნდა იყოს არა-მწერალიც? რაკი ,, თავისი ქვეყანა ‘ ვახსენეთ, ბარემ ვიტყვი, რომ მწერალიც და ადამიანიც სინამდვილეში იმ ქვეყნის, ერის შვილია, რომლის ენაზეც ფიქრობს. მე რა ენაზე ვფიქრობ?!- ორივეზე, შერეულად. აი, როცა ვბრაზდები, სულ ქართველი ვარ! - აქვს თუ არა ლიტერატურას აღმზრდელობითი მნიშვნელობა და რა აძლევს ნაწარმოებს ასეთ მახასიათებელს, რა განაპირობებს ამას - მწერლის რაიმე წინასწარი პროგრამა-გეგმა, თუ მისი სულის მისწრაფებით ბუნებრივად შექმნილი ნაწარმოები თავისთავად? - პედაგოგიურ დარგს შეუძლია, წარმატებით გამოიყენოს ესა თუ ის ლიტერატურული ტექსტი საკუთარი დარგობრივი მიზნებისათვის, შეიძლება ავტორს შეუკვეთოს კიდეც ასეთი რამ, მაგრამ უკიჟინო ვინმეს, რატომ არ წერ აღმზრდელობით ნაწარმოებებს, თან იმგვარებს, ჩემს აღმზდელობით კონცეფციას რომ ზუსტად მოერგოსო, ხომ აბსურდია? -უნდა იწვევდეს თუ არა ნაწარმოები მკითხველში სულიერ მღელვარებას, ესთეტიკურ გრძნობას, კათარზისს? და თუ არა, მაშინ რას უნდა იწვევდეს? - თუ პოეზიას ,,უნდა’ , უნდა იწვევდეს კიდეც. რას? - იმას, რაც პოეზიას უნდა. ტავტოლოგიური პასუხია, არა? ავტორი შეიძლება წერდეს სიძულვილზე და მკითხველში იწვევდეს სიყვარულის განცდას. ადრე ერთ საიტზე ერთ ახალგაზრდა ავტორს ედო ერთი ლექსი, როგორც მახსოვს, აფხაზეთის თემაზე, მთლიანად ნეგაციის პრინციპით აგებული და მახსოვს საზოგადოებაში გაუგებრობა მეტი გამოიწვია, მაგრამ აღმოჩნდნენ კარგი მკითხველებიც, (მე- მოკრძალებულიც, მათ შორის). როგორც კლასიკური თუ თანამედროვე კარგი მუსიკის მსმენელს სჭირდება მომზადება, გაზრდა, ყურის ,,დამუშავება“, ისევე უნდა პოეზიის მკითხველსაც. პირდაპირ შენი ზნეობრივი კრიტერიუმებით რომ მიეჭრა ლექსს და ყივჩაღივით საკეტურები უმტვრიო, თვით ვეფხისტყაოსნიდანაც კი პოეზიის ნაცვლად, მრავალტომიანი, გაუხსნელი სისხლის სამართლის საქმე შეგრჩება ხელთ. შეიძლება თუ არა, რომ ლექსს ახლდეს პატრიოტიზმის გრძნობა? როგორ შეიძლება ის იმგვარად გამოიხატოს, რომ ზედაპირულ და ყალბ ლოზუნგად არ იქცეს? რატომაც არ შეიძლება! მე მიცდია და თუ მკითხველთა და კოლეგათა წრფელ გამოხმაურებებს ვენდობი, რაღაც გამომსვლია. საფუძველი არა მაქვს, მათ არ ვენდო, რადგან ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემს ირგვლივ სუფთა ჰაერი იყოს და ,,მკმევლები’ სათოფეზეც არ მომეკარონ. -უნდა აღიქვამდეს თუ არა პოეტი საკუთარ ლიტერატურულ წვლილს ზოგადი მემკვიდრეობის კონტექსტში? თუ ის მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს და არაფერს ადარებს თავის თავს, არაფერს ითვალისწინებს? - რაკი ყალბი არც თავის განდიდება მჩვევია და არც მოკრძალება, გულწრფელად გიპასუხებთ: მე აღვიქვამ საკუთარ ლიტერატურულ წვლილს (ამ იდიომის თავდაპირველი, ბიბლიური მნიშვნელობით) ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის კონტექსტში და მაქვს ერთი ციცქნა, მაგრამ ნამდვილად ჩემი ადგილი, სხვამ თავისი საქმისა - თვითონ იცის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი