ჩვენ - თანამედროვე მამლუქები
#დილაუზმოს_ფიქრებიდან ნინო დარბაისელი ჩვენ - თანამედროვე მამლუქები იცით, რატომ არ მიყვარს მოქმედი პოლიტიკოსები და მით უმეტეს, ქართველები, რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ? (პოლიტიკის ისტორიისა და თეორიის შესახებ კი ყველაფერს ვკითხულობ, რაც ხელში ჩამივარდება) მათ აქვთ (უნდა ჰქონდეთ!) საკუთარი, კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. ამ მიზნის მისაღწევად სჭირდებათ ადამიანები, ხალხი, ხოლო როგორ წარმოაჩინონ ან კიდეც აქციონ საკუთარი ინტერესი - სახალხო- საქვეყნოდ, ამისი მეთოდები დღეს კი ძალიან დამუშავებულია, სიძველით - ისევე ძველია, როგორც კაცობრიობა. პოლიტიკური მითებიდან: პოზიტიური: წერენ და ამბობენ, ინგლისის დედოფალმა სასახლეში ბუხარი არ დაანთებინა, ჩემს ხალხს ახლა სცივაო. ნეგატიური: მარია ანტუანეტას რევოლუციამდე უთხრეს ხალხს პური ენატრებაო და უპასუხა, ეს რა პრობლემაა, ნამცხვარი ჭამონო. თქვენ იცნობთ თუნდაც ერთ მოქმედ პოლიტიკოსს, ქართველი ხალხივით რომ შიოდეს, სციოდეს, უმუშევარი იყოს, უფულო, ჰქონდეს ამდენი ყოფითი პრობლემები?… მე - არათუ არ ვიცნობ, არც მსმენია! ვმეტსაც გეტყვით, არც უცხოეთში… ყველა ხალხის სახელით კი ლაპარაკობს, და! მე ვარ ამერიკელი და საქართველოში ყველაფერს - ჩემი აქაური წრის და ზოგადად, ამერიკული სათვალმჩენოდან ვხედავ; ვიღაც ჩვენიანი - გერმანელი გახდა და შესაბამისად თავისი იქაური წრის, გერმანული სათვალმჩენოდან შესცქერის ყველაფერს; ვიღაც გაფრანგდა და ასე შემდეგ. ყველა ჩვენგანი პრაქტიკულად, მაინც შორიდან მაცქერლები ვართ და საქართველოს რეალური სურათი, ანგაჟირებულ პრიზმებში გაუვლელად ვერ დაგვინახავს. გვინდა თუ არა, ჩვენ ვართ თანამედროვე მამლუქები… ცოტა გაგაღიმოთ: ორი წლის წინ დიდი ხნის უნახავი დედის სანახავად რამდენიმე დღით ჩამოვედი საქართველოში. (გამემტყუნება, რომ სხვისთვის დრო არ მემეტებოდა?!) გამომგზავრების გადაწყვეტილების მიღებამდე ტელეფონით ჩემს რძალს ვეკითხები - ომი ყურისძირში გაქვთ და შეგიძლია, გარანტია მოგვცე, რომ მანდ უსაფრთხოდ ვიქნებით-მეთქი და მიპასუხა: - ნინო, ახლა ისეთ რამეს მეკითხები, უკრაინა, რუსეთი, ჩინეთი, ნატო, ევროკავშირი, ამერიკა - მოკლედ, მთელი მსოფლიო დღედაღამე რომ იკვლევს და ვერ დაუდგენია. მე როგორ გიპასუხოო! აქ გავიცინეთ ან გავიღიმეთ, გვეყოფა, ისევ სათქმელს დავუბრუნდეთ! მსოფლიოში გაფანგულები წლებია, ერთ საქმეს ვემსახურებით, როგორც შეგვიძლია, ქართული სიტყვა და კულტურა, საქართველო გვიყვარს; ერთმანეთიც გვიყვარს, ვაფასებთ და ამ პოლიტიკოსების გადამკიდენი კი სხვადასხვა დაპირისპირებულ მხარეს აღმოვჩნდით. შეიძლება, ემოციურ მდგომარეობაში ჩავარდნილებმა მოუზომავი ნათქვამით გული ძალიან ვატკინოთ ერთმანეთს. ჩემზე უფროსი ქართულ მწერლობაში, სამწუხაროდ, ბევრი არაა დარჩენილი. მე ვფიქრობ, ასეთ მომენტებში მე ვარ ვალდებული, გამოვიჩინო გონიერება თუ დიდსულოვნება, პირველი ნაბიჯი გადავდგა შესარიგებლად, ოღონდ ცოტა სიტუაციის გაგრილებას უნდა დაველოდო. მეც ხომ ადამიანი ვარ და იქნებ აღელვებულზე სწორი სიტყვები ვერც მე შევარჩიო. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ენა არ მიჭრის…ამიტომ ვჩუმდები ხოლმე - გულის “გაგრილებამდე”. შოთა ხომ გვასწავლიდა ავთანდილის პირით - “საუბარმან უგუნურმან შმაგი უფრო გააშმაგოსო”. როგორ მინდა, რომ ჩემსავით ბევრს ახსოვდეს უიარაღოს სიტყვები “მამლუქიდან”, რომ ყველანი კი ბედკრული საქართველოს შვილები ვართ, მსოფლიოში გაფანტულები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი