დაფნის გვირგვინთა სიმცირის გამო
ნინო დარბაისელი დაფნის გვირგვინთა სიმცირის გამო შესანიშნავი ახალგაზრდა პოეტისათვის, სალომეა ლომინაძისთვის, კონვენციონალისტისთვის, რომელსაც რაღაც, თანდაყოლილი, ჩემთვისაც აუხსნელი, ნიჭი შემოჰყვა ქართულ პოეზიაში სათქმელის, რიტმისა და ინტონაციის უნისონური გადმოცემისა, ვიღაცას გული უტკენია სიტყვებით - ”რაღა დროს კონვენციააო” . ამას დაუმატეთ მისი გამორჩეული, ერთგვარად ქარიზმატული გარეგნობაც და დარწმუნებული ვარ, ჩემსავით დაეთანხმებით გულნატკენ სალომეას და დაასკვნით: მიზეზი - შურია, აბა, რა! “რაღა დროს კონვენციააო”, არა?! - მაგის მთქმელს თავად კონვენცია არ გამოსდის, რადგან კონვენციას სპეციალური ნიჭი და ოსტატობის განუწყვეტელი დაუფლებაც სჭირდება, ძნელი საქმეა. არადა თვითგამოხატვა რომ წამალივით უნდა?! ნევროზის წამალივით! ახლა, სხვათა მბაძავს, თავისუფალი სალექსო ფორმის ილუზიაში მიყუჟულს, რაიმე განსხვავებული და უცხო, პოეზიის ნამდვილი მოყვარულის ყურადღების მისაპყრობი სათქმელი - შეიძლება თვითონ არ არაფერი გამოუდიოდეს, მაგრამ თავისიანებსა და თავისნაირებს ხომ მოსწონთ, და! რას იზამ! დაფნის გვირგვინები - მუდამ ცოტაა, მოსარგებად მომლოდინე თავები - ბევრი! და სულ გეჩვენება, რომ შენს წილს, საშენო გვირგვინს შეცდომით - სხვას დაუმსახურებლად ადგამენ თავზე! სალომეას ამაზე ბრაზი კი არ მორევია, გასცინებია. ნინოლო მაკიაველს კი უთქვამს: მართალი კაცის სიცილი - ეს უბირთა მიერ ნატკენი, გაბზარული გულის ნაპრალებიდან გამონათებული სხივიაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი