გვაქვს თუ არა ქართულ ლიტერატურაში ეკფრასისი
ლექსმცოდნეობითი_ოპუსები
ნინო დარბაისელი
გვაქვს თუ არა ქართულ ლიტერატურაში ეკფრასისი?
ეკფრასისი - ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს აღწერას. მისი ტრადიცია ანტიკური ლიტერატურიდან იწყება და მის კლასიკურ, საუკეთესო მაგალითადაც მიჩნეულია ჰომეროსის მიერ “აქილევსის ფარის აღწერა”. ანტიკურსავე ლიტერატურაში არსებული ტრადიციაც, სხვა გმირთა ფარების აღწერისა, რომლის ნიმუშების ნაწილმაც ჩვენამდე მოაღწია, დიდადაა ჰომეროსის ქმნილებით დავალებული.
აქ მაგონდება ეკფრასისადმი მიძღვნილი(!) საკუთარი ძველი ლექსი (2014) შენიშნავდით ალბათ, შევეცადე სიტყვა „მიძღვნილის“ აქცენტირებას. გაურკვევლობის ასარიდებლად დამატებით განვმართავ, რომ თვითონ ლექსი არაა ეკფრასისი ნიმუში. ტერმინი - თემადაა აღებული.
ლექსის ინსპირაციის წყარო კი იყო უისთენ ჰიუ ოდენის ამავე სახელწოდების ვრცელი ლექსი - ‘’აქილევსის ფარი“(1952) , შემდგომში მთლიანად კრებულსაც ასე უწოდა, თუმცა თუ ოდენი აქილევსის დედის განცდით, მოდერნისტულად გადმოგვცემს ჩვენი დაუნდობელი ყოფის საშინელებებს, მე მისი სათაური კი გავიმეორე, მაგრამ ჩემს ლექსში გულცივად, პაროდირების ელემენტები შევიტანე, (თუმცა არსობლივად კვლავ მოდერნიზმის ფარგლებსი ვრჩები), ხოლო ტექსტზე მუშაობისას განსჯითი პლანი მეტისმეტად რომ გამიმკვეთრდა, ვცადე, ცოტა უკან გამეწია, თან კომპოზიციურადაც შემეკრა და ამ მიზნით, ბოლოსკენ განშორების ტრივიალური სცენა დავამატე.
აქილევსის ფარი
,,- თვლემდა ალბათ ჰომეროსი,
თვლემდა დიდხანს
და მთვლემარე თხზავდა,
არა - ამბავს ომებისას,
ვინ ვის როგორ შეერკინა,
ანდა დაუზავდა,
ფარს ლანდავდა გასაოცარს,
თვით ჰეფესტოს ხელით ნაჭედს,
გმირი აქილევსის
და ასოცზე მეტი ბწკარის
დამტეველი ვრცელი ლექსი
მის აღწერას უძღვნა.
გვასწავლიან:
,,ეკფრასისი",
(მოიძიე ლექსიკონში)
ასე დააფუძნა.
ეს რომ არც ადვილია და
ეს რომ არც ტყუილია და
ჭორი,
გაიხსენე ილიადა,
და მითხარი,
აქილევსი,
ბრძოლით ნაჯაფარი
მარჯვენათი მტერს თუ უტევს,
მარცხენა ხელს რაღად აცდენს,
რაღად უნდა ფარი.
ვისაც სადმე შეეჭიდა,
ყველგან მისი ძალა ჭრიდა
აცამტვერა მტერი.
მჯობის მჯობი მოსრა ყველა,
ანუ, როგორც ნათქვამია,
მტერს გაავლო მუსრი,
მაგრამ ფარით იფარება ქუსლი?
ასეთია ხელოვნება,
თუ ოსტატმა ნიჭით გააჯერა,
იყოს დაუჯერებელი,
გვჯერა!"
დაგეთანხმე.
წავიმახვილგონიერე:
,,-იმ ჰეფესტოს ფარის ნაცვლად
ქუსლსაფარი შეეჭედა, სჯობდა.
ანდა დევგმირს ქალის კაბა დაფარავდა?
ზომით ვერ ცნეს?
მტერი დარაჯობდა..."
თემის შეცვლა განა ღირდა?
მეხსომება, რაც ამაგი დამდე,
მარიდებდი მახვილთ, გულზე დანაღირთა.
მოვაღწიეთ დღეს ამ მაგიდამდე:
ორი ჭიქა,
ერთი ბოთლი კონიაკი,
(ამირია გონი აკი.. -
უადგილოდ რა მარითმებს ამდენს!)
ერთი ვიცი,
წინ - არ დარჩა არაფერი.
გინდ მეფერო, გინდაც გამიავდე.
სიყვარული დარჩეს ამბად!
ნახავ, ალბათ -
თეფშქვეშ
შენი გასაღები დავდე.
უნდა ვაღიარო, რომ ამ თავისებურ მახვილგონიერებაზე აგებულ ლექსში ერთი ძალზე მნიშვნელოვანი კაზუსი მომსვლია, მაგრამ მხოლოდ წლების მერე აღმოვაჩინე. კერძოდ. არ ვიცოდი, რომ ფარი - არ წარმოადგენდა მხოლოდ ბრძოლაში მეომრის თავდაცვის საშუალებას, ჯერ ბერძნულს, შემდგომ რომაულ სამხედრო ხელოვნებაში და ყველგანაც, სადაც კი იგი გამოიყენებოდა, შეტევის იარაღიც იყო და მაგალითად, ჯარის ნაწილების კუსებრი განლაგებით შეტევაზე გადასვლისას - მისი მფლობელი მისით - დანარჩენი მეომრების სიცოცხლეს იცავდა, მტრის მხრიდან, ზემოდან წვიმა-თქეშივით წამოსული ისრებისაგან და მისთ.
როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ეკფრასისი - დესკრიფციას ანუ აღწერას ნიშნავს.
ანტიკურ ხანაში ჩვეულებრივ ლექსსა თუ სხვა ლიტერატურულ ტექსტში აღიწერებოდა ხელოვნების რაიმე ქმნილება, ტაძარი, ნაგებობა, ქანდაკება, ნივთი და მისთ.
გალაკტიონის ეკფრასისულ შედევრს ,,ქებათა ქება ნიკორწმინდას” თეიმურაზ დოიაშვილმა საგანგებო გამოკვლევა უძღვნა, სათაურით ‘’ფრთები და დიადემა”.
არსებობს ინტერნეტით ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ ეკფრასისად უნდა მივიჩნიოთ გრიგოლ ორბელიანის ლექსი „თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში”, რასაც მე ვერ გავიზიარებ, იმის გამო, რომ მხოლოდ იმ მწირი მახასიათებლებით, რაც ამ ლექსში გვაქვს, ემოციურად რაოდენ მძლავრადაც არ უნდა იყოს ნათქვამი, მეფის სახე გაბრწყინებულიაო, თვალნი კი ცად აუპყრია, ხოლო ტაძარი- სადაც იგია გამოსახული, ნანგრევებადღაა შემორჩენილიო, ძალზე მცირეა იმისთვის, რომ ტექსტი ეკფრასის ნიმუშად მიგვეჩნია.
თანაც, სიტყვები ლექსიდან - ფრესკის აღწერა კი არაა, პოეტის წარმოსახვის ნაყოფია, რომელიც უპირისპირდება ქართული ფრესკული მხატვრობის ტრადიციას:
...მარამ ცად თვალნი
გაქვს მიქცეულნი,
და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,
იქნებ ამაზე ყურადღება არც უნდა გამემახვილებინა, რომ არა ერთი გარემოება:
პროექტი, საიდანაც ეს გაუგებრობა იღებს სათავეს, ასე იწოდება”ლიტერატურული თერაპია”. ხოლო ეკფრასისის შესახებ თავის ცოდნას პოეტი რატი ამაღლობელი გვიზიარებს
(იხ . ლინკი
[URL=https://share.google/images/FwdiPRrUGV5SaTD39]https://share.google/images/FwdiPRrUGV5SaTD39[/URL]
შედეგად გამოდის, რომ მცდარ ინფორმაციას ავტორიტეტულად ვუნერგავთ მოწაფეებსა და მათ მასწავლებლებს, რომელთაც ერთხელ ასე დამახსოვრებული შემდგომ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.
საქმე ისაა, რომ ბეთანიის ფრესკაზე თამარის მზერა ცად კი არაა მიმართული, არამედ მაშინდელი ქართული, ქრისტიანული ფრესკული ხატწერის ტრადიციის მიხედვით, სწორად , პირდაპირ იცქირება მნახველ-შემხედავისკენ და ამაში ადვილად დარწმუნდება თუნდაც ფრესკის ფოტოს მნახველი.
ანუ კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით ვიმეორებ. ეს - ეკფრასისი კი არაა, ორბელიანისეული პოეტური წარმოსახვაა. ეს ერთ-ერთი უმცირესი ფრაგმენტი ლექსისა რომ ეკფრასისად ჩაითვალოს, გამოგვივა, რომ მთელი ქართული პოეზიაა მისი ნიმუშებით სავსე!
ვიტყოდი, მაინც რაღაცაა, ჩვენს ლიტერატურაში თეთრი ლაქის შესავსებად რა უჭირს-მეთქი, მაგრამ ეკფრასისის ამაზე ბევრად უწინარესი ნიმუში მეგულება ვეფხისტყაოსანში:
ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,
გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,
დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.
თუ რაკი აქ ქაჯეთისაა ციხეა, ეს არ ითვლება?
თუ მაგალითს ვეძებთ, ბარათაშვილის “საყურე” - გაცილებით ახლოა იმასთან, რასაც ტრადიციულად, ეკფრასისს უწოდებენ.
ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
ჰოჲ, საყურეო,
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?
ნახეთ, თან რა დინამიკაა სახისა!
და რაც მთავარია, ქართულ პოეზიაში გვაქვს ეკფრასისის სრულიად უნიკალური ნიმუში, რომელიც დაახლოებით იმავე დროსაა შექმნილი, რა დროსაც გრ. ორბელიანის ზემოთ დასახელებული ქმნილება. (მაპატიეთ, აქედან თარიღების დაზუსტების შესაძლებლობას მოკლებული ვარ . ჩავთვალოთ, რომ ეპოქაა ნამდვილად იგივე!)
ვგულისხმობ ალექსანდრე ჭავჭავაძის ,, გოგჩას”.
დიდი ზომის ლექსია. მომყავს ფრაგმენტი:
აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.
აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო,
აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი;
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!
აქ უკვე ნამდვილად ეკფრასისის, თანაც ორმაგის (!) და მე ვიტყოდი რეტროსპექტიული ეკფრასისის უნიკალური ნიმუში გვაქვს. შეგახსენებთ, ლირიკული გმირი შესცქერის ტაძრის ნანგრევებს, აღწერს მათ და აცოცხლებს გარდასულთა ყოფას)
გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში გოდერძი ჩოხელმა (სავარაუდოდ, “გოგჩით” შთაგონებულმა) თავის ერთ-ერთ პირველ ფილმში ,,ადგილის დედა” - კინემატოგრაფიის ენაზე გააკეთა იგივე - ორმაგი ანუ რეტროსპექტიული ეკფრასისი. შეგახსენებთ: იქ დათოვლილ-დაცარიელებულ სოფელში გარდასულთა ხმები ცოცხლდება.
რა დროსაც გოდერძი ჩოხელის ფილმი გამოვიდა. დაახლოებით იმავე პერიოდში გერმანულენოვანი ეკფრასისის ცნობილი ნიმუში - რაინერ მარია რილკეს ,,ჰეტერათა სამაროვნები”გამოქვეყნდა ანთოლოგიაში ,,პოეზიის დღე”(1984):
…შემოწყვეტილი სარტყლები და ბრტყელი გემმები
და პაწაწინა სხეულები დიადი მოდგმის,
მცინარი პირი, მროკავები და მორბენალი,
ოქროს ბალთები, ცხოველ-ფრინველთა ავგაროზებზე -
- სანადიროდ მოზიდული ციდა მშვილდები,
ქინძისთავები, სარჭები და ნატიფ ნივთებში -
- წითელი თიხის მრგვალი ნატეხი
და შესასვლელზე ამოტვიფრული წარწერა შავი -
გაჭენებული ოთხი ცხენის მკვრივი ფეხები,
კვლავ ყვავილები, ჩაბნეული მარგალიტები
და ფერნათელი თეძოები პატარა ქნარის
და ნისლებივით ჩამოწოლილ რიდეთა შორის
ფეხსაცმლიდან, როგორც პარკიდან
გამოსაფრენად გარინდული ტერფის პეპელა.
(მთარგმნელი ნინო დარბაისელი)
თუმცა არა მხოლოდ პოეზიაში, არამედ ქართულ პროზაშიც გვაქვს ეკფრასისის ბრწყინვალე ნიმუში, რომელსაც მე ნაწარმოების ჟანრიდან გამომდინარედ ,,ფიქციურ ეკფრასისს” ვუწოდებდი.
ეს არის ნაირა გელაშვილის რომანის ,,დედის ოთახის” დასაწყისში დედის ნაქსოვი ფარდის ვრცელი აღწერა.
ამ მოკლე ოპუსს არ შეიძლება, სრული სურათის წარმოდგენის პრეტენზია ჰქონდეს.
ვვარაუდობ, რომ ქართულ ლიტერატურაში სხვა მრავალი მაგალითიც იქნება და ჩემთვის შეხსენებასაც არ დაიზარებთ.
მე, უბრალოდ, ახლა ესენი გამახსენდა.
და კიდევ ერთი ლექსი თქვენი მონა- მორჩილისა:
სულელების ხომალდი. ბოსხი
სულელების ხომალდი,
კაპიტანიც - სულელი,
ნამთვრალევნი, ხომლამდი
ყირას გადასულები!
გზა მთვარემდე პგონიათ ნიჩბის ერთი მოსმა,
ნების თავისუფლება - ზედ გემბანზე მოფსმა,
ღრიანცელში სჩვევიათ ცეცხლზე ზეთის მოსხმა.
სულაც არ ენაღვლებათ ის, რაც იცის ბოსხმა,
რაც შორეულ ანტიკას ჩაესახა საშოში:
არის ძალზე საშიში
ბრძენის მასხრად აგდება.
ამ აგდებით ქვეყანა ბრიყვებით მარაგდება.
შუა ზღვაში ბრიყვობა
არის ნამეტანი,
დააშორო ერთმანეთს, ვით თავი და ტანი,
ხომალდი და იმისი ბრძენი კაპიტანი.
ტვინის ერთი ნასახიც არ ემჩნევათ ლუპით,
საჭმელ-სასმელს დააცხრნენ, ნთქამენ ყლაპა- ყლუპით,
მერე - ვეღარ უშველით ცრემლის ღაპაღუპი,
სულელების ხომალდი არის დასაღუპი!
მაგრამ მეტისმეტადაც ნუ დაგწყდებათ გული.
- უკვე დაღუპულია და ხავსმოდებული
ხმელეთზეა ხომალდი სადღაც მიგდებული.
დღესდღეობით პირადად მე შემხვედრია ამ ტერმინის მნიშვნელობის გაფართოების ცდები ქართულ ლიტერატურაში.
გაუგებრობაში რომ არ გაიხლართოთ, მარტივად დაიხსომეთ, ეკფრასისი, ტრადიციულად - რაიმეს აღწერაა.
მაგალითად, ეს ლექსი იტალიურ თემაზე ერთი შავ-თეთრი ფოტოს აღწერაა ანუ ეკფრასისი. ეს ფოტო გამოქვეყნებული იმდენად ბევრგან, რომ შეიძლება ითქვას, ფოტოხელოვნების თავისებური საქრესტომათიო ნიმუშია.
ქალი ფორთოხალს ჰყიდის
ფოტოა ძველთაძველი - შავ-თეთრი აღსაწერი,
ორ ასეულზე შორი ზედ აწერია წელი -
იტალიისთვის ბრძოლა
კარგა ხნით განაწელი.
ფოტოზე მოსჩანს რომი,
ანტიკურ თაღთა რიგი -
- გზაჯვარედინი იგი
ქვეყნის ოთხივე კიდის.
კოლიზიუმთან, სადაც დასაწყისია ხიდის,
ხიდქვეშ ტიბერის წყალი ჩქარი დინებით მიდის,
მოსაწყენია სადაც სმენა და ცქერა გიდის,
წარმოსახვათა გამო
თვალთაგან ცრემლი გიდის
და ცემა გესმის შენი გულის - სიმძიმის მზიდის,
აღარც თავი გაქვს რიდის,
აღარც დანახვა გინდა,
რამე თვალმოსაჭიდის.
უკანა ფონზე
ქუჩა - სამი ურემი მიდის,
ჯორშებმულ ურმებს მიაქვთ დასადგამ- დასაკიდი,
წინ - მარტოხელა ქალი,
დამჭკნარ ფორთოხალს ჰყიდის.
- შენ მყიდველი თქვი, თორემ
გადახდას - მოუვლიდი,
რომც არ ჰქონოდა ფული,
რამეშიც გაუბრიდი,
რომ გაგეყიდა ცოტა, დანარჩენს - გადაყრიდი,
მაგრამ მყიდველი არ ჩანს,
რადგან ომია დიდი.
ესეც - შავ-თეთრი ფოტო,
თავი რომ მოსჩანს ხიდის
და ხიდისთავზე ქალი
დამჭკნარ - ფორთოხალს ჰყიდის.
საერთოდ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუკი თავდაპირველად, ანტიკურ ხანაში ეკფრასისი ჟანრობრივად, ხელოვნების ნიმუშის აღწერით იფარგლებოდა, მოდერნიზმისგან განსხვავებით, სადაც იგი უკვე გაფართოებულია და ზოგადად, რაიმე თემატური აღწერის სახედაც გვხვდება, პოსტმოდერნულ ტექსტებში მისი საზღვრები უკვე დიდადაა გაფართოებული. ამჟამად იგი არა მხოლოდ ცნებასა და მისით მონიშნულ საგანს შორის ღიობის// ნაპრალის დასაფიქსირებლად, ან ინტერტექსტუალობისა და ფრაგმენტაციის ან დიალოგურობის კონტექსტში გამოიყენება თეორიულ- ლიტმცოდნეობით კვლევებში, არამედ მიმართავდნენ და მიმართავენ ისეთი პოეტები, როგორიცაა - ძირითადად, ამერიკელები ჯონ აშბერი, ჩარლზ ოლსონი, ედრიენ რიჩი, სიუზან ჰოვი, ალის ნოტლი და ასე შემდეგ.
მე - არა პოსტმოდერნიზმის, არამედ გვიანი/„დაგვიანებული“ მოდერნიზმის ფარგლებში ვვარაუდობ საკუთარ პოეტურ ტექსტებს. ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ლექსებით ვცდილობ წარსულის სავარაუდო თეთრი ლაქების ამოვსებას. ვფიქრობ, რომ ტოტალიტარული რეჟიმის მიერ რომ არ მომხდარიყო ქართული პოეზიის განვითარების ძალადობრივი კონსერვაცია, ამ ტიპის ლექსები უთუოდ შეიქმნებოდა სხვა, წინამორბედ ავტორთა მიერ და დღეს უკვე პოეზიის ისტორიის კუთვნილებაც იქნებოდა.
ეკფრასისის ერთი ნიმუში კიდევ მაქვს ფიროსმანის ნახატთა თემაზე.
დავაზუსტებ. თავიდან მხოლოდ ეკფრასისი მინდოდა შემეთხზა, შემდეგ ორიგინალურმა ფორმამ გამიტაცა და საბოლოოდ ასეთი რაღაც გამომივიდა:
ფიროსმანი. ღამენათევი ტურფები და მენიუები
(იტალიაში უცხოელებს - იტალიურად ელაპარაკებიან. ბევრგან მენიუები - კედლებზეა ნახატებად, თითის მიშვერით ირჩევ, რაც გინდ. მე - ფიროსმანი გამახსენდა)
ძველ დუქანთა სტილს თბილისში ახლა ვინმე იყენებს და
ხარობს? რა ვთქვა მანდაური? ავყოლილვარ ბრიყვ ენებს და
სტუმარს - ფუნიკოლიორი, ზოგ მათგანსაც რიყე ნებს და
საქეიფოდ მიდის.
მუდამ მრავალეროვანი გვქონდა დედაქალაქი და
მოდიოდა, ვინც ვაჭრობდა, დაბაღობდა, ყანას მკიდა,
გული ყველას გაუშალა, მრავალს - ხსოვნად გაეკიდა.
სტუმრის მოსდგამს რიდი.
დაცხავდა და დაილია ჩვენი წილი ჩით-მერდინი.
გაილია ასე უქმად ჩვენი ყოფაც - თვითმედინი.
გავუძელით, ვინ არ ვნახეთ, თვით ჯალალიც - ის - ედინი.
ასე ხდება, რომ გერგება, გზა იყო და ჯვარედინი,
ანდა იყო ხიდი!
შავ მუშამბას ჭიქა არყად სხვაც მრავალი მოხატავდა.
მაგრამ დუქანს აზრიანი კაცი თუკი მართავდა,
დაკიდებდა ფიროსმანის ნახატს სადმე, დახლის თავთან,
იზიდავდა კეთილთა და არიდებდა ავ თვალთა,
გზად თუ გაივლიდი.
ზედ ეხატა, უცხო სტუმარს უხვდებოდნენ რითი,
ენის ცოდნა რად გინდოდა, მიგეშვირა თითი,
სულ ქართული პურმარილი, განა ყავა-ბლითი,
თეთრ სუფრაზე გაჩნდებოდა, არ გეგონოთ მითი,
თუ გადაიხდიდი.
აირჩიე: მრგვლად - დედალი? ღვინო - ქვევრის? დოში?
ცოცხალი თუ მწვადი? მწნილი? - ლხინის სამეფოში
შემოსულხარ. ყველი? მსხალი? შოთი - განა თოში?
აემწამში, შენ - ლოდინში არ აყარო ქოში,
მოვა მოსაზიდი!
წამოგიშლის დარდებს, ისე კვნესის აქ დუდუკი.
ვინ დაეძებს, შენთვის ჩუმად აცრემლდები თუკი,
წარსულიდან გაგახსენდა რამე უბადრუკი?
იქნებ ერთი შორეული, ის გულდასახრუკი!
და სიტყვები - ფლიდი.
ტურფამ ერთი წაუტირა, ამოუჯდა გული,
ამოიღო ხელსახოცი, კუთხემოქარგული,
- იცით?! - მე რა გოგო ვიყავ, დღეს ვარ დაკარგული,
მოსვენება?! - ოთახია ფარდაგდაგებული,
საწოლს - გამოვცვლიდი…
ცაა ლურჯი - ფიროსმანის, ათენდებათ თავზე.
ყარაჩოხლებს ნიძლავი აქვთ, ცლიან ღვინის თასებს.
სმაში მჯაბნი! - ამბობს მთვრალი - ალბათ დავითარსე.
თამადა კი, თითქოს არც რა, ყანწს კვლავ ღვინით ავსებს.
ქეიფია დიდი!
ბევრი - არა! ერთი ჭაჭა, ჩარტყმით გამოცლილი,
სხვა რა გინდა! მუშამბა და ფუნჯი - მსხვილი? წვრილი?
შვებას ნატრობს საქმიანიც - მუდამ არმოცლილი.
ბედის შეცვლას ნიშნავს ლხინში თეფში გამოცვლილი,
სხვისი ხელნაკიდი.
მუშტაიდის გრილი სიო და მუშტრების ცილი,
შამფურებზე - მწვადი შხუის ხრეშმარილწაყრილი,
ლხინში მხარჯავს არ ეგონოს ფული გადაყრილი,
ვინც სად ელის, დაელოდოს, ცოლია თუ შვილი,
უკვე აღარ გაირჩევა ბრძენი ან შეშლილი,
შენ დაუკა! მიდი!
ახლა გამახსენდა რევაზ ლაღიძის ცნობილი “სიმღერა თბილისზე”.
აბა, დავუკვირდეთ! რით არაა პირობითად, ურბანისტული გარემოს აღწერა - თბილის-ქალაქის ეკფრასისი?
***
ნეტავ სად არის კიდევ ცა
უძიროდ ლურჯი, ხალასი
სწორედ ისეთი როგორც შენია.
ნაიარევი წარსული
ნანგრევი ნარიყალასი
ჭაღარასავით შემოგვრჩენია...
თბილისო!...
მზის და ვარდების მხარეო
უშენოდ, სიცოცხლეც არ მინდა...
სად არის, სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწმინდა.
ჩაივლი მტკვართა ხეივანს
და გაზაფხულის ვარდები,
გვეგებებიან მწვანე ჭადრები.
აქ არ იმღერო ძნელია.
აქ ხომ ფოთლებიც მღერიან
და ცა ფირუზზე ლურჯი ფერია.
- - -
დავალებები:
1. მოიძიეთ ეკფრასისის ნიმუშები ქართულ ლიტერატურაში.
2. აირჩიეთ რომელიმე ფერწერული ნამუშევარი, მაგალითად, ფიროსმანის ქმნილება და აღწერეთ ლექსად; ფორმა და სახეობა ლექსისა - თქვენი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით შეურჩიეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი