სანაძლეო


#ავდარიანა

სანაძლეო

(ოპუსებიდან)

   ზოგჯერ თვალზე  ალალი ცრემლი მოგადგება ადამიანს, საკუთარი ოპონენტის გონებაგამჭრიახობის პირისპირ რომ აღმოჩნდები. 
   მართლა მტერი ხომ არა ხარ,  შვილო და შვილზეც უტკბესო,  ეს ღირსება რომ არ დაგინახო და არ დაგიფასო!
      აი,  რა დამიწერა ერთმა ოპონენტმა კომენტარში:
 “სანაძლეოს ჩამოვალ, ელენე დარიანის (ანუ ბაქრაძის - სწორება ჩემია. ნ. დ. სტრონი)  ახალ წიგნზე ისე ლაპარაკობთ, წაკითხულიც არა გაქვთ, ხელშიც არ გჭერიათო”.
   რა მეშველება აწი? მოგებული აქვს ეს სანაძლეო დადებამდე და ესაა!
   აბა, ოკეანის გაღმა ასე უცებ მე ვინ მომაწვდიდა ფოსტით მაგ წიგნს,  ან რა წამაკითხებდა 500 გვერდის მომცველ ტექსტს იმის შესახებ, თუ  ბაქრაძის ქალმა ვის სად მისცა  პირობა ან რამდენჯერ დალია და არწყია,  მე რაღა დაგიმალოთ და, ლექსის მკვლევარი გახლავართ და ლექსები მაინტერესებს, ამ ტექსტს კი თავად გამომცემელთა განცხადებითაც, მგონი,  წიგნის სულ ერთი მეათედი უჭირავს.
     ისე, მოცალეობის ჟამს არც ბაქრაძის მემორიალური მასალის წაკითხვაზე ვიტყოდი უარს. საერთოდ, მწირია ჩვენი ლიტერატურის ისტორია ამგვარი საჭირო მასალებით და უნდა ვაღიაროთ, არც მისი გამოცემის კულტურა გვქონია  სასურველ დონემდე განვითარებული, როგორც ამ წიგნმა ნათელჰყო.
    მაგრამ თუ გული გულობსო, ნათქვამია!
    სანაძლეოს ჩამოვალ, ერთ- ერთი პირველი ვიყავი, ვინც ახლად გამოცემულ წიგნში ლექსებს გაეცნო. 
     როგორ?
    კომპიუტერული და ელექტრონული ტექნოლოგიები,  გაგიკვირდებათ და დღეს ისეა განვითარებული, აი, ახლაც, სამზარეულოში ვზივარ, წინ დიიდი ფინჯანი ყავა მიდგას, მიმოვიხედე და დავითვალე, რამდენნაირად შემიძლია  ერთ წამში დაგიკავშირდეთ,  თუ მანდ ხართ, გიყუროთ და ისე გელაპარაკოთ.
აგერ, ჩემო ბატონო:

ფეისთაიმი,
 სკაიპი, 
ფეისბუქი (ორნაირად), 
 ვაიბერი, 
ეფლ ვიდეო ქოლი 
და კიდევ  ბევრი რაღაცეები. 

(ბრჭყალებში ნუ ჩამასმევინებთ ამდენს, აქ დავყრი ერთიანად  ,”””””””””””””” და წარმოიდგინეთ, ვითომ ზემოთ თავ-თავის ადგილებზეა).
ანუ შეგიძლიათ, თან მელაპარაკოთ, თან წიგნი მათვალიერებინოთ, არჩეული გვერდები გადამიღოთ, იმწამსვე  გადმომიგზავნოთ, ,,ზუუმ ინ”- “ზუუმ აუთით”  ვადიდო-ვაპატარავო ხელნაწერთა ფოტოები, ვათვალიერო და ასე შემდეგ. 
სასწაულია პირდაპირ, როგორ განვითარდა ეს ტექნიკა!
ცხონებულ კაკო გაწერელიას უყვარდა  ხოლმე თქმა, არასოდეს დაიმოწმო წიგნი, რომელიც ხელში არ გჭერიაო. 
     დღევანდელ დღეს რომ მოსწრებოდა, ალბათ იტყოდა, არასოდეს დაიმოწმო წიგნი და მისი გვერდი, ვირტუალში მაინც თუ არ გინახავსო.
რა მაგის პასუხია და ახლა, თორმეტ აპრილს “კავკასიურ სახლში” კონფერენცია რომ იმართება ,,ვინ არის დარიანული დღიურების“ ავტორი” და მე რომ ვირტუალურად ვაპირებ  ჩართვასა და მოხსენების წაკითხვას, ჩამეთვლება? 
  რაში?
მეც არ ვიცი, მაგრამ
 სანაძლეოს ჩამოვალ, საინტერესო იქნება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი