შილ სილვერსტეინი - მესაათე


#თარგმანები

მთარგმნელისაგან

მეოცე საუკუნის ამერიკული მუსიკის ისტორიის  ერთ-ერთი დიდი წარმომადგენლის, პოეტის, მომღერალისა  და კომპოზიტორის - შელ სილვერსტეინის ეს საყოველთაოდ ცნობილი,   პატარა ლექსი  ე.წ. სასწავლო (შეგონებითი, აღმზრდელობითი, დიდაქტიკური)  პოეზიის ჟანრს  მიეკუთვნება.  ვერ ვიტყოდი, რომ  ინგლისურენოვანის მსგავსად,   თანამედროვე, ქართულ პოეზიაში  ეს ჟანრი  რაიმე განსაკუთრებული პატივით სარგებლობდეს, მაგრამ ხალხურ პოეზიაში, ასევე ინდივიდუალურშიც, კლასიკურ პოეზიაში  ტრადიციულად მოგვდგამს, ცოტა როდი გვაქვს  მისი  ნიმუშები. 
    ვფიქრობ, საილუსტრაციოდ იკმარებდა ვეფხისტყაოსნის პროლოგი, გურამიშვილის დავითიანი, (სწავლა მოსწავლეთა და აშ.)ალ. ჭავჭავაძის “მუხამბაზი ლათაიური” და ა.შ.
    რაკი ლიტერატურის ჟანრებად დაყოფას მთავარ საფუძვლად შინაარსობრივი მხარე უძევს. ვსაუბრობთ რა  შეგონებით, დიდაქტიკურ, აღმზრდელობით ჟანრზე,  აქ სახელდახელოდ,  რაღაც წარმმართველი თვისებაც უნდა დავასახელოთ ჟანრისა. 
    მე ვიტყოდი, რომ ამ ტიპის ნაწარმოების ავტორი, როგორც მენტორი თავისებურად, ზემოდან დასცქერის ყოფით სიტუაციას, გარემოებას, რომელზეც საუბრობს.  მსმენელად კი  ასაკით უმცროსს გულისხმობს; წარმოადგენს  ყოფით პრობლემას,   ღია მანიფესტირების მეშვეობით,  მიმართავს რა მაქსიმალურ ადაპტაციას, გამონათქვამის, ნათლად  გასაგებობას; მახვილგონივრულობა გამონათქვამისა - წესისამებრ გვაქვს ამ ჟანრის ნაწარმოებებში, მაგრამ ზომიერად;
აქ არ უნდა მოველოდეთ რაიმე რთულ  ლექსიკას, კონცეპტუალურ და სახეობრივ კარაკულებს,  ყველაფერი, ასე ვთქვათ, ხელის გულზე უნდა ედოს მკითხველს. 
    წარმოდგენილი ლექსი სამი სტროფისგან შედგება და თავრეფრენულია. ყოველ სტროფში პირველი ტაეპი - მყარად მეორდება, მეორეში გვაქვს ეგრეთწოდებული ფლექსიბელური ანუ ცვალებადი რეფრენი. ეს ცვლილება ეხება  რეფრენის მეორე ნაწილს, სადაც სამივეგან “ახალი” პერსონაჟი შემოდის. შეიძლება ისეც გავიაზროთ, რომ ეს  ერთი და იგივე პირია, სამ სხვადასხვა ასაკში.
    უმარტივესად - ურთულესის შესახებ - ესაა მთავარი პედაგოგიური ამოცანა, მას შემდეგ რაც პირველმა ადამიანმა მეორეს რაღაც ასწავლა.
 ნათქვამია,  რომ კარგ მასწავლებელს არ ევალება, ცოდნა თვითონ  მისცეს მოსწავლეს, მან   ცოდნის კარი უნდა გაუღოს, შესვლით კი მოსწავლე თავად უნდა შევიდეს და გზა გაიკვლიოსო.
    ეს ლექსიც ამისი ნიმუშია.  იგი ღია კარია, რომელიც გვტოვებს წარმავლობის, სიცოცხლის დროითი დასაზღვრულობის პრობლემის წინაშე.
   წაიკითხეთ და განაგრძეთ ფიქრი!

შელ სილვერსტეინი

მესაათე

“რას მისცემ,   ერთი დღით მეტი რომ გაცოცხლა?”
კითხვას  მესაათის, მიუგებს ბიჭი რას:
ერთ ცენტსაც  არ მივცემ, -  ცხოვრება მე ახლა
სიცილზე უხვად მაქვს და ხელში მიჭირავს!

“რას მისცემ,   ერთი დღით მეტი რომ გაცოცხლა?”
კითხვას  მესაათის, მიუგებს კაცი  რას:
- ერთ დოლარს მივცემდი, რად უნდა თავდახრა?
დრო ბევრიც რომ ჰქონდეს, კაცი არ გაწირავს! 

“რას მისცემ,   ერთი დღით მეტი რომ გაცოცხლა?”
კითხვას  მესაათის მიუგებს ბებერი:
- ზღვის ყველა მარგალიტს, ყველაფერს, რაც ახლავს 
ცას   მნათობებიანს,   დრო არ მაქვს მე ბევრი.

 (თარგმანი ნინო დარბაისელისა)

The Clock Man by Shel Silverstein
Poem:

“How much will you pay for an extra day?”

The clock man asked the child.

“Not one penny,” the answer came,

“For my days are as many as smiles.”

 

“How much will you pay for an extra day?”

He asked when the child was grown.

“Maybe a dollar or maybe less,

For I’ve plenty of days of my own.”

 

“How much will you pay for an extra day?”

He asked when the time came to die.

“All of the pearls in all of the seas,

And all of the stars in the sky.”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი