დიოტიმა
დიოტიმა ვარ, მზის ასული, სულით ორსული, უცხო ტომისა, უცხოდ მხედი, უცხოდ მავალი. შემოკრბით, ბრძენნო, სანადიმოდ, შესვით წყალ-ღვინო, რაც გინდათ, მკითხეთ სიყვარულზე, ვიცი მრავალი. ვიცი, ნიადაგ ვით დაეძებს ნაკლული ნაკლულს და შეერთების მწარე ნდომა ვით დაიმონებს. ღმერთს და კაცს შუა მოქანავე ვნახე სამანი – იქ გახიდულებს პირზე კოცნით ვიცნობ დემონებს. “დამენამაო თვალი ცრემლით, მოდი მალეო, უშენოდ წყვილმა აფროდიტემ გამაწამაო…” უნდოს, უჭეროს, დაუდევარს ვინ დაუჯეროს. თვით უკვდავებაც სიკვდილივით არის ამაო. კმარა ბაასი. მო, კალთაში ჩამიდე თავი, ჩემს ბაგეს დაჰყევ, გარინდული, ღელვას მიენდე! მორჩა ამბავი. რას დაეძებ, თუ იბნევიან ნათელმზიდველნი მთის წვეროდან ჩრდილთა მღვიმემდე. ხედავ? აფრინდა წყვილი წერო, ცაც აირია, შემოისერა ბედისწერის თეთრი არშია. რას ვერჩით ღმერთებს, ეს ტანჯვაც ხომ ჩვენ მოვიგონეთ. არ არის ქვეყნად სიყვარული და არც ცაშია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი