Ლურჯი სფინქსი
ლურჯი სფინქსი ამომილამბეს ქაოსებმა ლექსის ქიტონი, მკრთალი სტრიქონი შემიმოსეს ნისლიან სიტყვით, ამ ნისლით ვიტყვი, რომ არქაულ იერიქონის ხილვებგახელილ სიჩუმეში წევს ლურჯი სფინქსი. ის მთლად ლურჯია, ლურჯად აწევს კოსმიურ თაღებს და აშრიალებს ეთეროვან, შორეულ ბაღებს, მის მდუმარებას გასდევს შუქი ყვითელ ხორკლებად (ამაოება ამაოთა .... ამაოება....) წევს ლურჯი სფინქსი, როგორც იქსი და განტოლება, მისი მრავალი შენაკადი და განტოტება გადაჭიმულა გამჭვირვალე სკნელის ტოტებად, ის უერთდება თბილ ლეთედან ბნელ ტალღებს სტიქსის... (ამაოება ამაოთა... ამაო ტვირთის...) ტანზე ოვალი ალესილი ალმასის ალის, ერთი მზის თვალი, მეორე კი თვალი აქვს მთვარის, თმები რიჟრაჟის, წამწამები- უკუნი ღამის, რიბირაბოებს ახამხამებს, ვარსკვლავთმპყრობელი. (ამაოება ...და ამაო ირგვლივ ყოველი...) წევს ლურჯი სფინქსი, ჰორიზონტზე ხატავს განედებს, ცივ პოლუსებზე ათასფერად სიზმრებს აელვებს, თვითმფრინავების ზოლად გავლილ ნაკვალევს ითვლის, ხან ეფიქრება თეთრი ქიმი თოვლიან ფიფქის. ქალაქებს, სოფლებს, უდაბნოებს, ზღვებს და უფსკრულებს, ის ამინდების ცვალებადი სივრცით უყურებს, ჩიტებს უხილავს ქარში აშლილ, მსუბუქ ბუმბულებს, არაფერს ნატრობს, არც არაფერს ის არ მოელის... (ამაოება...და ამაო ისევ ყოველი...) ცა- ლურჯი სფინქსი, როგორც ფუნჯი სიქსტის კაპელის, კაენის-მიწის ტყუპისცალი - ჩუმი აბელი, ამქვეყნად ყველა სევდიანი ამბის მნახველი, ხანდახან, როცა წვიმის წვეთში განმარტოვდება, რაღაცას დარდობს, რაღაც ახსოვს და აგონდება, თითქოს იოცებს ამ უცნაურ გარემოებას - ამაოებას... ამაოთა ამაოებას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი