Ქვიშის სიტყვები


ქვიშის სიტყვები

ის ჩუმად იჯდა
და ქვიშაზე რაღაცას წერდა,
უცხო სიტყვები შემოხაზა 
მიწაზე თითით,
ის ჩუმად იჯდა  
და ქვიშაზე რაღაცას წერდა,
ზეთისხილის მთის ტალანებზე 
ჩამოწვა  ბინდი.
მოვყავდი მსაჯულთ.
- ცოდვილია! ცოდვილს სიკვდილი!
ცა  შეტორტმანდა 
ალესილი განაჩენივით.
და სიყვარულის დავუპურე 
ვისაც  შიმშილი
ცივი ქვით ხელში მოდიოდა 
დანარჩენივით.
*
-მკვდრებმა დამარხეთ თქვენივ თავი,
თავად დამარხეთ!
ამომეზარდნენ ლავიწებზე  
ზეთისხილები.
-მკვდრებმა დამარხეთ თქვენივ ცხადი, 
მკვდრებმა დამარხეთ!
ამომეხატნენ შავ თვალებზე 
ზეცის ხალები.
*
შენ, სურვილივით  სანატრელო, 
სიცოცხლევ ჩემო,
შენ, სიკვდილივით გარდუვალო 
ჩემო სასჯელო,
შენ, ვინც ვერასდროს ვერ გაიგე
სამოთხის გემო,
შენ, ჩემი ბნელი  ჯოჯოხეთის
ალის ამთებო!
შენ, სატრფოვ ჩემო,
 ნუთუ შენც ხარ? შენც ამ ჯალათებს
ლოდად ქცეული ნუთუ  მოსდევ,
შენც მასამართლებ? 
შენც ქვისფრად მიმზერ
და არ მჯერა, რადგან მაჯებზე
ჯერაც მატყვია შენი სუნთქვის 
მცხუნვარე კვალი,
ჯერაც მარტყია წელზე შენი 
 სურვილის რკალი.
(ხილვათ ბორგვაში  ათიათას 
ჩემსავით  ქალის 
ჩამესმის მოთქმა  
- წყევლად მექეც,
  გიხილე როცა...)

*
მკვდარი დამმარხე, 
შენი მკვდარი, შენვე დამმარხე!
ეს სიყვარული მომახვიე ცეცხლის სუდარად.
მკვდარი დამმარხე, 
შენით მკვდარი, ცოცხლად დამმარხე
ან ამ განაჩენს აღსრულება მეტად უნდა რად?
*
ის კი, ის მშვიდი, 
ის მდუმარე წერდა რაღაცას,
და ირხეოდა მის გარშემო 
ფრთათა ზეფირი.
და ასე უცხოდ ახლობელმა, 
ასე სხვაგვარმა,
წამით შემხედა,  მომანათა 
ზეცის ელფერი.
-მოგვყავს ცოდვილი! 
ცოდვილია ეს ქალი რაკი
წმინდა  კანონით დაისაჯოს
 სიკვდილით!
-რაბი!
და ის,  ქვიშაზე უცნობ სიტყვებს 
ჩუმად რომ წერდა,
თითქოს უეცრად ჩაფიქრდა და
 გაფითრდა,  შეკრთა...
სხეულში  ცრემლის  სამსჭვალივით 
მომესმა -,,რახილ!,,
და მე ვერ მივხდი, როგორ ვგრძნობდი  
ამ უხმო ძახილს.
*
-მკვდრებმა დამმარხეთ თქვენგან მკვდარი -
მან კი მისმინოს!
მკვდრებმა დამმარხეთ თქვენგან მკვდარი -
მან მომირჩინოს
ეს მკვდრად შობილი სიყვარული
მან მომიჩრდილოს,
ამ  ნაგვალევი სულის სახლი
გადამირჩინოს!
*
და გაიელვა-  ,,უცოდველმა ესროლოს პირველ!,,
შეახმათ  სიტყვა,  შეაქვავდათ  მრისხანე პირებს.
ცამ გაიმღერა-,,უცოდველმა ესროლოს პირველ!,,
ქვების სიმძიმით მოიზნიქა ცისფერი სივრცე.
*
-მკვდრებმა დამმარხეს მათგან მკვდარი,  ცოცხლად რომ მნახეს
და ამეშალნნენ  ულურჯესი სიზმრის  ტალღები,
-მკვდრებმა დამმარხეს მათგან მკვდარი, ცივად შემახეს
ერთდროს ვნებებით მორკალული ცხელი მკლავები.
*
და როცა მზიდან ამოფრენილ წითელ მერცხლებად
მოედნენ  ბაღებს ზეთისხილის მწუხრის ტიხრები,
მოვიდა ბავშვი, წაიკითხა ის, რაც ეწერა,
მოვიდა ბავშვი და  დამარცვლა  ქვიშის სიტყვები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი