მათხოვე სიტყვები
მათხოვე სიტყვები... ადუღებულ რძესავით ამოსულები საკუთრი მნიშვნელობებიდან. დამბალი პურივით გაჟღენთილები სასიცოცხლო სემანტიკით. სავსეები და მსუბუქები. ბავშვის თითებივით ჩვილები. ქუჩის ძაღლებივით მშივრები. მათხოვე სიტყვები... სიკვდილივით მართლები და საბოლოო თქმისთვის დამალულები. სიცოცხლესავით ბასრები და მახვილებით დამარცვლულები. სიბერის თვალებივით დამცხრალები. სინანულივით დაწურულები. ფიქრებივით დაშლილები, ტკივილივით ყველა ორაზროვნებისგან დაცლილები, სიყვარულივით თეთრ ხბოებად შეწირულები. მათხოვე სიტყვები... დაპირებებივით უარყოფილები, აწმყოსავით წასულები, მომავალივით ყოფილები, არაბესკებივით რთულები, საფლავის წარწერებივით მარტივები, სიხარულივით ხელგაშლილები, სიზმრებივით ვერახსნილები დედის ლოცვებივით უხვები. მათხოვე სიტყვები... მე ფრთხილად დავმარხავ მიწის ამობურცულ მუცელში. და ვეცდები ვიყო უფრო მეტად მომთმენი, უფრო მეტად ჩუმი, უფრო მეტად მიჩვეული ყველა მერყევ პირობითობას. (რადგან ასი ზოგჯერ ნაკლებია სამოცზე და გა-ოცება ყველა რიცხვის დასაწყისია.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი