მე ახლა ვგავარ, ახლა ვგავარ ..


მე ახლა ვგავარ, ახლა ვგავარ 
გამხელილ სახელს,
წამის მოცელვით წამოცდენილ
ცოდვის ცდუნებებს
და მხრებზე ვმალავ, მხრებზე ვმალავ 
ჭრილობის ხაზებს,
მზის წითელ დამღებს, ღრმა იარებს 
ხელის გულებზე.
მე ახლა ხვალ ვარ, ახლა ხვალ ვარ 
და სიზმრებს ვახელ,
მე ახალ ხილვებს მოვიხალავ 
თვალის გუგებზე.
ვიხსენებ მაღალ ფაიფურის 
თოჯინის ხალებს,
მიხატულ ღიმილს 
აღსარებით დაღლილ ტუჩებზე.
მე ახლა ვდგავარ, ალყად ვდგავარ 
და ისე მყარად
და ისევ მარად, ისევ არად, 
ისევ ირიბად.
შიშებით ვაშრობ შარშანდელი 
ამინდის ავდარს 
და წვიმასავით ვიწურები 
სველი ფიქრიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი