მოხვალ ძალიან ადრე და გვიან
მოხვალ ძალიან ადრე და გვიან, ძნელი ნაბიჯით და რთული გზებით. უსიზმრო სიზმრებს, ქალაქებს მტვრიანს, შენს მარტოობას მოიტან მხრებით. დროის და სივრცის ბილიკით მოხვალ, ხელში ნოემბრის მკრთალი წვიმებით, შეგხვდები სახლთან დეკემბრის თოვად, უსიტყვო ლოცვად, თეთრი ფიფქებით. მოხვალ პასუხის უპოვნელ კითხვად, წაგებულ ბრძოლით, ფიქრიან ნისლით, მე დაგახვედრებ გარეცხილ დილას, ღამეს დაკეცილს, უკოცნელ ღიმილს. და როცა გულზე შიშების ღილებს შემიხსნი ნაცნობ სხივით შემცბარი, გეტყვი, რომ დაე, ყველა დღედ ღირდეს ეს დაბრუნების დღე უეცარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი