ნოემბრის ნოქტურნი


სიზმრებში ფანჯრებს ესიზმრებათ 
ნანახი ქუჩა...
ფოთლებს აბარებს შემოდგომა
წვიმის დუქანში,
უკვე ზამთარსაც მოფიფქული
მაქმანი უჩანს,
გადაზნექილა სიმძიმისგან 
ქვევრი მსუქანი.

აკენკავს ყვავი მზის სხივებს
და დაღლილ ნოემბერს,
ჩაეძინება ღამეებში 
მეტი სითბოთი.
სადღაც დაგკარგე 
და ვერაფრით ვეღარ მოგძებნე,
ალბათ ზამთრების შესახვევთან 
უცბად გიპოვი.

სიზმრებში ფანჯრებს ესიზმრებათ
ნანახი ქუჩა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი