უთოვლისფრო ლექსი
ასე გარინდებით, ჩუმად ღამდებიან ზამთრის უთოვლისფრო, მშრალი ამინდები. მოჩანს სიზმრიანი ღამის ღარებიდან ფერმკრთალ ინფანტათა თეთრი ნადიმები. მე კი ისევ ვგავარ უთოვლისფრო ზამთარს, ქარი გაიტაცებს დარბაზს, ჭაღებიანს. დაორთქლილ სარკმელზე წრეებს შემოვხაზავ -ქუჩა, გამვლელები, თეთრად ლანდდებიან. როგორ იბინდება მოთრთვილული მინის იქით დარჩენილი ყველა სინამდვილე. მგონი, იყიდება მეზობელი ბინის შიშით შელესილი ჩუმი სიმარტოვე. გამხდარ სიმშვიდეებს ქარი გაიცეკვებს, ჩრდილებს გადმოაფენს ღამე - მეციხოვნე (აღარ მახსოვდა და უცბად გავიხსენე როგორ გეძებდი და როგორ ვერ გიპოვე.) ბასრი საათები ისრებს გაისვრიან, დღეებს გაიხდიან ურჩი კალენდრები. თეთრი ნადიმების დარბაზს, ნიმფებიანს, ფარავს უთოვლისფრო, რუხი ამინდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი