როგორ გითხრა რომ თვალჭრელ აპრილებს ..


****
როგორ გითხრა რომ თვალჭრელ აპრილებს
შეუკერიათ მწვანე კაბები 
და რომ ამაღამ წვიმას აპირებს,
რომ ისიზმრებენ ტყეებს კაკბები...
როგორ გითხრა, რომ შორია ზეცა,
მიწაც შორია, სისხლით და მსხვერპლით,
რომ მოთმენილი სიმშვიდე მეცვა,
როცა ქარიშხლებს ვხატავდი შენთვის...
როგორ გითხრა, რომ ვერასდროს ვერ ვთქვი,
ეს გული რასაც უხმოდ ყვიროდა,
რომ ყოველღამე დემონებს ვებრძვი
და ყოველ დილით ვკვდები იოლად....
როგორ გითხრა, რომ ვერსად გიპოვე
და მაინც, მუდამ სადღაც გეძებდი,
როგორ აგიხსნა, როგორ ვიომე,
სანამ შენამდე მოსვლას შევძლებდი...
როგორ გამოვქნა ისე სტრიქონი,
როგორ ამოვთქვა სათქმელი ისე,
რომ ქაოსების ლურჯი ქიტონი
შემოეხიოს დაძარღვულ კისერს....
როგორ გადმოგცე ეს ბრუნვა- ქროლვა,
თანდებულებით, ქვეწყობილებით,
როდესაც სულის ნაცხელებ როკვას
და ველურ ქარებს ვეძმობილები...
როგორ გითხრა რომ, ძილშიც ჩამესმის
დასაკლავ ხბოთა ხაფი ბღავილი,
რომ ვერ ვუყურებ ყანას დასეტყვილს,
რომ მოცელილი მტკივა ყვავილი....
როგორ გითხრა რომ ამ ქვეყნად მოსვლა,
ამ გზებზე დგომა არავინ მკითხა,
რომ თიხა მქვია და თიხა მომაქვს,
რომ დავიკარგე, როგორღა გითხრა...
...როგორ გითხრა რომ თვალჭრელ აპრილებს
შეუკერიათ მწვანე კაბები.
(მგონი ამაღამ წვიმას აპირებს,)
დაისიზმრებენ ტყეებს კაკბები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი