შეხვედრა (ვალერიან გაფრინდაშვილს)


სუნთქვის გაჩერებაზე შევხვდი პირველად.
მას მაღალი საყელოდან 
მთვარის სნეულება მოუჩანდა.
ეცვა ფაკირებიანი ღამე და 
ირიბად შეჭრილი ტრიოლეტი.
ხელში მოკრძალებით ეჭირა 
წითელი დაისის ყვავილი.
 ელოდა წვიმის სიზმრებიდან 
ამოსულ კენტავრებს.
ის იგონებდა დღეებს, 
როგორც იგონებენ
ზღვაში დაკარგულ გემებს.
ქუჩამ ნესტიანი მორიელი დახატა იეროგლიფით. 
და რექვიემის აბსურდის მოტივით,
მწოლიარე დაისების გამოგონებით,
ის იდგა, როგორც დაკარგული დროების 
მეამბოხე ჰამლეტი.
სიტყვებით გამოძერწა ოფელიას მდუმარება და
დაობლებული სონეტით ეამბორა 
კაბის მდინარისფერ კალთაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი