0 0 22
ერთი სიტყვა
მიმქრალ ფერებით როკავს საღამო
და გულზე დამდის დამდნარ ჩრდილებად.
ყრუ სიჩუმის წინ უიარაღოდ
ვდგავარ და ერთი სიტყვა მჭირდება.
ქალაქი ციებ-ცხელებებს მესვრის,
სისინებს, ბორგავს ჩუმი სიშლეგით.
მე ახლა ერთი სიტყვა თუ შემცვლის,
მე ახლა ერთი სიტყვა მიშველის.
იელვებს მკრთალად, გამონათდება,
მომდევს და არ ჩანს, ვერც ვწერ და ვერც ვშლი,
შეუმოსავი - ხმად მელანდება
სიტყვა, რომელიც ვერაფრით ვერ ვერ ვთქვი.
გაიშლის ქარი აწეწილ ღრუბელს,
ღრუბელს გაფანტავს ამბის წამღებად,
ჩემს დაცლილ ლექსებს დამწვარ ფრთებს ვუხვევ
და ვგრძნობ - ის ერთი სიტყვა მაკლდება.