ლომი


საჰარისფერი თვალები მაქვს
და ჩემს თვალებში უდაბნო სუნთქავს.
ქვიშიან მზერით შემოგხვდები
წყურვილის პირას,
შენ დასიცხული ფეხის თითებით 
დაკოცნი მიწას.
ამ გამთანგველი დაღლის გამო 
შემიყვარდები,
მოგეფერება ცვრიან შუბლზე
ცხელი ჰაერი
და შუადღის ცის 
ქარვის ბადეში
ჩრდილები ცვივა...
Გისიზმრებ სხივად!

მე ქაოსების ვარ ბადიში,
მზის მოოქროვილ მუცლიდან ვიშვი,
ყვითელ ქარების შეწყვილების 
ორპირ ღამეში,
შეგხვდები ჩემი გვალვიანი, 
მკვლელი თვალებით,
სისხლისფერ სისხამს
შენს გრძელ ფეხებთან 
ნანადირევს გავშხვართავ მთვარეს...
-ნაკაწრებიდან ცა რიჟრაჟებს ამოიბღავლებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი