შუმერული სიზმარი
ურუქის ღამე. დაბინდული ღმერთის თვალები. უსურვაზების ფოთლებიდან იღვრება ნისლი. ცა, ლომის ბრჭყალით გაკაწრული ცეცხლის ალებით - ვარსკვლავებს ყვირის. აამღერა მთვარე ნინგალმა, ნამგალივით ზურგს მოურკალავს ყვითელ ალერსით, გაშლილი სივრცით მოვიფიქრებ მანძილს იმგვარად, გზა მოგასწავლო დახვეული ფიქრის ხაზებით. სიზმრიან კვალით დაბრუნდები იშთარის კართან, მოიტან ქურციკს ნანადირევს- -შუბზე ალესილს, მთვარეულ სახლთან დაფიონის ფერი ცით ვდგავარ, გამოგონილი და ნაზმანები... გხედავ და ვხვდები; ვინც მეყვარება, ის მიყვარს და მუდამ მიყვარდა, დამკიდე მძივად შეხვედრების ფერადი ქვები, მე დავიწყების ლაჟვარდიან ბურუსს მივყავარ - ვიღვიძებ, ვქრები... - უკვე ინათა. აიშალნენ ლურჯი ღმერთები ამოზნექილი კუზებიდან თიხისფერ მთების... ...ლანდებად დადის ჩვენს ეზოში თეთრი ინანა - გრძნეული ფრთებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი