შამხათ


რიდეს ირიბად შემოვიხვევ,
რიჟრაჟებს ავშლი,
ნასიზმრალ ღამეს გადავაფენ
შუადღის ზეწარს.
მაშინაც ასე თუ მართობდა
სურნელი ვაშლის,
მაშინაც ასე თუ მათბობდა
ენქიდუს მზერა,
რატომ აქვს მაინც ტალახს ჩემი
სიცოცხლის ფერი?
რატომ აქვს მაინც ბალახს ჩემი 
სიკვდილის გემო?
შუადღეების დაუჩრდილავ,
ჩუმ სიყვითლეში
ათასწლეულებს ვამზეურებ
უცხოვ და ჩემო.
მჯერა 
(თუმც ჯერ არ) დამიძახებ
მღვრიედ და ხაფად,
მკვლელი მკლავებით მომირკალავ
გზებს და ნაკვალევს,
რომ მწყურვალ სულში
ჩაგეღვარო
მათრობელ შხამად,
მლაშე ტალღებად დავეფინო
შენს მზეს, ნაგვალევს.
-რადგან ეს მე ვარ!
უძილობის 
ქალღმერთი შამხათ,
რადგან ეს მე ვარ -
ვინც შენს ღამეს
ფრთებით ატარებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი