გადართე


გადართე!
გადართე სხვა არხზე...
ვუყუროთ კატმანდუს ლანდშაფტებს,
ვუყუროთ მზის წითელ ნაფაზებს,
საჰარის გაზმორილ ნახაზებს,
ზუბრების ზურგებზე მკბენარებს,
ქურციკებს, ძუ ლომებს მთვლემარეს,
შეღობილ სიცოცხლის ნაკრძალებს, 
აფრენილ კაკადუს ნისკარტზე
მორკალულქიმიან ვარსკვლავებს.
გადართე...
სიმართლის სიმაღლე დამმართე,
დაღმართებს ვუყუროთ ავლილებს,
ნამდვილებს, მარტივ ნარატივებს,
ლეღვისფერ ტომების ქალების
თვალებში ამოსულ ყვავილებს.
ვუყუროთ პოპკორნის მარცვლების
ცმაცუნით, სიჩუმის დაცვებით,
სიცხადის დაცხრილულ ფაშვიდან
სიზმრებად ამოზრდილ ედემში
თიხისფერ ადამის ბავშვების
მიწაზე ფეხშიშველ გაშვებას...
გადართე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი