ლურჯი


ზოგჯერ ისეთი ადვილია
წაშალო მუქი
მეხსიერების უჯრედიდან
უქმი ფაილი,
სადაც ვერაფრით ჩაატიე
მოლურჯო შუქი,
სადაც ვერაფრით ჩაეტიე,
რადგან ადგილი 
არ დაგიტოვეს შეხიზნულმა
მასში მდგმურებმა,
რუხი კედლები  აგიშენეს 
საყვედურების,
ბრალად დაგადეს
უმადობა, უმადურობა,
წარსულები და აწმყოები...
მომავალები...
რომ ამ ვალების ასაღებად, 
გასასტუმრებლად,
ვერ მოაგროვე საკრედიტო
ხაზის ქულები,
ვერ მოახერხე გადაყრა და
განადგურება
შემოდგომების ფოთლების და
გაზაფხულების
(არასაჭირო ნივთებია-
არამოდური
მოტივებია ვადაგასულ
სენტიმენტების),
რომ მეინსტრიმის ასტრალური
მაგისტროსები
ატრიალებენ ახალ ტრენდებს
მთავარ ლოზუნგით:
,,იყავი ვინც ხარ!
ვინც არა ხარ-
ისიც იყავი!
ყველა და თითო... დანარჩენი...ანუ 
შემდეგი.!"
ამოგიშენეს  მიზეზები
შედეგებივით,
ამოგიკითხეს კითხვებიდან 
როგორც ზედმეტი;
ნომერი,
პირი,
პირადობა,
ხმა, აბონენტი,
სადაც სიცოცხლის განვადების
პროცენტს გითვლიან:
-ეს  სიგიჟეა!
გეტყვის ვინმე მისტერ პოეტი
-ეს სიგიჟეა,
უპასუხებ - ეს იგივეა.
და ვეღარ უხსნი,
რომ გაგძარცვეს
სულის მდგმურებმა
და ამოგივსეს
ოთახები მძიმე
ძეგლებით,
რომ საგნებისთვის
სახელები ვეღარ გეპოვნა,
ვერ მოგეძებნა ამ საგნების 
ფარდი ბგერები. 
ვერ მოგეძებნა
მრავლობითი აღტაცებები,
ამ მხოლობითი სიყვარულის
გამოსაძერწად,
რომ აღარ დაგრჩა, რაც გაგაჩნდა-
მისაგებელი 
ვეღარ მიუგე
ვეღარც წასვლას, 
ვეღარც დარჩენას.
რომ აგერია დერეფნები,
სხვენი, სანგრები,
გადარჩენილი 
ხის ჩრდილების
გადასამალად,
და რომ საკუთარ
ნასახლარის ბოლო ნანგრევიც
თეთრი აფიშით
ლაზარეთმა დაასამარა. 

...რომ თითქოს უკვე გაშლილია
დელფოს სამისნო
და ქურუმებმაც გალესილი
კაუჭი მოგდეს,
რომ მაინც რთული კავშირია
დაუკავშირო
ერთმანეთს ბევრი 
განაჩენი და ერთხელ 
მოკვდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი