პალიმფსესტი
პალიმფსესტი ვარ, მერამდენედ გადაწერილი და ჩემს წარწერებს შორის მოჩანს ზმნა გერუნდივით, მუდამ განგრძობით დროს მაჩვენებს ზეცა მუდმივი, და ეტრატის ფერს დაკრავს მუქი სიძველის ნესტი. მე - პალიმფსესტი დროთა ნესტრის ნაკაწრს ვიმშრალებ, შუმერულ სიზმრით გზააბნეულს ვეძებ გილგამეშს, სივრცის შრეებში ვიკარგები წაშლილ მარცვლებით და ხელმეორედ ვიბადები გარდაცვალებით. პალიმფსესტი ვარ! მზეს ვუმღერი მრავალჟამიერს, ჟამთა შესაკრებს, გამოსაკლებს, ჟამთა ჟამიერს, ქვიშის ქარების მე ვიხსენებ ბასრი ფრთის ისრებს, ყვითელ ფიქრებში გამოხვეულ თეთრ ოსირისებს. პალიმფსესტი ვარ! ჩემს ფურცელზე იპოვით ხეთებს, ძველ ქალდეველებს, მუდამ თვალმშრალ, ხმელ ეგვიპტელებს, ბახუსის მტევნებს, აიეტის ოქროსფერ ხელებს, ტროას კედლებში წმინდა ცეცხლის შიშინა ბგერებს. მე აბრაამის დახაზული გზების გეზიდან ამომაფრქვიეს ვულკანებმა გეიზერებად, დაკოჭლებული იაკობის ნატერფალს მივსდევ, ნოეს ვენახში დიონისოს სიმღერას ვისმენ. პალიმფსესტი ვარ! და დროების ვბრუნავ ბრუნვებში, ათასწლეულში ჩაკირული მწკრივით, უღლებით, სხვად ყოფნის ხილვით ვიმეორებ ხოლმეობითებს, ძირის ძელძველი საძირკველით მოველ ოდითვე. პალიმფსესტი ვარ, ჯვარის სივრცის გზაჯვარედინი, ოთხთავის ცისკრით დანამული სრულ-უსასრული, საზღვრულ- მსაზღვრელით გამოხსნილი, ცოდვილი სული, - პალიმფსესტი ვარ, ისევ სიტყვის ვარ მომლოდინე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი