მედეა
დახუჭე თვალები. ხელებზე ტალღების სიმლაშეა თუ ცრემლის ქვის გემო? სიყვარულის გემო. გემით მოსულის გემით წასულის... სიყვარულის გემო, საიდან მოგყავს იასონები? რატომ აქვთ მათ ასეთი მზიანი თმები, ასეთი ზღვიანი მზერა, ასეთი ქარიანი გული... სიყვარულის გემო, რატომ მიგყავს უფსკრულის ლურჯ სიშორეში მედეები- თეთრი გედები, მზის ქალღმერთები? იასონების ურჩხულების დამძინებლები... საკუთარი ურჩხულების გამღვძებლები... - არ უნდა გიყვარდეთ ზღვის კაცები. არ უნდა გიყვარდეთ ტალღიანი მათი სულები, ზვირთიანი მათი სუნთქვები, ცალშემოსილი მათი მოსვლა. სიშორისაა მათი ფიქრი, სიშორისაა მათი სიყვარული. ისინი მოდიან რომ სიცოცხლის ხიდან დაუკრიფოთ ოქროსბეწვიანი ვერძები. ვერ ძღებიან ოქროს ვაშლებით. სამსხვერპლო სისხლნასვამ მიწას წვავენ მამები -ცეცხლის ღმერთები... ირიბად ალესილ ორლესულებს გესლავენ ძმები - ომის ღმერთები... იციან... იციან როგორ იღუპებიან ჯადოქარი მედეები... იციან როგორ იმსხვრევიან სილურჯეში მათი შელოცვილი ვედრებები... გველეშაპის კბილებს თესავს იასონი. როგორც ყველა მედეამ, შენც ხომ იცი, რომ ვერ მოერევა უშენოდ გველეშაპის კბილებიდან ამოსულ შიშებს. ვერც ცეცხლისმფრქვეველ ხარებს ვერ გახედნის, ვნებაამღვრეულ ხილვებს... უშველე მედეა! როგორც ყველა მედეამ, შენც ხომ იცი, რომ მიწაგამოცლილს, სახელგამოცვლილს, ვერგაჩენილი შვილების მკვლელობასაც დაგაბრალებენ ვერყოფილი სიყვარულისთვის. რატომ აქვთ მათ ასეთი მზისფერი თმები?! დახუჭე თვალები... ხელებზე სისხლის სიმლაშეა თუ ცრემლის ქვის გემო.... სიყვარულის გემო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი