არ მეშინია სიკვდილის ..
არ მეშინია სიკვდილის. მეშინია სიცოცხლეშივე არ ვიქცე უსულო გვამად. არ მეშინია ფიქრის სიჭრელის, მტერთა სიმრავლის. მეშინია ჩემს სამშობლოში არ დავრჩე გარიყულ ცალად. არ მეშინია გარდუვალობის. მეშინია შესაცვლელის ვერ შეცვლის, ვერ შეძლების, ვერ მოცლის, ვერ მოსწრების. არ მეშინია სიბერის, არც ნაოჭების, არც წლების, მეშინია გამშრალი გულის, ცარიელი წარსულის, უმარილო ცრემლის. არ მეშინია ღალატის, არც დევნის, არც ქილიკის, არც ჭორის. მე მეშინია ტკივილის შეგრძნების დაკარგვის, მეშინია ცინიზმის. ღმერთგამოცლილ ლოცვის. არ მეშინია ფრთების მტვრევის, არ მეშინია ვარდნების, მეშინია გრძნობებზე მტვერის, მეშინია მიწაზე ფორთხვით წაუქცევლობის. არ მეშინია შიშის, მეშინია უშიშრობის, დასაკარგის არ ქონის. არ მეშინია მიწისძვრის, არც წყალდიდობის, მეშინია ომის. მეშინია ადამიანთა ცივი მზერების, მკვლელი ხელების, სახჩობელების. არ მეშინია სიძულვილის, არც შურის, არც მრისხანების. მეშინია სიყვარულის ვერ შეძლების. ნელთბილი სუნთქვის. არ მეშინია ვალების, არც არასრულებული ოცნებების. მეშინია მშიერ ბავშვების თვალების, ატირებული მოხუცების, დაჩაგრული ობლების, შვილმოკლული მშობლების, მეშინია, რადგან მათ გამო უფალი ტირის, მეშინია რადგან გავივლით და ვიმუნჯებთ სინდისს... სიზმარში მეშინია უხმო ყვირილის, უფეხო გაქცევის... არ მეშინია სიკვდილის, მეშინია არაფრისთვის დარჩენის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი