„სელფი“ სარეცხის თოკით


ნერვები- გაბმული სარეცხის თოკი...
ზედ გაფენილი სიმშვიდეები...
მიმაგრებული მანერული თვითდამკვიდრების
ცრუ სამაგრებით...
გარეცხილი ურთიერთობები...
ლაქებამოყვანილი ტყუილები...
ხელოვნური ქსოვილებისგან შეკერილი 
სიმართლეები...
სინთეტიკური პათეტიკურობა პოეტურობის...
თოკიდან ჩამოხსნილი 
მრავალფეროვანი ერთფეროვნება...
ვაუთოვებ დაჭმუჭნულ კითხვებს, 
გამოხარშულებს, 
გაცრეცილ პასუხიანებს. 
ვარჩევ ვადაგასულ, დავიწროვებულ სიზმრებს. 
არასრულებულები აქ... ასრულებულები აქ... 
დაჭიმვა სჭირდება სასიცოცხლო მოლეკულებს, 
ირიბულად და თარაზულად გაქაჩვა....
ელექტრონული ამინდების მზეებით ვაშრობ 
გამოცხადებულ, 
წვიმისფერი აპოკალიფსის მოლოდინებს 
და შემთხვევითობის მრავალკარიან თაროზე ვალაგებ 
დაკეცილ დღეებად.
და ყოველლდილით კარადიდან ამოდის
გახამებული ჭრელი ყვავილი,
რომ სულ ერთი წამით
თვალებზე მომაფაროს
ნაჭრის დაჭრილი ფოთლები
სულის სქემატური
და სისტემური სელფისთვის,
(დაჩრჩილული  ჩრდილებით)
საიდანაც -სარეცხის გაჭიმულ თოკზე  
მიმაგრებული  სიმშვიდეები 
მაინც საეჭვოდ ცერად  იყურებიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი