ყოველდღიური პასტორალი


მაინც რა არის? 
აჩემება- შენ, მე, ცა, მიწა...
მე მიწის სუნი 
უწონადო ფიქრისგან მიცავს,
შენ იცვამ  ზუსტი გამოთვლების 
მძიმე მანტიას,
მყარად დადგომის 
მეტაფორულ გრავიტაციას.
უფრო სწორია-
მე,  ცა, მიწა, შენ,და ხიდები,
სადაც ვერასდროს ვერ გადმოვალ, 
ის ნაპირები.
შენ მაკვირდები, 
შეისწორებ დავარცხნილ ღიმილს,
მე ეს ღიმილი, ასე მსუყე, 
სიმშვიდეს მიღლის.
ბანალურია! 
მე, შენ მიწა, ცა და მოტივი
აპოკრიფული პასტორალის. 
მკაცრი პროფილით
მიმზერს აბრიდან 
რუტინული დღეების ღმერთი,
და ანათემით მემუქრება 
გეგმა თუ ვერ ვთქვი.
ახლა ასეა- 
შენ, მე, მიწა, ცა და ხეები,
მწვანე ხეებზე ხავერდები 
ხავსის. შენ ხვდები
ხავსებზე უკვე 
მოჭიდების აღარ მაქვს ღონე,
შენ ჩუმად დგახარ, 
ტოტებს მამტვრევ 
და მერე 
მტოვებ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი