კლასელობა
ერთმანეთს იცი სად უნდა შევხვდეთ? წვიმიან ამინდში. მე პატარა ქუჩის პატარა კაფეში უნდა შემოვარდე მთლიანად სველი, ძებნა დაგიწყო ხმაურით, მერე დაგინახო, მოგიახლოვდე, გაგიღიმო, სველი და ცივი ლოყა მოგიტანო სახესთან და გადაგკოცნო. თითქოს ერთი საათის წინ გვქონდა მეექვსე გაკვეთილი და ეხლა კაფეში შევხვდით ერთმანეთს. ფართხა ფურთხით უნდა ვიხდიდე ქურთუკს, უაზროდ ბევრს ვლაპარაკობდე, იქით აქეთ ვაცეცებდე თვალებს, რომ სადმე სველი ქოლგა მივაგდო, და რომ ვერსად ვნახავ ადგილს იქვე დავფერთხო, ისე რომ შენც გაგწუწო და გვერდით მაგიდასთან მსხდომი ადამიანებიც. მერე მოვუბოდიშო მატ ამის გამო და ქოლგა ჩანთაში ჩავტენო. ამ დროს მე მაცვია ლამაზი ფეხსაცმელი და წამწამები, რომელიც არ მაქვს, მაქვს აპრეხილი. უფრო სწორედ კი სახლიდან გამოსვლისას მქონდა აპრეხილი. როცა ბოდიალს მოვრჩები დავჯდები მაგიდასთან შენს პირდაპირ და შევამჩნევ როგორ მიცქერ ღიმილით. გამეღიმება, ვერაფერს გავიგებ და მომინდება გკითხო რა გეღიმება და ამის ნაცვლად გკითხავ როგორ ხარ და საერთოდ არ დამაინტერესებს პასუხი. კარგად შეფუთული სიმშვიდით და სილაღით გკითხავ რას შვები ბიჭო? რამდენი წელია არ შევხვედრილვართ. მერე შენ ჩვეული უცნაური ღიმილით რაღაცას მიპასუხებ და მერე ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ავეწყობით თუ არა. შეიძლება ცალ ცალკეც გამოვიდეთ კაფედან შეხვედრის ბოლოს რადგან ყველაზე კარგად აფეთქება გამოგვდის. მე გამომდის და შენ, მშვიდად, ფეხებზე მკიდია ღიმილით შეგიძლია თქვა, წადი თუ წასვლა გინდა, მაგრამ ყველაზე კარგად გეცოდინება რომ წასვლა არ მინდა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი