კოვიდ დადებითი
როცა ცხოვრებამ ჩემი სისხლის ჟელატინებში უმისამართო გემით სცადა გასეირნება, თვალის გუგებში გაიღვიძა სულის ყვავილმა, უღონოდ მშვიდმა, თეთრმა და ბროლის... უსუსტეს ხელის უფრო სუსტი მოძრაობებით ტალღებს მივენდე - ათიათას შტორმში გამოვლილს, რეცეპტორების და ლიგანდების მატროსებიც იქვე შფოთავდნენ. ეს იყო აღარც მოგზაურთა გასეირნება, არც შესვენება დიდ კრუიზში... დამღლელად გრძელი... ეს სახელების გადარქმევის გაცურვა იყო. გამოდიოდნენ გემსცენაზე თითოდ და წყვილად... თავს დამიკრავდნენ და მეტყოდნენ, - შევხვდებითო სხვა მდინარეში. იმ მდინარეში სხვა დინება გველის, ცხადია, თუნდ ზევით - ზევით... მაღლა - მაღლა ავყვეთ ქვიანებს, ოღონდ ვისწავლო - წუთისოფელს როგორ დავუსხლტე - ვით გამბუზიას, ქვირითებით მოპურმარილეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი