ლავანდის მინდვრები


სიზმარ - ცხადებს ვაყოლებ სევდის თოთო მინორებს,
სიჩუმესაც თავისი გულისფეთქვა ეწყება,
როგორ საინტერესოდ წაგიკითხავთ, მინდვრებო,
როცა ლავანდის ყდებში ჩალაგდებით წყებ - წყებად. 

დღეს ხეთათვის მინდოდა თბილი სუნთქვის მოხვევა,
მაგრამ ადამიანებს სული ვეღარ დავსხლიტე,
თვალდახუჭულს როდემდე ამიტანენ ლოცვები,
გზად რომ გულში მისხედან სახლიდან და სახლისკენ. 

მერე ყველა მარტოა. მერე, სადღაც მიღმეთში,
ჩემი მერეც ეს არის, სხვისი ჩემთან ვერხილვა,
თვალს როგორ არ დავხუჭავ, როცა
ყვითელ მინდვრებში
მივირწევი მსუბუქად, თავთუხისფერ მზეში ვარ. 

ჰოდა, ნუ გეწყინებათ, ხვალ თუ სული გაგიშვით,
მერამდენე ღამეა ვარწევ ზამთრის სიანჩხლეს,
თქვენ, რომლებიც მომდევდით ჩაუმდგარი ქარიშხლით,
როცა ,,სიყვარულს" ვწერდი უდაბნოსფერ სილაზე... 

სიზმარ - ცხადებს ვაყოლებ სევდის თოთო მინორებს,
თქვენ არ იცით, სიჩუმეს რა ხმაური ეწყება,
როგორ საინტერესოდ წაგიკითხავთ, მინდვრებო...
როცა ლავანდის ყდებში ჩალაგდებით წყებ - წყებად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი