ჩვენი წიგნი


ისევ ჩავიცვი შემოდგომის ფერთა ხავერდი,
თვალს დავხუჭავ და ვხედავ როგორ მოდიხარ ჩემკენ,
ოცნების ქოხში ვიცხოვრე და ისე დავბერდი,
შენს ჭრელ პერანგზე ერთი ღილიც ვერ დავაკერე. 

ქარს მიჰყვებიან დაუმჭკნარი ყაყაჩოები,
პეიზაჟს ცისფერ ჩარჩოსავით ამკობს ცის კიდე,
ვიქნები, ვიდრე ვიქნები და განმარტოებით
მდგარ ჩემს ქოხმახში უშენობას გამოვიტირებ. 

რა უცნაურად იწერება ეს დიდი წიგნი,
უფურცლო, უყდო, გაცრეცილი, ძველი და მძიმე,
ერთი სიცოცხლე გვეძლევა და ერთი სიკვდილი
და სიყვარული, თუ ნახე და ხელი ჩაჰკიდე... 

მზის საგალობელს შემოსძახებს ქერონა ჩიტი,
ვახელ თვალებს და ვხედავ, როგორ მიდიხარ ჩემგან,
დღეებს ყოველთვის შენი სუნთქვის მიხედვით ვთვლიდი,
ასე ვკინძავდი  უსასრულო ფიქრის კალენდარს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი