ვართ თუ არა ვართ
კონიის ზეცა ყველა ცაზე მშვენიერია... ღამის მნათობო, ვარსკვლავებში გამოგარჩიე... - თამარ დედოფალ! გურჯო ხათუნ! გხედავ, გიცანი ... სურვილს ჩაგითქვამ აბგერებულს, და შენც თუ მამჩნევ, ქარის ბარბითით მომეც ნიშანი! მე უკვე მივხვდი - არყოფნიდან - გზაზე გავდივართ... სად უკვდავების ლაბირინთებს ერთვის სინათლე. აქ იმიტომ ვარ, ამ სამყარომ გამოგარჩია აქ იმიტომ ვარ, ამ ჰაერმა დაგიმახსოვრა... შენ კი... ვინ იცის, ეს ცა უკვე დედად იწამე. მზრუნველად ექეც გუმბათოვან ნარინჯის თურბეს... შუქად ეღვრები, თითქოს ღამე მზით გადანათდა, მომეც ნიშანი - მე მოვუსმენ ქარის კლავესინს... მომეც ნიშანი - მომავლიდან მოსულ მეგობარს - და პირჯვრისწერით შევალ თურბეში. რათა ცეცხლისფერ ცის თაღის ქვეშ გითხრა მადლობა! ჩვენი ღმერთის წილ, რომ წაგართვეს, მაგრამ არ დათმე... ჩვენი მიწის წილ, საძვალედაც რომ აღარ გერგო... ჩვენი ზღვის წილაც, ქარს წვეთ - წვეთად რომ გადმოჰქონდა... და ჩვენი მზისწილ, რომ იწამე სამყაროს მნათედ. წყალობავ, ცაო, შენს წინ ისე უსუსური ვარ... როგორ ავუხსნა ამ ტურისტებს, თუ რა მატირებს... რომ შეიძლება მზე იყო და ვარსკვლავად იქცე... როგორ გეძებდი მარტოდმარტოს, მძევალ - დედოფალს, სულის მეგობარს - ძველ წარსულში... და აქ გიპოვე... რომ მერე დიდხანს მეც მეფიქრა: ვართ თუ არა ვართ... ასე ნელ - ნელა გავცდენოდი კეთილს და ბოროტს... და მწვანე ველზე, სადაც ქარი ჩამარცვლის სუბჰას... მე შენს სახელზე ცხრაჯვროვანი ფსკვნილი დამეწნა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი