შინ


გაიღვიძეთ სიზმრის თეთრო ანგელოზებო,
თითისწვერებზე დატრიალდით,
გამომილოცეთ ავი თვალის სულნაკაწრები.
შემომაცალეთ ღერა ძაფზე გამობმული ყოფის დღეები
და მტვრად მიქციეთ არაფრობის უნუგეშობა.
წყვილად ჩამკიდეთ ბამბისქულა თბილი ხელები,
ჩაშლილი ფუძე - გალავანი აღმადგენინეთ -
მუდამ ჩიტის გალობასავით ცის კენწეროს გაკიდებული.
ამაწყობინეთ ცრემლიანი ღამის ფიქრები-
შევება ცეცხლს და გამოვტაცო 
ჯაფადნაღამი პაპაჩემის 
ბეღელმუცელა ამბრის რცხილები.
ძველ თონეს რიყის ქვათეთრ ლოყებზე
ვინც შეაყინა პურის სურნელი,
ქვევრებს ძარღვები ვინც გადაუჭრა და ამოუშრო ტკბილი ბადაგი,
ქართული ჯიშის მედროშენი
კალოსავით ვინც გამილეწა,
შემაძლებინეთ, სიზმრისანო,
დღეს შევაჩვენო!
გამოიღვიძეთ წაღმა მხარის ანგელოზებო,
მეც გამიყვანეთ უსხეულო ძილ - ღვიძილიდან,
თითისწვერებზე დატრიალდით!
გამომილოცეთ მტრით მტვრადქცეულით -
გამომილოცეთ მტრით მტვრადქცეულით -
და მომახარეთ მზის ქორწილი
ჩემს ციცქნა სახლში!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი