თოვლის ფიფქები


- თოვლის ფიფქები, ქალბატონო, თქვენ რას გაგონებთ? -
მკითხა და სადღაც  გადაფრინდა მისი გონება,
ვცდილობ,გავიცნო, ფიქრიანი მზერას ვაყოლებ,
არადა, მე დღეს არ მეთოვლება!
ალბათ, მის ზამთარს ათას ცხრაას რომელიღაც წლის,
გულის ცისფერი ვულკანიდან  ცეცხლი ამოჰყვა,
აქ კი ფიქრები მეურჩება, რომ მე ვიღაცის
დღეს ჩემეული თარგი გამომყავს.
- თოვლის ფიფქები, ქალბატონო, სულ არაფერი? -
მოხუცს თვალები მივუმგვანე ანთებულ სანთლებს,
და გამახსენდა, როგორ ვდგავარ და როგორ გელი,
უშენო, ცივ და თოვლიან გზაზე.
და ვუფრთხილდები ამ სანთლების კაშკაშა ნათელს,
მოგონებების ნაპერწკლიდან სული რომ უდგას,
- დიახ, ბატონო, მე ეს თოვლი წარსულს მახსენებს,
როგორც შემთხვევით მოხვედრილ გუნდას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი