გალაკტიონთან


დღე - კამათელი ბრუნავს, ტრიალებს.
დღეს ისევ ქრიან ქარნი, სიონი.
ვარდისფერი ატმების მიჯრილ რიგს გავუყვები და გრიგალზე ვიფიქრებ, წითელი ლერწი რომ გაიტაცა ვაზის, ბუნების.
აქ არ იწყება გალაკტიონი...
წყვილი ცხენები, ეტლი სწრაფი, ზრუნვა მზიანი ...  უხსოვარ დროდან  იწყებს ბორიალს.
მეცხრე სიმფონია - ირიბსა და ალმაცერ თოვლზე დაფერფლილი ხელნაწერის გამოგლოვებაა.
ღამე - სტრიქონზე ჩამომჯდარი, ინიშნავს ცოდვებს და სტირის ერთი პოეტის ბედზე. მტრედისფერ ცაზე ირითმება ბევრი წერილი. ყოველი ღამეული საათი თრობას გვიქადის, ღვინოში თრობას...
თავზე დათეულ შემოდგომას ფიქრში გახვეული დერეფანი ადგას დარაჯად.
აქ არ არსებობს არყოფნის შიში, რადგან ცხოვრების გზა სიზმარია...
დაღლილი ქალის ლოცვა გსმენიათ? -  მთაწმინდის მთვარე ასე გლოვობს თებერვალს, ბაღში რომ კვდება თურმე შეშლილი და შავი კუბოც კვლავ მიაქვთ თოვლში.
დამცინავ ღიმილს არად ჩავთვლი პოეტის შუბლზე, ერთი სიზმარიც რომ მაჩუქოს დრომ მისეული.
წავიდა... მის ბედს კი ბევრი ნატრობს. ,,სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა" ერქვა ამ წასვლას. ანგელოზს გრძელი პერგამენტი გადაეშალა და ჩურჩულებდა: ,,მშვიდობით,მარადის!"
,, მე მოვალ სიზმარი" - შორმა ცამ წაიღო, რომ გასცრა ნისლები ქარდაქარ... მხარდამხარ მქროლავი ფოთლები ვერპოვნას ეძღვნება და ხეთა რიგებიც დაუცდიან მზეს თიბათვისას - სიყვარულისთვის.
კვლავ დაღამდება.
მერი დაიწერს ჯვარს ამ ღამეში.
ცად აალდება ტაძრის გუმბათი.
უგონო ფიცსაც ქარი წაიღებს ბეჭდების თვლებით.
ბედი ნამქერიც ამ ქარს გაჰყვება.
ვერხვის ფოთლების ამოკვნესება დასასრულია არა – ზღაპარის.
მრავალი კითხვა დაეწევა ზღვის პირად მავალს და მთვარის შუქი – ალმაცერი ღიმილს დაადნობს.
იისფერ თოვლზე სიტყვებს დაწერს მკრთალი ხელები...
რომ შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი