ქვაკაცა
ქვაკაცა, მომხვიე მზისფერი ტორები, მიწას დარდის ბელტად შეზრდილი. ღრუბლები მოედნენ ცას ზანტი ზმორებით, სითეთრე ფსკერისკენ შეზიდეს. რა ცოდვით მიჰკვრიხარ კლდეშუბლა გორაკებს, რა სისხლი გიმძიმებს მუხლებს, მდუმარედ გაჰყურებ ხევისპირ ორ-სამ ხეს, შენკბილა არყებს და მუხებს,. იციან ტყის ძილის დამფრთხობმა ყორნებმა ქვადქცევის მიზეზი შენი, გწამლობ და ხავსს გაცლი, რომ გულზე მოგება ქვა ხარ და ვერაფერს გშველი. ქვაკაცა, შემიძეხ სალი კლდის ოდაში, ვიქნები ქვისფერი სარძლო, ქარი სურვილებად ყველა ქვას რომ დაშლის, შენ ჯადოს აიხსნი ამ დროს. იქნებ თქვა, რა მზერამ გაქცია დევკაცი- რა წყევლამ, ცა-მიწის ქარგად, ცხოვრობდე ღრუბლებში და მიწას ვერ ასცდე, თან კაცი იყო და თან-ქვა. ქვაკაცა, მომხვიე მზისფერი ტორები, შემეხე, სამყაროს ხნისავ, მე გეტყვი, რა სიზმრებს ხედავენ ცოლები, როცა კაცები ჰყავთ ქვისა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი