მზის სათნოება


მზემ იყვავილა ზედაზენზე,
გვირილის ფერად,
შეხსნა გვიანი სტუმარივით
სამთავროს კარი,
უფალო, ჩემო, 
ნინოს დრომდე ვინ იფიქრებდა,
დასრულდებოდა 
ქარიშხლებით გაცი და გაიმ.
აღიგვებოდა
უძლეველი კერპთა დროება,
ცისარტყელა და შვიდი ფერი
მორთავდა მცხეთას,
რომ არა ,,ძალა ლომისა“ და
,,მზის სათნოება“,
ვინ მოუვლენდა კვართის მიწას
ძის გულისფეთქვას...
,,ხეთა კეთილთა ნაყოფმა“ შვა
რწმენა გულებში,
ფარავნის ტბასთან, მწყემსებისთვის
ჩიტი - მზეწვია,
ვით მთის ნაჟურის - წყაროს წყალთან
შებმა უღელში 
აჭიკჭიკდა და...
წმინდა ნინოს ჯვარი გვეწია.
უფალო, ჩემო,
ანდრიას და მატათას კვალზე,
ასკილის ველურ სიტურფიდან -
სვეტამდე ნათლის...
ნინომ ხელები შეაშველა,
ვით ქრისტეს, ჯვარზე...
და ჩამორეცხა, ნათლისღებით,
ცოდვები ქართლის...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი