თევდორე
,, ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოჲსა“ შესდგომია აღმართს - აღმართ, ჩქარი ნაბიჯებით, მოძღვარს მძიმე ფიქრად, დარდად გულზე მარწუხები... ადევს, როგორც მზით და ქარით, დაშაშრული ლოდი, უკან მისდევს მტრის ლაშქარი ცეცხლის შავი ბოლით. - ცხირეთისკენ, თევდორეო, მოვიტოვოთ კველთა, აკანკალებს, გეგონება დაეგესლოთ გველთა... ანაფორას ივნისის მზე შუქად ადგას კვართის, დასავლეთის ციცაბოებს შორს ჩამორჩათ ქართლი... მღვდელი მეფის შარავანდედს ხედავს გულით, წმინდას, ჯერ ადრეა, ნუ გადარდებს, ლოცავს სულიწმინდა... ღმერთთან მეფე ლუარსაბსო შენ მიასწრებ, ხუცეს, მღვდელი გახდა უასაკო, გული ყელში უცემს. სულ ცოტაც და მივედითო, სიხარულით გარბის, მტერს თევდორე ეჩვენება ვერცხლეულზე ხარბი. დასცინიან, - ,, ეს საბრალო, გვიპოვია სწორად”, მაგრამ გზასა იწროსა და ძნელგასავლელ კლდოვანს... როს მრავალნი მოლაშქრენი ფოთოლივით მოსწყდნენ, მიხვდნენ, რიხით მიმავლები გაუვალს რომ მოსდგნენ. ორად გაყო ზეცა ელვამ, უვარსკვლავო ღამის, მივედითო, ბრძანა მღვდელმა, ჩემს ღმერთამდე ლამის... სული სხეულს აესვეტა თითქოს ჯავშნად იქცა, უტკივილოდ დაეხეთქა, დაესვენა მიწას... მივედითო! - ბრძანა მღვდელმა, აელვარდა ხმალი, მივედითო! - და განიხვნა ზეცის ყველა კარი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი